ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი აცხადებს, რომ მიტროპოლიტმა იობმა მოსკოვის პატრიარქთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეკლესიოლოგიური განცხადება გააკეთა.
კერძოდ, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა განაცხადა, რომ რუსეთის პატრიარქი კირილე ომისა და სისხლისღვრის მაკურთხებელია.
არქიმანდრიტი იერომიელის განცხადებით, მოსკოვის პატრიარქ კირილეს მიერ რუსეთ-უკრაინის ომის გამართლებით ეკლესიოლოგიური დარღვევა იკვეთება.
მისი თქმით, გაუმართლებელია ის ომი, სადაც ერთი ადგილობრივი ეკლესიის მეთაური მორალურად და სულიერად ამართლებს სამხედრო მოქმედებებს იმავე ეკლესიის ან თუნდაც სხვა ადგილობრივი ეკლესიის მრევლის წინააღმდეგ.
„მოსკოვის პატრიარქ კირილეს მიერ რუსეთ-უკრაინის ომის გამართლება და მისი „სულიერ-მორალურ“ ან „ესქატოლოგიურ“ ბრძოლად წარმოჩენა თანამედროვე მართლმადიდებლურ თეოლოგიასა და ეკლესიოლოგიაში მწვავე კრიტიკის საგნად არის ქცეული. მრავალი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის(მათ შორის რუსების), კანონისტისა და მკვლევრის შეფასებით, ეს პოზიცია მნიშვნელოვნად სცილდება კლასიკურ ეკლესიოლოგიურ ტრადიციასა და ევქარისტიულ სწავლებას და უფრო მეტად ეთნოფილეტისტურ, სახელმწიფო-ცენტრისტულ იმპერიულ მოდელს წარმოადგენს, მესამე რომის ამბიციური ნარატივით.
აქ იკვეთება შემდეგი ეკლესიოლოგიური დარღვევა: მართლმადიდებლობა არის ეკლესიური ერთობა ქრისტეში და ევქარისტიული თანაზიარება ზეეროვნული და ზეპოლიტიკურია. მით უფრო გაუმართლებელია ის ომი, სადაც ერთი ადგილობრივი ეკლესიის მეთაური მორალურად და სულიერად ამართლებს სამხედრო მოქმედებებს იმავე ეკლესიის (ან თუნდაც სხვა ადგილობრივი ეკლესიის) მრევლის წინააღმდეგ. ამდაგვარი მოწოდებები ეკლესიის სხეულის შიგნით ეთნიკურ და სახელმწიფოებრივ დაპირისპირებას აკანონებს. ეს კი შეიცავს ეთნოფილეტიზმის ნიშნებს, რომელიც 1872 წლის კონსტანტინოპოლის ადგილობრივმა კრებამ დაგმო, როგორც რასობრივი ან ეროვნული პრინციპით ეკლესიის ჩამოყალიბების პარადიგმა; როდესაც კონცეფცია „წმინდა რუსეთი“ ან „რუსული სამყარო“ (Русский мир) ეკლესიის მისიასა და საზღვრებს ეროვნულ-ცივილიზაციურ კატეგორიებს უთანაბრებს, ეს ნიშნავს, რომ ეკლესიოლოგიური საზღვრები პოლიტიკურ და კულტურულ საზღვრებს ერწყმის, რაც ეკლესიის საყოველთაობის პრინციპის რევიზიაა.
ასე ჩნდება ეკლესიის სახელმწიფოსთან სიმბიოზის უკიდურესი ფორმა, რაც არათუ სიმფონიის იდეალია ბიზანტიური გაგებით, არამედ უფრო საომარი რიტორიკის გამართლება. ამიტომაა რომ რუსული ეკლესიის ხმა ხშირად მათივე სახელმწიფოს საგარეო და სამხედრო პოლიტიკის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტად არის გადაქცეული.
აქვე ვხედავთ იმავე „რუსსკი მირისა“ და ტერიტორიების პრიორიტეტს ადამიანისა და მშვიდობის წინააღმდეგ: ინსტიტუციური იურისდიქციისა და „კანონიკური ტერიტორიის“ დაცვა უფრო მაღლა დგება, ვიდრე მწყემსმთავრული ზრუნვა მშვიდობისმყოფელობისათვის და ადამიანური სიცოცხლის ხელშეუხებლობისათვის, იმ ადამიანებისა, რომლებსაც საკუთარ სამწყსოდ და მრევლად მიიჩნევენ. ასე ვიღებთ ომის აპოლოგიას ნაცვლად მართლმადიდებლური ეკლესიური სწავლებების აპოლოგეტიკისა“, – აცხადებს არქიმანდრიტი იერომიელი.
