ახალი ამბები

რუსებს ხერსონში თავდაცვის სამი ხაზი აქვთ აგებული — სამხედრო ექსპერტი

29 აგვისტო, 2022 • 887
რუსებს ხერსონში თავდაცვის სამი ხაზი აქვთ აგებული — სამხედრო ექსპერტი

სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი აცხადებს, რომ რუს ოკუპანტებს ხერსონის ოლქში თავდაცვის სამი ხაზი ჰქონდათ გამაგრებული.

დღეს უკრაინულმა მედიამ „კახოვკის“ მებრძოლზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა მხარემ ხერსონის ოლქში რუსული დაცვის პირველი ხაზი გაარღვია.

„ყველას გაგვიხარდა, მაგრამ დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი წინსვლის შესახებ. მაშინვე დაიწყო კითხვები იმის შესახებ, თუ როდის ავიღებთ ხერსონს, როდის გავათავისუფლებთ და ა.შ. შეგახსენებთ, რომ ხერსონის მიმართულებით მტერმა თავდაცვის სამი ხაზი ააგო. ჯერჯერობით ვსაუბრობთ პირველი მათგანის გარღვევაზე. თუმცა ჩვენ გვაქვს გამოცდილება. მაშინ მივაღწიეთ მესამეს. დაველოდოთ“, — განაცხადა ჟდანოვმა ვიდეომიმართვაში.

მან საზოგადოებას მოუწოდა, დაელოდოს ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად გაარღვიეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების დაცვა და რა იყო ეს გარღვევის შედეგი: არტილერიისა და ავიაციის მუშაობა თუ მთლიანობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებები.

უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება უკრაინის სამხრეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე არ გაუკეთებია. პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა მოუწოდა პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, „არ ისპეკულირონ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ან უკრაინის თავდაცვის ოფიციალური პირების განცხადებებამდე“.

„ასევე, ვთხოვ ჟურნალისტებს, დღესაც და მომავალ დღეებშიც, განსაკუთრებული სიფრთხილით გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები და სპიკერების ექსპერტიზა“, – განაცხადა პოდოლიაკმა, თუმცა მანვე დაწერა, რომ დღეს რუსეთთან მოლაპარაკების ერთადერთ შესაძლო ვარიანტს უკრაინის სპეციალური დელეგაცია აწარმოებს ფრონტის ხაზის სამხრეთ და სხვა მიმართულებებში.

„მოლაპარაკებები“ კარგად მიდის. ჩვენ ველოდებით ახალ „კომპრომისებს“ „კეთილგანწყობის ჟესტების“ სახით“, — დაწერა მან.

„ხერსონი უკრაინაა. წინ ჩვენი ხერსონია“, – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ტელეგრამზე ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი.

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში რუსების ბაზა გაანადგურეს და დაარტყეს ბერისლავსკის მანქანათმშნებელ ქარხანას, რომელშიც რუსეთის არმიას ტექნიკა და საბრძოლო მასალები ჰქონდა და ცოცხალი ძალა ჰყავდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების ხმა ისმოდა ანტონოვსკის ხიდზე. ანტონოვსკისა და ნოვა კახოვკის ხიდები უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შედეგად დაზიანებულია და მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის გამოიყენება.

CNN კი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო კონტრშეტევის წინარე ოპერაცია.

კონტრშეტევის წინარე ოპერაცია არის სტანდარტული სამხედრო ოპერაცია დიდი შეტევის წინ და ითვალისწინებს სამეთაურო შტაბებზე, ამუნიციის საცავებსა და სხვა ობიექტებზე თავდასხმას.

ოფიციალური პირების თანახმად, კონტრშეტევა, რომელსაც უკრაინული მხარე წამოიწყებს, ასევე გააერთიანებს საჰაერო და სახმელეთო კომპონენტებსაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დიდი დანაკარგი განიცადეს მიკოლაივის და ხერსონის რეგიონებში სამი მიმართულებით წარუმატებელი შეტევის დროს.

„განადგურდა 26 უკრაინული ტანკი, 23 ქვეითი საბრძოლო მანქანა, კიდევ ცხრა ჯავშანტექნიკა, ჩამოაგდეს ორი სუ-25 შემტევი თვითმფრინავი. მოწინააღმდეგემ 560-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

უკრაინა კონტრშეტევის წინარე ოპერაციას იწყებს – CNN

მასალების გადაბეჭდვის წესი