ახალი ამბები

არიან ადამიანები, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ, ვინ წაიყვანონ ომში – მდინარაძე

6 დეკემბერი, 2022 •
არიან ადამიანები, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ, ვინ წაიყვანონ  ომში – მდინარაძე

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ომის პარტიის“ წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართონ უკრაინაში რუსეთთან ომში.

ამის შესახებ მან დღეს, 6 დეკემბერს, ჟურნალისტებთან განაცხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე საუბრისას. გუშინ ღარიბაშვილმაც თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში “ომის პარტიას” მიჰყავს.

მდინარაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ უკრაინაში მყოფი ყველა ქართველი მებრძოლი „ომის პარტიის“ წაყვანილია და არიან ადამიანები, რომლებიც თავის რწმენით და გმირული სულისკვეთებით იბრძვიან.

„თქვენც იცით, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში ვიღაცის მოწოდებით არიან წასულები და ვიღაცის წაყვანილები არიან, ასეთებიც არიან. არიან ადამიანები, რომლებიც თავისი გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით იბრძვიან და ასეთებიც ბევრნი დაიღუპნენ მათ შორის და მინდა სამძიმარი გამოვუცხადო თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, ყველა ახლობელს და მთელ ჩვენს ქვეყანას, რომელსაც დასაკარგი მოქალაქეები არ ჰყავს.

მესამე, თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ მაინცდამაინც ერთი მიმართულებით უნდა გაიგოთ, თქვენგან განსხვავებით, სწორად იგებს ქართული საზოგადოება. დიახ, ყველამ იცის, რომ სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ ადამიანებს, ვინ წაიყვანონ და რომანტიზება როგორ მოახდინონ ამ ამბების. ეს ხომ ასეა, მე ხომ არ ვიგონებ, თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სოფელ-სოფელ და რაიონ-რაიონ დადიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით,  „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თითოეული მებრძოლის დაღუპვას ხელისუფლების დასაზიანებელ ინსტრუმენტად იყენებენ.

„ისინი არიან ადამიანის გარდაცვალების და სიკვდილის თანამზრახველები, პიარული თანამზრახველები ამ შემთხვევაში. ეს არის რეალობა და, გულწრფელად გითხრათ, გულის სიღრმეში მჯერა და მეგულება ადამიანები ომის და ღალატის პარტიაში, რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ამბები იმისათვის, რომ პიარული დარტყმები განახორციელონ“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.


5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს მიუსამძიმრეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებისთვის მისამძიმრებისას განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები “ომის პარტიას” მიჰყავს. მისი თქმით, ომში დაღუპული ადამიანებით „ვიღაც ფარისეველი, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას“.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი