ახალი ამბები

NGO-ების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს – „ხალხის ძალა“

18 ნოემბერი, 2022 • 1197
NGO-ების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს – „ხალხის ძალა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებიც „ხალხის ძალას“ წარმოადგენენ, აცხადებენ, რომ კანონპროექტს მოამზადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების „მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოში მოსაქცევად“.

ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ დღეს, 18 ნოემბერს, გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ განხილვა გაიმართა, სადაც სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ იქნებ დროა, საქართველოსთან დაკავშირებით სტრატეგიას გადახედონ.

კერძოდ, ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოში ადგილი აქვს უზარმაზარ [დემოკრატიულ] უკუსვლას, მაშინ როცა აშშ მნიშვნელოვნად ეხმარება თბილისს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად.

სენატორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის დახმარების ნაწილი დამოკიდებული უნდა გახდეს საქართველოს ქცევაზე.

„ხალხის ძალის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ წევრების მსგავსად ამტკიცებენ, რომ აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი NGO-ებს მიემართებათ.

„ხალხის ძალა“, რომელიც გამოირჩევა ანტიდასავლური გზავნილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს აშშ-ის აგენტურად მოიხსენიებს.

„გუშინ ამერიკის სენატში გაიმართა დებატები საქართველოს თემაზე, სადაც ნაცმოძრაობასთან მეგობრობით გამორჩეული სენატორები ამერიკული დაფინანსების შეწყვეტით დაგვემუქრნენ. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი ენჯეოებზე არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება.

ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებსა და მათ მიზნობრიობაზე საუბარი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ რამდენიმე თვის წინ გააქტიურდა.  „ოცნების“ წევრები აცხადებდნენ, რომ NGO-ების დაფინანსების უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

თუმცა მმართველი პარტია რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ „ამ ეტაპზე  არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას არ გეგმავს“.

მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ გამორიცხავდა, რომ ხელისუფლების მიერ მათი დაფინანსების შესახებ საუბრის გააქტიურება სამომავლოდ შეიძლება ემსახურებოდეს მესამე სექტორის საქმიანობის დარეგულირებისთვის ნიადაგის მომზადებას.


1992 წლიდან დღემდე, ანუ ბოლო 30 წელიწადში, აშშ-მა საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გამოუყო.

მაგალითად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1997 წლიდან აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში საქართველოს მიღებული აქვს 445 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. მხოლოდ 2022 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი.

როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილის აღნიშვნისას განაცხადა, ამერიკა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს, შექმნას ძლიერი და უსაფრთხო დემოკრატია.

„ამერიკამ დახმარებისთვის $6 მილიარდი აშშ. დოლარი გამოუყო საქართველოს, გადაამზადა 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 6000-ზე მეტი ადამიანი ამერიკაში იმყოფებოდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. ასევე, ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ მმართველობას და სხვა მრავალ ინიციატივას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე კელი დეგნანი ვრცლად საუბრობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუშიც და აღნიშნავს, რომ .საელჩოში 30 სააგენტოა წარმოდგენილი, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ ქართველებთან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება,  გაცვლითი პროგრამები თუ სხვა.

„ასევე გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის, რაც ერთ-ერთი უმთავრესი გზაა, დავეხმაროთ საქართველოს შესაძლებლობების გაზრდაში ნატოში გასაწევრიანებლად. ასევე ვთანამშრომლობთ სამართალდაცვის, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის მიმართულებით. ახლა, ცხადია, საქართველოს დახმარებას ვუწევთ კოვიდის შემდგომი ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. USAID-ს ძალიან ძლიერი პროგრამები აქვს ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად და ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოსანახად.

დავამატებ, რომ საქართველოს მიზნები ჩვენი მიზნებია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იმას ემსახურება, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ძლიერი დემოკრატიისა და ეკონომიკის აშენებაში. და, რა თქმა უნდა, იმაში, რომ ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეძლოს“, – საუბრობს ელჩი „ამერიკის ხმასთან“.

„ნიადაგი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის?“ — რა მიზანი აქვს NGO-ების დაფინანსებაზე კითხვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი