პანდემიის დასრულებისა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო ტვირთბრუნვა გაიზარდა.
შესაბამისად, იზრდება დაწოლა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის- რკინიგზაზე, საავტომობილო გზებსა და საზღვაო პორტებზე, ქვეყანას კი კვლავ არ აქვს ღრმწყლოვანი პორტი.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების კონსორციუმის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო არაფერს აკეთებს თითქმის 3 წლის წინ შეჩერებული პროექტის განსავითარებლად.
სახელმწიფოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად „კარგი დროა“, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია, თუ როდის უნდა ელოდოს საზოგადოება პორტის აშენებას, ამ ეტაპზე კვლავ უცნობია.
ტვირთბრუნვა იზრდება
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ქვეყანაში 20.4 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 1 მილიონი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაიზარდა საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების ოდენობაც და 6.3 მილიონ ტონას მიაღწია. წინა წელთან შედარებით მატება აქაც 1 მილიონი ტონაა.
წელს, გასულ წელთან შედარებით, ნავსადგურებმა ასევე უფრო მეტი კონტეინერიც გადაამუშავეს, ჯამში, 220 957 ერთეული. გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით მატება 17 149 ერთეულია.
გარდა ამისა, ბოლო 6 თვის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა:
- ფოთის პორტის მიერ გადამუშავებული ტვირთების ოდენობა 0.3 მილიონი ტონით და 3.8 მილიონი ტონა შეადგინა;
- ბათუმის პორტის მიერ გადამუშავებული ტვირთების ოდენობა 0.7 მილიონი ტონით და 2.5 მილიონ ტონას მიაღწია.
ტვირთბრუნვის მატება სახელმწიფოს შემოსავლების ზრდას ნიშნავს, რადგან გადასახადები და მოსაკრებლებიც მატულობს.
მაგალითისთვის, საქართველოს სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ- სექტემბერში გზათსარგებლობიდან მიღებული შემოსავალი 84.8 მილიონ ლარზე მეტი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 74%-იანი მატებაა.
ტვირთბრუნვის გაზრდაზე საუბრობენ დარგის წარმომადგენლებიც. ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალის მფლობელი კომპანია Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის თქმით, ტვირთბრუნვა საგრძნობლადაა გაზრდილი.
„ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენებია. თუმცა მხოლოდ რეგიონში არსებული კონფლიქტი არ გახლავთ ამის განმაპირობებელი. მაგალითისთვის, ჩვენი ტერმინალის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, საქართველოს ლოგისტიკურ დერეფანს დაემატა ახალი მიმართულება“, – აცხადებს იგი ნეტგაზეთისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში.
მისივე განცხადებით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არსებული ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარება.
„ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო დიდი ზომის გემები მივიღოთ და საგრძნობლად გავზარდოთ ტვირთის მოცულობები. თუმცა მხოლოდ პორტის აშენება საკმარისი არ არის, პორტამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურაც პარალელურად უნდა განვითარდეს და ეს ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, რომ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, ფუნქცია რეგიონში და მიმდინარე კონფლიქტის დასრულების შემდეგ შევინარჩუნოთ ის ლოგისტიკური მიმართულებები და ტვირთბრუნვა, რაც ამ კონფლიქტის დაწყებიდან გადმოვიდა ჩვენს ტერიტორიაზე“, – აცხადებს მურჯიკნელი.
ანაკლიის პორტი
ტვირთბრუნვის გაზრდაზე და შექმნილ ხელსაყრელ პირობებზე საუბრობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს შექმნილი შანსების გამოყენებისთვის.
„ქართული ოცნების ხელისუფლების გარდა, ახლა ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება საქართველოსთვის ეკონომიკური და სტრატეგიული სიკეთის მომტანია. პორტის განვითარებისთვის ახალი ტენდერის ჩატარების შესახებ საჯარო განცხადებების გაკეთების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა კვლავ არ მუშაობს იმისთვის, რომ პროექტი რეალობად იქცეს“, – აცხადებს კონსორციუმი ნეტგაზეთისთვის გაგზავნილ პოზიციის დოკუმენტში.
კონსორციუმის თანახმად, ხელისუფლებას პორტის აშენების სურვილი არ აქვს.
„ბოლო 34 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება კონსორციუმთან, არაერთხელ გაჟღერდა განცხადებები, რომ მთავრობა ერთგული იყო პორტის აშენების იდეის, თუმცა, რიტორიკის გარდა, ცოტა რამ გაკეთდა.
2021 წლის მაისში მთავრობამ განაცხადა, რომ დაიქირავა საერთაშორისო კონსალტინგ-კომპანია MTBS პროექტის სატვირთო პროგნოზისა და ბიზნეს-მოდელის განახლებისთვის. გავიდა 17 თვე, მაგრამ მთავრობას ჯერაც არ გამოუქვეყნებია კვლევის შედეგები, მიუხედავად ცხადი საჯარო ინტერესის და დოკუმენტის მნიშვნელობისა.
აგრეთვე, 2021 წლის მაისში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის მთავრობას შეეძლებოდა დაინტერესების გამოხატვის გამოცხადება და ახალი ინვესტორის არჩევა. ერთ წელიწადზე მეტი გავიდა და კვლავ ლოდინის რეჟიმში ვართ.
სულ ახლახან მთავრობამ განაცხადა, რომ პოტენციური ინვესტორებისა და პორტის ოპერატორებისგან ინტერესის გამოხატვა მიიღო. ჭორებიც კი ვრცელდება, რომ მთავრობამ შესაძლოა თავად გადაწყვიტოს პორტის განვითარების დაფინანსება. მაგრამ მაინც ვერ ვხედავთ რაიმე მოქმედებას.
ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაარწმუნა ევროკავშირი და აშშ, რომ სერიოზულად ეკიდება ანაკლიას. ეს დაპირებებიც კი თითქოს ცარიელია“, – წერია ნეტგაზეთისთვის კონსურციუმის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში.
კონსორციუმის მიხედვით, პროექტის პირველი ფაზის განვითარების შემთხვევაში პორტი ახლა უკვე შეძლებდა 900 000 კონტეინერისა და 1.5 მილიონი ნაყარი ტვირთის გადამუშავებას, თუმცა ახლა ეს შესაძლებლობები ხელიდანაა გაშვებული.
კონსორციუმის განცხადებით, “ეს არის ტრაგედია”:
- ქართველებისთვის, რომლებსაც ვერ მიიღეს სამუშაო და ეკონომიკური შესაძლებლობები პროექტიდან;
- ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც არ იღებს საგადასახადო სარგებელს, რომელსაც ეს პროექტი გამოიმუშავებდა;
- ევროპული ეკონომიკისთვის, რომელიც სარგებელს მიიღებდა აზიასთან უფრო ეფექტური ვაჭრობის გაფართოებით;
- დაბოლოს, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის დემოკრატიებისთვის, რომლებიც სარგებელს მიიღებდნენ რეგიონში რუსული ეკონომიკური ჰეგემონიის მინიმიზაციით.
ახლა არის დრო, მთავრობა სერიოზულად მოეკიდოს ანაკლიას თავისი მოქალაქეების და ეკონომიკის საკეთილდღეოდ. დროა, ცარიელი საუბარი რეალური მოქმედებებით ჩანაცვლდეს“, – აცხადებენ კონსორციუმში.
ანაკლიის კონსორციუმის პოზიცია სრულად - დააკლიკეთ
ქართული ოცნების ხელისუფლების გარდა, ახლა ყველასთვის გასაგებია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება საქართველოსთვის ეკონომიკური და სტრატეგიული სიკეთის მომტანია. პორტის განვითარებისთვის ახალი ტენდერის ჩატარების შესახებ საჯარო განცხადებების გაკეთების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა კვლავ არ მუშაობს იმისთვის, რომ პროექტი რეალობად იქცეს.
უკვე 34 თვეა, რაც მთავრობამ უკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ. ამ დროის განმავლობაში, მინისტრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სურდათ ახალი ტენდერის ჩატარება პროექტის განახლებისთვის, მაგრამ ეს განცხადებები რეალურ საქმედ არ გადაიქცა.
პროექტი რომ განხორციელებულიყო თავდაპირველი გრაფიკით, ახლა პორტის პირველი ფაზა ამუშავებული იქნებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ 900 000-მდე 20-ფუტიანი კონტეინერებისა (TEU) და 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გადამუშავებას შეძლებდა.
საქართველოსთვის ეკონომიკური სარგებელი უზარმაზარი იქნებოდა და ვაჭრობა აზიასა და ევროპას შორის ეფექტურად და რუსული გავლენის მიღმა განხორციელდებოდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გათვალისწინებით, საქართველო იქნებოდა „შუა დერეფნით“ გათვალისწინებული ტვირთების მიმღები, რაც გულისხმობს იმას, რომ აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო გზები სანქციების გამო აღარ გაივლიდა რუსეთს და ასევე უკრაინის პორტებსაც, რომლებიც დახურული ან მნიშვნელოვნად შეზღუდულია.
ამ სარგებლის რეალიზება ანაკლიის პორტის გარეშე შეუძლებელია ფოთისა და სხვა დაბალწყლიანი და მოძველებული ქართული პორტების გათვალისწინებით.
2020 წლის იანვრიდან მთავრობამ ADC-თან ანაკლიის საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა, მალევე კი ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ჯავახაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ტენდერის თარიღი დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი – ქართველი ხალხი და სხვებიც ამას კვლავ ელოდებიან.
2014 წელს, ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის შემდეგ, მთავრობამ გამოაცხადა ოფიციალური ტენდერი. ორ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, მთავრობამ პროექტი გადასცა ADC-ს (ანაკლიის განვითარების კონსორციუმს). ADC-მ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ცდილობდა ინვესტორებისა და დაფინანსების მოძიებას, სწრაფად დაიწყო პროექტის განხორციელება და 2018 წლის ბოლოსთვის დაასრულა პორტის ტერიტორიაზე გათხრები და სანაპირო პლატფორმის მოწყობა. ამ პერიოდში, როგორ ჩანს, მთავრობამ შეიცვალა აზრი ანაკლიის შესახებ და დაიწყო ობსტრუქციული კამპანია ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და პორტის განვითარების წინააღმდეგ.
ბოლო 34 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება კონსორციუმთან, არაერთხელ გახმიანდა განცხადებები, რომ მთავრობა ერთგული იყო პორტის აშენების იდეის, თუმცა, რიტორიკის გარდა, ცოტა რამ გაკეთდა.
2021 წლის მაისში მთავრობამ განაცხადა, რომ დაიქირავა საერთაშორისო კონსალტინგ-კომპანია MTBS პროექტის სატვირთო პროგნოზისა და ბიზნესმოდელის განახლებისთვის. გავიდა 17 თვე, მაგრამ მთავრობას ჯერაც არ გამოუქვეყნებია კვლევის შედეგები, მიუხედავად ცხადი საჯარო ინტერესის და დოკუმენტის მნიშვნელობისა.
აგრეთვე, 2021 წლის მაისში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის მთავრობა შეძლებდა დაინტერესების გამოხატვის გამოცხადებას და ახალი ინვესტორის არჩევას. ერთ წელიწადზე მეტი გავიდა და კვლავ ლოდინის რეჟიმში ვართ.
სულ ახლახან მთავრობამ განაცხადა, რომ პოტენციური ინვესტორებისა და პორტის ოპერატორებისგან ინტერესის გამოხატვა მიიღო. ჭორებიც კი ვრცელდება, რომ მთავრობამ შესაძლოა თავად გადაწყვიტოს პორტის განვითარების დაფინანსება. მაგრამ მაინც ვერ ვხედავთ რაიმე მოქმედებას.
ამ ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დაარწმუნა ევროკავშირი და აშშ, რომ სერიოზულად ეკიდება ანაკლიას. ეს დაპირებებიც კი თითქოს ცარიელია.
არის თუ არა რაიმე მიზეზი, ამ ხელისუფლებას დავუჯეროთ? 2021 წლის ბიუჯეტის ანგარიშში მთავრობამ აღიარა, რომ შეწყვეტილ საინვესტიციო ხელშეკრულებაზე არსებულმა არბიტრაჟმა შესაძლოა ნებისმიერი ტენდერი წარუმატებელი გახადოს.
თუმცა მთავრობა უარყოფდა ან უგულებელყოფდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დავის მოგვარების ყველა მცდელობას. მთავრობას არაერთხელ განუცხადეს, რომ სასამართლო რეფორმების წარუმატებლობა ხელს შეუშლის დასავლურ ინვესტიციებს (რომ აღარაფერი ვთქვათ ევროკავშირში გაწევრიანებაზე).
თუმცა ხელისუფლება რეალურად საპირისპირო მიმართულებით მიდის სასამართლო და დემოკრატიულ რეფორმებზე. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს ნება, განავითაროს ანაკლიის პორტი. საუკეთესო შემთხვევაში, პროექტი უბრალოდ შეჩერებულია.
ეს არის ტრაგედია:
- ქართველებისთვის, რომლებსაც ვერ მიიღეს სამუშაო და ეკონომიკური შესაძლებლობები პროექტიდან;
- ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც არ იღებს საგადასახადო სარგებელს, რომელსაც ეს პროექტი გამოიმუშავებდა;
- ევროპული ეკონომიკისთვის, რომელიც სარგებელს მიიღებდა აზიასთან უფრო ეფექტური ვაჭრობის გაფართოებით;
- დაბოლოს, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის დემოკრატიებისთვის, რომლებიც სარგებელს მიიღებდნენ რეგიონში რუსული ეკონომიკური ჰეგემონიის მინიმიზაციით.
ახლა არის დრო, მთავრობა სერიოზულად მოეკიდოს ანაკლიას თავისი მოქალაქეების და ეკონომიკის საკეთილდღეოდ. დროა, ცარიელი საუბარი რეალური მოქმედებებით ჩანაცვლდეს.
„ძალიან კარგი დრო“
საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტში „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის“ 2 მილიონ 850 ათასი ლარია გამოყოფილი. 2021 წლის ფაქტით ამ პროგრამაზე მილიონ 288 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო 2020 წელს- 703 ათას ლარზე მეტი.
მიუხედავად ახალი ინვესტორის მოძიების მცდელობისა, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის გამოჩნდება ახალი მშენებელი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ოქტომბრის თვეში აცხადებდა, რომ „ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი კონკურსის გამოსაცხადებლად ძალიან კარგი დრო იყო“.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე სატრანსპორტო დატვირთვა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალი გაიზარდა.
„სიტუაცია, რაც იყო ოთხი წლის წინ და რაც არის დღეს, აბსოლუტურად განსხვავებულია. ერთ-ერთი კომპონენტი, რატომაც წინა ინვესტორმა შესაბამისი ფინანსების მოზიდვა ვერ შეძლო, ტვირთების არქონის შემთხვევაში სახელმწიფოს გარანტიის მოთხოვნა იყო. სახელმწიფო ასეთ გარანტიას ვერ მოგცემს.
დღეს გადაზიდვების კუთხით სიტუაცია აბსოლუტურად შეცვლილია, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საქართველოს როლი როგორც სარკინიგზო, ისე საგზაო და საზღვაო ნაწილში და სწორედ ამიტომ, ძალიან კარგი დროა იმისთვის, რომ [ანაკლიის პორტის მშენებლობაზე] ახალი კონკურსი გამოცხადდეს“,- აცხადებდს გიორგი კაკაურიძე.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დღეს ძალიან ბევრი სხვადასხვა ინვესტორი გადის კონსულტაციებს ეკონომიკის სამინისტროსთან და მთავრობასთან და დარწმუნებულია, რომ „მომდევნო წელს უკვე შესაძლებელი იქნება ახალი ინვესტორის მოძიება, რომელიც არ მოითხოვს სახელმწიფო გარანტიების გაცემას იმაზე, რომ თუ ტვირთბრუნვა არ ექნება, სახელმწიფომ აუნაზღაუროს ვალები“.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს, რათა გაერკვია, თუ რა ეტაპზეა პორტთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერები, ან მიმდინარეობს თუ არა ინვესტორებთან მოლაპარაკება.
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, უწყებამ ნეტგაზეთის კითხვებს, არ უპასუხა.
საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის ერთადერთია, რომელსაც დღემდე არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი.
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.
კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 2018 წელს დატოვა.
საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational (აშშ) და TBC Hodling (საქართველო).
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
2022 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო გამარტივებული შესყიდვის გზით დახარჯავს 1 მლნ ლარს „ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურებაში“.