ახალი ამბები

ჰაერის დაბინძურება: რუსთავის 11 მცხოვრებელი სახელმწიფოს უჩივის

10 თებერვალი, 2022 • 1648
ჰაერის დაბინძურება: რუსთავის 11 მცხოვრებელი სახელმწიფოს უჩივის

საზოგადოებრივი მოძრაობის “გავიგუდე” ინფორმაციით, რუსთავის 11-მა მოქალაქემ სახელმწიფოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული კანონი, რომელიც სახელმწიფომ თითქმის ერთი წლის წინ მიიღო, არ სრულდება და მათი ჯანმრთელობა  ზიანდება.

ისინი პასუხისმგებლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებულ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს აკისრებენ და სიმბოლურად 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის “გავიგუდე” წარმომადგენლებმა დღეს, 10 თებერვალს გააკეთეს:

“ვითხოვთ მორალური ზიანის ანაზღაურებას, რადგან ყოველდღიურად გვიწევს სტრესში ცხოვრება იმ პირობების გამო, რასაც სახელმწიფოს უმოქმედობა გვიქმნის. რუსთავში ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი გაუმართავი საწარმოო პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ კანონი თითქმის ერთი წელია ძალაშია შესული, ისევ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ძალიან დაბალი ტემპებით მიმდინარეობს ცვლილებები.

ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გზით ეს პროცესი დაჩქარდება და მოქალაქეებს აღარ მოგვიწევს ყოველდღიურად ჯანმრთელობისთვის მავნებელ გარემოში ცხოვრება. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გავლენა, ეს გავლენას ახდენს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზეც, რადგან ჩვენი და ჩვენი ოჯახის ჯანმრთელობა ყოველდღიურად საფრთხის ქვეშაა”, – განმარტა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

აღნიშნული სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო და სხდომა 2022 წლის 3 მაისს ჩაინიშნა.

იურისტი, ცირა რატიანი, რომელმაც აღნიშნული სარჩელი მოამზადა, აცხადებს, რომ 2021 წელს გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველომ “საკმაოდ ბევრი” საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლის რეალობაში გატარების შემთხვევაში, ვითარება შეიცვლებოდა როგორც რუსთავში, ასევე ყველა იმ ქალაქში, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემა დგას.

“კანონმდებელმა, პარლამენტმა მიიღო კანონი, მისი აღსრულების ვალდებულება სახელმწიფოს ეკისრება, რომელსაც ამ მხრივ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის მოპასუხე უწყება, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს კანონის აღსრულება, რომელიც სარჩელის შეტანის მომენტისთვის – 2022 წლის 31 იანვრისთვის, აღსრულებული არ იყო. ასევე, დღევანდელი მდგომარეობითაც არ არის აღსრულებული.

ჩვენ ვითხოვთ მორალურ კომპენსაციას. ჩვენ არ ვითხოვთ ბოდიშის მოხდას, ვინაიდან მხოლოდ ბოდიში ნამდვილად არ არის საკმარისი იმ რეალობისთვის, რა რეალობაშიც რუსთავის მოსახლეობას უწევს ცხოვრება”, – განაცხადა რატიანმა.

მისი თქმით, სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია და შელახულია ადამიანის ღირსება. რატიანის განმარტებით, მოსარჩელეებს კანონის არაღსრულების გამო გადაადგილების თავისუფლებაც ეზღუდებათ. რადგან ჰაერი იმდენად დაბინძურებულია, რომ ისინი თავს იკავებენ საღამოს საათებში გასეირნებისგან, ბავშვების გარეთ გაყვანისგან. რატიანის თქმით, რუსთავში არა მხოლოდ გამონაბოლქვი, არამედ სპეციფიკური სუნიც დგას.

“სახელმწიფომ უნდა აგოს პასუხი. მიიღო კანონი და ვერ აღასრულა. არაა საკმარისი, რომ ვაცადოთ, დრო მივცეთ, პანდემიაა, დაამონტაჟებენ [სპეციალურ აპარატურას], შეიცვლება ვითარება, ცოტაც მოითმინეთ… როდემდე მოვითმინოთ? შეიძლება მოვითმინოთ, როდესაც არ არის კანონი. როდესაც არსებობს კანონი, ჩვენ არავითარი თმენის ვალდებულება არ გაგვაჩნია”, – ამბობს იურისტი.

“გავიგუდე”-ს წარმომადგენლის განცხადებით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით, 24 საწარმოდან, რომელთაც ახალი რეგულაციები ეხებათ, ვალდებულება მხოლოდ ერთ საწარმოს აქვს შესრულებული და მხოლოდ სამმა საწარმომ შეიტანა განაცხადი ინსტრუმენტული უწყვეტი თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში ჩართვის შესახებ, მათ შორის ერთი დაკმაყოფილდა, ერთს შეუსაბამობების გამო ეთქვა უარი, ერთი კი განხილვის პროცესშია.

ქალაქი, სადაც წელიწადის 273 დღის განმავლობაში სუნთქვა სახიფათოა

მასალების გადაბეჭდვის წესი