ახალი ამბები

საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი „შუა დერეფანს“ განავითარებენ

25 ნოემბერი, 2022 • 998
საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი „შუა დერეფანს“ განავითარებენ

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ოთხმრივ შეხვედრაში, რომელიც ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას შეეხებოდა.

ყაზახეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრა ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები.

შუა დერეფანი გულისხმობს აზია-ევროპის სავაჭრო გზას, რომელიც საქართველოზეც გადის.

როგორც სამინისტრო აცხადებს, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შუა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის. მისი თქმით, 2014 წელთან შედარებით, როდესაც პირველად დაიწყო შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო მატარებლების მოძრაობა, 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და საქართველოს გავლით ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვებმა გადააჭარბა 10 ათას TEU-ს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მნიშნელოვანია ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარება. მან ყურადღება გაამახვილა შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა, თავის მხრივ, დააფიქსირეს მზადყოფნა, ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტურობის და მიმზიდველობის გაზრდისათვის.

მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც შეეხება შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრულ კონკრეტულ აქტივობებს, კერძოდ, საუბარია დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმაზე 2022 – 2027 წლებისათვის.

გირჩევთ ნეტგაზეთის მასალას საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ტვირთბრუნვის გაზრდის შესახებ:

მასალების გადაბეჭდვის წესი