ახალი ამბები

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა უნდა დასრულდეს — NGO-ები

14 აპრილი, 2024 • 1363
საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლა უნდა დასრულდეს — NGO-ები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ საჯარო სამსახურში დასაქმებულებს და ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყვიტონ მათზე პარტიული ინტერესით ზეწოლა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი, 13 აპრილს გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების მიერ საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე ზეწოლას, რათა მათ პარტიული დავალებები შეასრულონ და, მათ შორის, ევროინტეგრაციის დამაზიანებელი დეზინფორმაცია გაავრცელონ. სამოქალაქო საზოგადოების შეფასებით, ეს შეურაცხყოფს საჯარო მოსამსახურეებს, ლახავს მათ ღირსებას და ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპს.

„საჯარო სექტორში ათასობით პატრიოტი მოქალაქეა დასაქმებული და მათი ძალისხმევა, ხშირად შეუსაბამო ანაზღაურების პირობებშიც, უკეთესს ხდის ჩვენს ცხოვრებას“, — აცხადებენ  არასამთავრობო ორგანიზაციები.

დღეს, როდესაც საქართველო მნიშვნელოვან გზაგასაყარზე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულებს სამსახურებრივი ვალდებულების ნაცვლად, პარტიული დავალებების შესრულებას აიძულებს. კერძოდ, მათგან ითხოვენ, იმოქმედონ საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ და სოციალურ ქსელებში ორგანიზებულად აზიარონ „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი, ანტიდასავლური გზავნილებით სავსე პროპაგანდისტული ვიზუალები.

„ჩვენო თანამოქალაქეებო, გვესმის, რომ თქვენთვისაც ცხადზე ცხადია, თუ ვინ დგას რუსული კანონის მხარეს — ხელისუფლება და იწონებს პესკოვი — და ვინ დგას ევროკავშირის მხარეს — მთელი ქართული საზოგადოება, ჩვენი შვილები, ჩვენი ხელოვანები, ჩვენი სპორტსმენები, ჩვენი მეცნიერები, ჩვენი ექიმები, ჩვენი პედაგოგები, ჩვენი ხალხი. ჩვენ გვერდით დგას ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი, აშშ, ევროკავშირი და ცივილიზებული სამყარო“, — ნათქვამია განცხადებაში. გვწამს, რომ როგორც ყოველთვის, თქვენ ევროპული მომავლის მხარეს ხართ.
ძვირფასო მოხელეებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ. ჩვენი სურვილია თქვენ არ დაზიანდეთ, არ გახდეთ სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების მსხვერპლი. ხოლო თუ ასეთი რამ მაინც მოხდება, ჩვენ, როგორც წარსულში, ახლაც მზად ვართ, გვერდით დაგიდგეთ“, — ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო სექტორის მხარდამჭერ განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:

  1. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  2. დემოკრატიის მცველები
  3. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  4. თაობათა გაძლიერების ქსელი (GEN)
  5. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  6. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი (RRG)
  7. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
  8. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  9. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  10. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  11. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  12. სასამართლოს გუშაგი (Court Watch)
  13. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  14. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  16. უფლებები საქართველო
  17. ფემეა
  18. ყვარლის ევროკლუბი
  19. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT

მასალების გადაბეჭდვის წესი