გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს „რუსთავის ფოლადი“ შეამოწმეს და დაადასტურეს, რომ კომპანია აბინძურებს რუსთავის ჰაერს.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, კომპანია ვალდებული იყო, საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დაცვით განეხორციელებინა.
„ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიის
მიერ გარკვეული ვალდებულებები შესრულებული არ არის, მათ შორის, საამქროში არსებული ძველი დანადგარები არ არის აღჭურვილი ასპირაციისა და გამწმენდი სისტემებით, რაც იწვევს არაორგანიზებულ გაფრქვევას ატმოსფერულ ჰაერში;
ზოგიერთ აგრეგატზე და მოწყობილობებზე დარღვეულია ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილე დანადგარების ჰერმეტულობა; დარღვეულია ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნები“, — აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
უწყების ინფორმაციით, ინსპექტირების პროცესი გრძელდება. საწარმოს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა და გატარდება კანონით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება.