საზოგადოება

„ნიადაგი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის?“ — რა მიზანი აქვს NGO-ების დაფინანსებაზე კითხვებს

13 სექტემბერი, 2022 • 1594
„ნიადაგი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის?“ — რა მიზანი აქვს NGO-ების დაფინანსებაზე კითხვებს

ბოლო რამდენიმე დღეა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებსა და მათ მიზნობრიობაზე საუბრობენ. მათი აზრით, NGO-ების დაფინანსების უდიდესი ნაწილი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

თუმცა მმართველი პარტია ამ ეტაპზე არ გეგმავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას.

მიუხედავად ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მიერ მათი დაფინანსების შესახებ საუბრის გააქტიურება სამომავლოდ შეიძლება ემსახურებოდეს მესამე სექტორის საქმიანობის დარეგულირებისთვის ნიადაგის მომზადებას.

რა ხდება?

„მდიდარი ენჯეოების კლანი“ — ასე ჰქვია 11 სექტმებერს „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც „იმედის კვირამ“ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს (TI), „სამართლიანი არჩევნებისა“(ISFED) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საქმიანობის შესახებ მოამზადა (საია). აღნიშნულ სიუჟეტის მიხედვით, სამივე ორგანიზაციას „აერთიანებს ის, რომ ვებგვერდზებზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ საკმაოდ მწირია“.

ამავე სიუჟეტში ჟურნალისტი ამბობს, რომ „ხარჯავს თუ არა დონორების თანხებს მიზნობრივად სამი ქართული ყველაზე გავლენიანი და ახლა უკვე ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია, რთული სათქმელია“.

სწორედ ამ კითხვაზე სცემს პასუხს ბოლო ორი დღეა „ქართული ოცნება“, რომლის მხრიდანაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ახალი არაა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ საუბარი აღნიშნული სიუჟეტის შემდეგ გაააქტიურა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოების წინაშე გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის ჩვენების „მორალური ვალდებულება“ აქვთ, რადგან ეს ორგანიზაციები „პოლიტიკური მოთხოვნებით გამოდიან და პოლიტიკურ ამბიციებს აჩვენებენ“.

თუმცა კობახიძის თანახმად, მმართველი პარტია ამ ეტაპზე არასამთავრობოებს მხოლოდ „მორალურად“ ავალდებულებს და მათი დაფინანსების წყაროების რეგულირებისათვის საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას არ გეგმავს.

„ჩვენ დიდი კითხვის ნიშნები არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არიან ისინი პოლიტიკურ აქტივობებში, საზოგადოებამ უნდა განავითაროს საკუთარი მსჯელობა ამ ყველაფერზე და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ მათი ხარჯები იყოს გამჭვირვალე.

ამის ვალდებულება დღეს მათ კანონით არ აქვთ, მაგრამ ეს არის ერთგვარი მორალური ვალდებულება. თუ საზოგადოებას ეტყვიან მეტს საკუთარი ხარჯების შესახებ, ეს იქნებოდა ძალიან კარგი და საზოგადოება საკუთარ დასკვნებს გამოიტანდა“, – განაცხადა კობახიძემ.

თუმცა იმ ფონზე, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანას რისკების მიმართ მოწყვლადს ხდის, ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ  ხელისუფლება  შეზღუდვების შემოღებისთვის ემზადებოდეს.

NGO-ების შეზღუდვების რუსულ-უნგრული გამოცდილება

არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის შეზღუდვების შემოღებაზე საუბრისას ოპოზიციის წევრებს ახსენდებათ  „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც რუსეთში 2012 წლიდან არსებობს და არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ, ავალდებულებს, უცხოეთის აგენტებად დარეგისტრირდნენ.

თუმცა კანონის მიღების შემდეგ „უცხოეთის აგენტების“ ცნება კიდევ გაფართოვდა და უცხოეთის აგენტთა კატეგორიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები, რუსეთის ცალკეული მოქალაქეები და აქტივისტებიც, რის შედეგადაც არაერთი მათგანის ფუნქციონირებას საფრთხე შეექმნა.

მიმდინარე წელს კი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ „უცხოური აგენტების“  შესახებ რუსული კანონმდებლობა  ადამიანის უფლებებს არღვევს.

არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელი დონორების კონტროლი 2017 წლიდან გამკაცრდა უნგრეთშიც. უნგრეთის კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ (24 000 ევროზე მეტს), ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „ორგანიზაცია, რომელიც უცხოურ ფინანსირებას იღებს“ და ყოველწიურად დეტალური ანგარიში წარმოადგინონ.

თუმცა, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უნგრეთის კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ძირითად უფლებებს არღვევს და ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

„გონგოებს“ მიხედონ და საკუთარ დაფინანსებას“ — ოპოზიცია

„სრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ხელისუფლებას ყველაფერი იქით მიჰყავს, რომ არასამთავრობო სექტორის მიმართ იგივე შეზღუდვები და რეპრესიები ჰქონდეთ, როგორიც რუსეთშია.

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, საქართველოში არასამთავრობო სექტორის ისეთივე „დათრგუნვა და პრესინგი“ იყოს, როგორც ეს პუტინის რეჟიმში ხდება.

სერგო ჩიხლაძე

„რაც დაიწყო პუტინმა ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წელში, როცა შეიზღუდა როგორც დაფინანსება, ასევე მათი საქმიანობა, დაერქვათ აგენტები და ა.შ. განცხადება, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე არ არის, არის სრული ტყუილი. ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ვებგვერდზე შეგიძლიათ შეხვიდეთ, სადაც აბსოლუტურად გამჭვირვალედ დევს როგორც დაფინანსება, ისე შესრულებული და მიმდინარე პროექტები, ასევე, რას ეხება ეს პროექტები და რა ოდენობით ფინანსდება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, რომელიც  ადრე საიას თავმჯდომარეც იყო, აცხადებს, რომ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს წარმოადგენენ, გამჭვირვალეობის პრობლემა არ აქვთ, მათი ფინანსები საჯაროა.

„თითოეული თეთრი საიდან შემოდის და რაში იხარჯება, საჯაროა და ყველას ვებგვერდზე უდევს. გარდა ამისა, მათი საქმიანობა ექვემდებარება აუდიტს, მაგალითად, საიაში ყოველწლიურად ვაკეთებდით აუდიტს, რომ თითოეული თეთრის ხარჯვა ყოფილიყო მიზნობრივი და ეფექტიანი. გარდა ამისა, ყველა სერიოზული დონორი, ვინც ფულს აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ უწევს ფინანსურ აუდიტს.

ასე რომ, არასამთავრობო ორგანიზაციებს ფინანსური შიში არ აქვთ, უფრო იმათ, ვინც „ქართული ოცნების“ მიერ არიან შექმნილი. ამიტომ, თავის მიერ შექმნილ „გონგოებს“ მიხედონ და საკუთარ დაფინანსებას და მის გაუმჭვირვალობას თუ შეხედავენ, უკეთესი იქნება”, — განუცხადა ნაცვლიშვილმა ნეტგაზეთს.

ნიადაგის მომზადება საკანონმდებლო ცვლილებებისთვის

თავად არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ განცხადებები არა მხოლოდ მათზე, არამედ მათ უცხოელ დონორებზე თავდასხმაცაა, რომლებიც ძირითადად სწორედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პარტნიორებს წარმოადგენენ.

როგორც საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების უკან  მათი საერთაშორისო პარტნიორები დგანან.

„ქართულ ოცნებაში“ თუ გადახედავენ, ვინ არიან ჩვენი დამფინანსებლები და ვისი პროექტები გვაქვს, ესენია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები, ასევე, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტები.

ჩვენი დაფინანსება მოდის სწორედაც ევროპიდან და მაშინ, როდესაც ისინი დაფინანსებასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს სვამენ, ისინი ფაქტობრივად  ამ ყველაფრით არაპირდაპირ თავს ესხმიან ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც. როცა ეჭვქვეშ აყენებენ იმას, თუ რა მიზნობრიობით გაიცემა ჩვენზე თანხები, დიახ, ეს არის თავდასხმა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე“, — აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

სიმონიშვილის თქმით, მათი დაფინანსების წყაროები ღიაა და ის, თუ როგორ იხარჯება ეს თანხები, ამას საერთაშორისო აუდიტორული სამსახურები ამოწმებენ.

„რაში არის დახარჯული ეს თანხები, ამის თაობაზე ჩვენს ანგარიშებშიც არის აღნიშნული. არასამთავრობო სექტორის საქმიანობაში დამალული არაფერი არ არის, როგორც ამას ხელისუფლება ხატავს. ყველაფერი არის ღია, გამჭვირვალე და შემოწმებული.

თუ ხელისუფლებას რამე კითხვები აქვს, შეუძლია ეს კითხვები ჩვენ დაგვისვას. რეალურად ხალხის სახელით ასე საუბარი, რომ თითქოს ვიღაც რამეს მალავს, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება“, — ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

ნიკა სიმონიშვილი

საიას თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  ფინანსებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებები არასერიოუზულია, საზოგადოების აღქმებზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

„როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ისე მათთან დაკავშირებული მედიები, ერთ ხმაში ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი ჩვენი მეშვეოებით აქ ცუდ საქმეებს აკეთებს და ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს.

ფაქტობრივად, ისინი ამ ანტიდასავლურ განწყობებს აღარ მალავენ, პირდაპირ ავრცელებენ და, შესაბამისად, ამ გზით ცდილობენ, რომ დასავლეთის მიმართ საზოგადოების განწყობები უარყოფითად შეცვალონ“, — აცხადებს სიმონიშვილი ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

სიმონიშვილის თქმით, იმის გამო, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი პროდასავლურადაა განწყობილი,  ამ მომენტისთვის „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ კანონი მიიღოს. თუმცა, მისი თქმით, თუ  „ქართულ ოცნებას“ გამოუვა, რომ საზოგადოების პროდასავლური განწყობები შეცვალოს, მერე უფრო მარტივად შეძლებს, რომ მსგავსი კანონი მიიიღოს.

კიდევ ერთი მიზეზად, რის გამოც ჯერჯერობით „ქართული ოცნება“ მზად არ არის ასეთი კანონის მისაღებად, სიმონიშვილი იმას ასახელებს, რომ მმართველი პარტია საერთაშორისო პარტნიორებს ასე ღიად და პირდაპირ ვერ დაუპირისპირდება.

„რეალურად, აქ არის იმის მცდელობა, რომ საზოგადოებრივი განწყობები შეიცვალოს და შეიქმნას ანტიდასავლური განწყობები. სწორედ იმისათვის, რომ თუ ამის შესაბამისი ნიადაგი იქნება საზოგადოებაში, შეცვლილი იქნება დასავლეთის მიმართ განწყობები, შემდეგ შეძლოს ისეთი კანონის მიღება, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას გააკონტროლებს.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ეს იყო საბოლოო მიზანი, თუმცა დღეს ამას ხელისუფლება ვერ შეძლებს სწორედაც იმის გამო, რომ, ფაქტობრივად, ეს იქნება პირდაპირ დაპირისპირება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და იმის გაცხადება, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ებრძვიან. ეს იქნება უკვე მათთან პირდაპირი კონფრონტაცია“, — მიიჩნევს ნიკა სიმონიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი