ახალი ამბები

სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები “ომის პარტიას” მიჰყავს უკრაინაში — ღარიბაშვილი

5 დეკემბერი, 2022 • 1401
სამწუხაროდ, ჩვენი თანამოქალაქეები “ომის პარტიას” მიჰყავს უკრაინაში — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული 5 ქართველის ოჯახებს მიუსამძირა და ასევე განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ომში ადამიანები “ომის პარტიას” მიჰყავს. ამის შესახებ მან დღეს, 5 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებისას ისაუბრა:

“პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი. უკვე ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ტრაგედია. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს.

ვინაიდან მათი უმრავლესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიაზე ომებში, აგვისტოს ომი იქნებოდა თუ მანამდე აფხაზეთში და სამაჩაბლოში ომები. ამიტომ, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული. და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია.

მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ვუყურებთ რა, ბოლო დღეების განმავლობაში ატეხილ აჟიოტაჟს ყველაზე მგრძნობიარე საკითხზე. ადამიანი გარდაიცვალა, ომში გარდაიცვალა და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას. ამაზე ამორალური თუ რაიმე არსებობს…

მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ, და რატომ, ამას კარგად ავხსნი – ომის დაწყების დღიდან უკრაინაში ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას. მათი ორგანიზებული არის, ეს ჩვენი, სამწუხაროდ თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


5 ქართველი მებრძოლი — ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ბადრი მარკელია — 3 დეკემბერს ბახმუტთან, რუსეთის საოკუპაციო ძალებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლთა ოჯახებს 5 დეკემბერს მიუსამძიმრეს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის აგრესიას უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედროების უკრაინაში დაღუპვაზე სამძიმარი ბოლოს გამოხატა 21 მარტს, 3 ქართველის დაღუპვიდან 4 დღის დაგვიანებით.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი