ახალი ამბები

სტატუსმეტრი: 2 ნაბიჯი ნაწილობრივ შესრულდა, 7 შეუსრულებელია

11 აპრილი, 2024 • 564
სტატუსმეტრი: 2 ნაბიჯი ნაწილობრივ შესრულდა, 7 შეუსრულებელია

12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციამ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ლიდერობით, მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელების შეფასებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა სერიოზული ქმედებები 9 ნაბიჯის შესასრულებლად. ანგარიშის თანახმად, 7 ნაბიჯი ჯერ კიდევ შესასრულებელია; ნაწილობრივ შესრულებულია მეორე (ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის გაუმჯობესება) და მეშვიდე (ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა) ნაბიჯების თვალსაზრისით.

ჩამოშალეთ: რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ?
  1. ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლა;
  2. ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;
  3. პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, განსაკუთრებით იმ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება;
  4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა – განსაკუთრებით 2024 წელს – და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
  5. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
  6. ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;
  7. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მეტად უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. შედგეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებების ფართო მონაცემთა ბაზა;
  8. დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
  9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება 9 ნაბიჯის შესასრულებლად, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსული კანონის მიღების მცდელობა, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხერგავს“, — მიიჩნევენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები.

სტატუსმეტრის ავტორები არიან:

  1. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი;
  2. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  3. რონდელის ფონდი (GFSIS);
  4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  6. სასამართლოს გუშაგი;
  7. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC);
  8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  9. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC);
  10. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI);
  11. საქართველოს დემოკრატიული ინციატივა (GDI);
  12. საფარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი