ახალი ამბები

გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მატებაზე

13 მარტი, 2024 • 866
გარემოს სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების მატებაზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობა 13 მარტიდან მოიმატებს. აღნიშნულის მიზეზად ორგანიზაცია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას ასახელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს თქმით, დაბინძურება სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

„აღსანიშნავია, რომ ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე“ ,— აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

Pm10 ჰაერში 10 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე, ხოლო PM2,5 — ჰაერში 2,5 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაწილაკების არსებობას გულისხმობს. ორივე მიკროსკოპული ზომის მყარი ნაწილაკებია, რომლებიც სასუნთქი გზების გავლით ფილტვებში ილექება და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ჰაერში მათი გადაჭარბებული რაოდენობით არსებობა ადამიანების ჯანმრთელობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი