აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონმა უნდა გადახედოს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.
„რეალობა, როგორც აღნიშნეთ, შემდეგია: საქართველოში ადგილი აქვს უზარმაზარ უკუსვლას. ჩვენ მნიშვნელოვნად ვეხმარებით საქართველოს, რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, რომ ამ დახმარების ნაწილი დამოკიდებული უნდა გავხადოთ საქართველოს ქცევაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდისას, დამარწმუნეს, რომ შეიძლება, ეს კარგი [ნაბიჯი] არ არის. თუმცა, იქნებ, დროა, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით?“, – მიმართა სენატორმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდს.
დონფრიდმა უპასუხა, რომ, აშშ-მა გამოხტა შეშფოთება ზოგი ქართველი პოლიტიკოსის მოქმედებებსა და განცხადებებზე, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ისინი არ გამოხატავენ ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს.
„ვფიქრობ, პოლიტიკის შეფასება ყოველთვის კარგია და მზად ვარ, ეს საკითხი თქვენთან უფრო დეტალურად განვიხილო. თქვენთვის ცნობილია მიზეზები, რატომაც გვინდა, არსებული კურსი შევინარჩუნოთ. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება ზოგი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებასა და მოქმედებაზე. როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, რომ ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის [აზრს]“, – თქვა დონფრიდმა.
შაჰინმა, თავის მხრივ, უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობამ უკან დაიხია ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსის მიღების დაპირებაზე. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა მთავრობას „მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოსთხოვოს“.
„გეთანხმებით, მაგრამ ფაქტია, რომ ახლანდელმა მთავრობამ საზოგადოებას განუცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი უმთავრესი დაპირებაა. მთავრობამ ეს ასევე უთხრა აშშ-სა და ევროპულ საზოგადოებას. ნათელია, რომ მათ უკან დაიხიეს ამ დაპირებაზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დავფიქრდეთ ვარიანტებზე და ვცადოთ, მათი პასუხისმგებლობა დავაყენოთ, ვაჩვენოთ, რომ ამას შედეგები აქვს და ზოგი შედეგი შეიძლება ეხებოდეს დახმარებას.
სრულიად გეთანხმებით, რომ დამნაშავე არა ქართველი ხალხი, არამედ მთავრობაა. თუმცა, რაღაც მომენტში, [ხალხმა] მთავრობას მეტი ანგარიშვალდებულება უნდა მოსთხოვოს“, – განაცხადა შაჰინმა.