ახალი ამბები

ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლებზე განცხადებას განმარტავს

7 დეკემბერი, 2022 • 986
ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლებზე განცხადებას განმარტავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებზე საკუთარ განცხადებას განმარტავს. ღარიბაშვილის თქმით, მას არ უგულისხმია, რომ ყველა, ვინც უკრაინაში იბრძვის, „ომის პარტიის“ ორგანიზებითაა ქვეყნიდან საბრძოლველად გაყვანილი.

ღარიბაშვილის თქმით, უნდა გაიმიჯნოს, ვინც საკუთარი გულწრფელი სურვილითაა უკრაინაში წასული და ის ადამიანები, რომლებიც ღარიბაშვილის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი წევრები არიან და ფრონტიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.

ასეთად ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელს, მამუკა მამულაშვილს ასახელებს:

„რაც შეეხება ჩემს განცხადებას, მე ვინც მიცნობს, იცის ჩემი დამოკიდებულება ფორმიანების მიმართ, ვიყავი შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრი და ორჯერ პრემიერი ვარ. ჩემი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია. ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად, ეს თქვენი [ჟურნალისტების] დამსახურებაა იმიტომ, რომ ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ. თითქოს, მე ყველას, ვინც დღეს ომობს, ნაციონალური მოძრაობის წევრები ვუწოდე. მე ეს არ მითქვამს, მე ვთქვი შემდეგი – უნდა გაიმიჯნოს, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული, არიან ადამიანები კონკრეტული გვარებით და სახელებით, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და მიხეილ სააკაშვილთან.

ფაქტს გეუბნებით, არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავისი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა, მე მათზე,  რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა მათგანი წაყვანილია ნაცმოძრაობის მიერ. უნდა გაიმიჯნოს, არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ზოგიერთი მათგანი დღესაც პარტიის მოქმედი წევრია, მამულაშვილი, რომელიც არის ქართული ლეგიონის წევრი. მისი და იყო ნაცმოძრაობიდან პარლამენტის წევრი.

ეს ადამიანი ერთვება საერთაშორისო კონფერენციებზე. მე მინდა მივმართო მას, მამულაშვილს და მისნაირ ანგაჟირებულებს, მე ასე მესმის, თუ ადამიანი ომობ, ღმერთმა მოგცეს საშუალება და იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი, რა არის“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც საბრძოლველად საკუთარი მრწამსით წავიდნენ, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჯანმრთელობას და შინ მშვიდობით დაბრუნებას უსურვებს:

5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

პრემიერმა ღარიბაშვილმა, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს მიუსამძიმრა. შემდეგ კი განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები “ომის პარტიას” მიჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი