სააგენტო, რომელიც უცხოური დონორების საპირწონედ შეიქმნა და რომელსაც სამთავრობო გრანტები უნდა გაეცა, 2027 წლის 1 იანვრიდან გაუქმდება.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ლიკვიდაციაზე დადგენილებას ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს, 24 ნოემბერს მოაწერა.
განკარგულების მიხედვითვე, სააგენტოს ლიკვიდაციის მიზნით შეიქმნება სალიკვიდაციო კომისია, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან:
- ზვიად ბარქაია − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე;
- თათია ნანეიშვილი − სსიპ − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − კომისიის წევრი;
- ზურაბ თოლორდავა − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ანგარიშგებისა და მეთოდოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი − კომისიის წევრი;
- ივანე ჯაფარიძე − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;
- ლევან ერიქაშვილი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი − კომისიის წევრი.
ამ კომისიამ, 2027 წლის პირველ იანვრამდე უნდა უზრუნველყოს:
- „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივების, მიმდინარე ვალდებულებებისა და კუთვნილი სამსახურებრივი დოკუმენტაციის (სათანადო საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტების) სრული ინვენტარიზაცია“;
ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი უწყების/უწყებების განსაზღვრა, რომელსაც/რომლებსაც:
- „გადაეცემა/გადაეცემათ სსიპ − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები;
- ბ.ბ) გადაეცემა/გადაეცემათ მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია (სათანადო საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტები)“;
ამავე კომისიამ უნდა უზრუნველყოს უწყების განსაზღვრა, რომელიც განახორციელებს სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს – ასეთის არსებობის/საჭიროების შემთხვევაში.
განკარგულების მიხედვით, კომისიამ უნდა მიიღოს მისი საქმიანობისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; განახორციელოს სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებები.
