საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რუსთავში მდებარე საწარმოთა უმეტესობა გამწოვ სისტემებსა და ფილტრებს აყენებს.
მან ეს განცხადება პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის საათის ფორმატის დროს განაცხადა.
„გარემოსდაცვითი ზედამხვედლობის დეპარტამენტმა გასულ წლებში ჩაატარა ყველა მსხვილი საწარმოს ინსპექტირება. ქვეყნის მასშტაბით 85-მდე მსხვილ საწარმოში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა დიდი ნაწილი უკავშირდებოდა ფილტრებისა და სათანადო გამწოვი სისტემის არქონას.
ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გასულ წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში. ჩვენ მიერ ახალი სტანდარტების დაწესების შემდეგ, საწარმოებმა დაიწყეს კომპლექსური პრობლემების მოგვარება.
ქალაქ რუსთავში საწარმოების უმეტესობაში მიმდინარეობს თანამედროვე ფილტრებისა და გამწოვი სისტემების მონტაჟი და აგრეთვე თვითმონიტორინგის სისტემის განლაგება. საწარმოთა დიდ ნაწილში ამ სისტემების განლაგება დაგეგმილია უახლოეს თვეებში“, – განაცხადა შამუგიამ.
რუსთავის ჰაერი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებულია საქართველოში. ჰაერის დაბინძურების უშულო პროცესიც და შედეგიც აქ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – ქალაქის საწარმოებიდან თითქმის ყოველდღე ჟანგისფერი კვამლი და მტვერი გამოდის, რომელიც საბოლოოდ ხვდება მოქალაქეთა ფილტვებში.