საზოგადოება

კობახიძის მტკიცებით, აშშ-ის დახმარება პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა

17 ნოემბერი, 2022 • 1842
კობახიძის მტკიცებით, აშშ-ის დახმარება პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ამტკიცებს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება „პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა“, რადგან მისი დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე იხარჯება.

ასე გამოეხმაურა კობახიძე აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ განხილვას, სადაც სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ იქნებ დროა, საქართველოსთან დაკავშირებით სტრატეგიას გადახედონ.

კერძოდ , ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოში ადგილი აქვს უზარმაზარ უკუსვლას, მაშინ როცა აშშ მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოს, რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად.

სენატორმა გამოთქვა მოსაზრება, რომ აშშ-ის დახმარების ნაწილი დამოკიდებული უნდა გახდეს საქართველოს ქცევაზე.

კობახიძის თქმით,  სენატში გახმიანებულ კრიტიკას ფასი არ აქვს, რადგან ის უსამართლოა.

„ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე, ამიტომ ეს ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი. ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ უსამართლო კრიტიკა, რასაც ჩვენთვის ფასი არ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არაა, დააფინანსებს თუ არა აშშ, კობახიძე კვლავ იმეორებს:

„NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა,  ამაზე ინერვიულონ NGO-ებმა, ჩვენ რატომ უნდა ვინერვიულოთ. ძირითადად ეს არის NGO-ების დაფინანსება, უდიდესი ნაწილია მათი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იღებენ დაფინანსებას, კობახიძე პასუხობს:

„ძირითადად არის NGO-ები. მე ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან მოსმენილი მაქვს, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი NGO-ების გავლით მუშაობენო. ეს აქვს აშშ-ის ერთ-ერთ ყოფილ ელჩს ნათქვამი და არა მე. პრაქტიკულად იგივეს ვიმეორებ, NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ NGO-ებმა“, – განაცხადა კობახიძემ.


1992 წლიდან დღემდე, ანუ ბოლო 30 წელიწადში, აშშ-მა საქართველოს 6 მილიარდ აშშ დოლარის დახმარება გამოუყო.

მაგალითად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1997 წლიდან აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების ფარგლებში საქართველოს მიღებული აქვს 445 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. მხოლოდ 2022 წელს საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი.

როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილის აღნიშვნისას განაცხადა, ამერიკა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს, შექმნას ძლიერი და უსაფრთხო დემოკრატია.

„ამერიკამ დახმარებისთვის $6 მილიარდი აშშ. დოლარი გამოუყო საქართველოს, გადაამზადა 20 000-ზე მეტი ჯარისკაცი, 6000-ზე მეტი ადამიანი ამერიკაში იმყოფებოდა კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. ასევე, ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ მმართველობას და სხვა მრავალ ინიციატივას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე კელი დეგნანი ვრცლად საუბრობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუშიც და აღნიშნავს, რომ .საელჩოში 30 სააგენტოა წარმოდგენილი, რომლებიც წლების მანძილზე მუშაობენ ქართველებთან ბევრი მიმართულებით, იქნება ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება,  გაცვლითი პროგრამები თუ სხვა.

„ასევე გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის, რაც ერთ-ერთი უმთავრესი გზაა, დავეხმაროთ საქართველოს შესაძლებლობების გაზრდაში ნატოში გასაწევრიანებლად. ასევე ვთანამშრომლობთ სამართალდაცვის, სასაზღვრო და სანაპირო დაცვის მიმართულებით. ახლა, ცხადია, საქართველოს დახმარებას ვუწევთ კოვიდის შემდგომი ეკონომიკური გაძლიერების კუთხით. USAID-ს ძალიან ძლიერი პროგრამები აქვს ეკონომიკური დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად და ქართული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოსანახად.

დავამატებ, რომ საქართველოს მიზნები ჩვენი მიზნებია და ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იმას ემსახურება, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ძლიერი დემოკრატიისა და ეკონომიკის აშენებაში. და, რა თქმა უნდა, იმაში, რომ ქვეყანამ საკუთარი ტერიტორიის დაცვა შეძლოს“, – საუბრობს ელჩი „ამერიკის ხმასთან“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი