ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კადრების კრიზისი ცხინვალში | გაგლოევით იმედგაცრუებულთა რიცხვი იზრდება

29 მაისი, 2022 • 2208
კადრების კრიზისი ცხინვალში | გაგლოევით იმედგაცრუებულთა რიცხვი იზრდება

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ამ დრომდე ვერ დააკომპლექტა მთავრობა და ვერ მოძებნა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატი. საზოგადოებაში მის მიმართ განწყობები იცვლება, რაც ვადის ამოწურვამდე თანამდებობის დატოვების ალბათობას ზრდის.

საქმე ის არის, რომ გაგლოევმა ვერ გაუყო თანამდებობები მათ, ვინც არჩევნებში მხარში ედგა. ამასთან, ის ცდილობს თავიდან აირიდოს კონფლიქტი ამომრჩეველთან, რომელსაც კატეგორიულად არ სურს იხილოს თანამდებობებზე მისთვის მიუღებელი პერსონები.

გაგლოევის მთავარი ამოცანაც ისაა, მოიშოროს თავიდან წინამორბედის საკადრო მემკვიდრეობა, პირველ რიგში კი, მისი “სამურაები” ძალოვან სტრუქტურებში. 

მისი წინამორბედი ანატოლი ბიბილოვი ადამიანებს სიფრთხილით არჩევდა. უმნიშვნელო თანამდებობაზეც კი შეუძლებელი იყო მისი თანხმობის გარშე დანიშვნა, კადრებთან მუშაობას არავის ანდობდა. შერჩევა ხდებოდა პირადი ერთგულების პრინციპით. არალოიალურები ან პოლიტიკურ ოპონენტებთან კავშირში შემჩნეულები დაუყოვნებილივ დათხოვნილი იყვნენ. ერთგულები კი პრეზიდენტის მფარველობით სარგებლოდნენ. 

ბიბილოვის პრეზიდენტობის ბოლო დღემდე განსაკუთრებული რუდუნებით მიმდინარეობდა საკადრო სელექცია ძალოვან სტრუქტურებში. უკანასკნელი დანიშვნები შსს-ში ბიბილოვმა უკვე არჩევნებში დამარცხების შემდეგ და გაგლოევის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე განახორციელა.

ბიბილოვი, თავის წარმოდგენაში, რჩეულთაგან თითქოს პრივილეგირებულ ფენას ქმნიდა. კვაზითავადები კი ყველა სიკეთით სარგებლობდნენ და მხოლოდ მას ემსახურებოდნენ. ამასთან, რაც არ უნდა მძიმე დანაშაულები ჩაედინათ, ხელუხლებელი რჩებოდნენ. ძალოვნების არაფორმალურ პრივილეგიებს შორის იყო მაგალითად, ნებართვები ბრაკონიერობასა და კალმახზე თევზაობაზე.

ექსპრეზიდენტის მსოფლმხედველობის გაგებაში ერთი ისტორია დაგვეხმარება. აფხაზეთის პრეზიდენტის, სამხრეთ ოსეთში ასლან ბჟანიას ვიზიტის პროგრამაში შედიოდა პუნქტი “ანატოლი ბიბილოვის საგვარეულო აგარაკის მონახულება” – საუბარი იყო ქსნის ერისთავების რეზიდენციაზე. 

2021 წლის 5 ოქტომბერს, როდესაც დეპუტატებმა პრეზიდენტი მიიწვიეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მოეთხოვათ გენერალური პროკურორის გათავისუფლება, ბიბილოვი შსს-ს ორასი შეიარაღებული პირით მივიდა. ეს იყო ძალის დემონსტრაცია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.

ამიტომაც სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ გაგლოევი მუშაობას დაიწყებდა უშიშროებაში, შსს-სა და გენერალურ პროკურატურაში საკადრო წმენდით. ძალოვან სტრუქტურებში ბიბილოვის “სამურაები” დაითხოვეს, მათი ადგილები კი იმ ოფიცრებმა დაიკავეს, ვის ლოიალობაშიც გაგლოევს ეჭვი არ ეპარება.

ვაკანტურად რჩება გენერალური პროკურორის პოსტი. ეს თანამდებობა წამყვანია. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონფიგურაციაში გენერალური პროკურორი პრეზიდენტის “ერთგული მცველი ძაღლი”, ნდობით აღჭურვილი პირია. გარდა ამისა, მისგან პოლიტიკური სიტუაცია პროფესიონალიზმსა და ენერგიას მოითხოვს. პრეზიდენტმა გაყარა უწყების თითქმის მთელი აქტივი და ახალ გენერალურ პროკურორს მოუწევს ორგანოს თავიდან დაკომპლექტება. თუმცა, როგორც ჩანს, გაგლოევმა შესაფერისი კანდიდატი ჯერ ვერ მოძებნა.

ამასობაში გაგლოევი ცაიტნოტშია, პოლიტიკური ოპონენტები კადრების შესარჩევად დროს არ მისცემენ.

“ბიბილოველები” მიიჩნევენ, რომ მათი დამარცხება  შემთხვევითობაა, ნაწილობრივ კი, მოსკოველი კურატორების ღალატი, რომელთაც გაგლოევი არჩევნებამდე დაუშვეს. ბიბილოვის შტაბიდან გავრცელებული ინფორმაციით, ისინი არ აპირებენ გულხელდაკრეფილ ჯდომას და შეცდებიან გაგლოევი ჯერ კიდევ მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გაუშვან.

დაახლოებით გასაგებია მოსალოდნელი ბრძოლის სტრატეგიაც. პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური ხაფანგები, სიტუაციის მოდელირება, სადაც გამოუცდელმა პრეზიდენტმა შეიძლება შეცდომა დაუშვას. ასე მოხდა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის განკარგულებაზეც, რომელსაც პრეზიდენტობის ბოლო დღეებში ბიბილოვმა ხელი მოაწერა და ახალი ხელმძღვანელი რთულ სიტუაციაში ჩააყენა.

ცხადია, ბიბილოველები მოიაზრებენ საკუთარი რიგების ახალი მოკავშირეებით შევსებას, მათ შორის გაგლოევის ბანაკიდან დევნილებისთვის, რომლებსაც ახალ კონფიგუარაციაში თანამდებობები არ ერგოთ. 

სრულიად მოსალოდნელია ანატოლი ბიბილოვისა და ედუარდ კოკოითის გაერთიანებაც.

მოსკოვმა კოკოითის არ აპატია მისი მცდელობები, დარჩენილიყო მესამე ვადით 2011 წელს. არ აპატია კრემლის პროექტის გააზრებული ჩაგდება, როდესაც 2011 წლის ნოემბერში ბიბილოვი უნდა აერჩიათ პრეზიდენტად. ბიბილოვის დამარცხების შემდეგ კი მოსკოვს მხოლოდ ის რჩებოდა, ალა ჯიოევას გამარჯვება ჩაეშალა, რამაც, თავის მხრივ, პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია.

2010 წელს ხმამაღალი სკანდალი მოჰყვა კოკოითის ბრძოლას რუსეთის ეკონომიკის სამინისტროსთან რუსულ ტრანშებზე კონტროლის მისაღებად. კოკოითიმ გაასაჯაროვა რუსული კოლოსალური დახმარების ქურდობა სამხრეთ ოსეთში, რითაც ჩრდილი მიაყენა კრემლისთვის მნიშვნელოვან საიმიჯო პროექტს – სამხრეთ ოსეთის ომის შემდეგი აღდგენა. 

მას შემდეგ კრემლს სამხრეთ ოსეთის პოლიტიკაში კოკოითის დანახვა არ სურს.

კოკოითის არ უშვებენ არჩევნებზე, არ აძლევენ ნებას დაარეგიტრიროს პარტია სამხრეთ ოსეთში. აკრძალვების მიუხედავად, მთელი ეს წლები იგი დიდ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე – ადგილობრივი საზომით მას მნიშვნელოვანი ელექტორატი ჰყავს.

შესძლოა კრემლი არ იყოს წინააღმდეგი, თუკი კოკოითი ბიბილოვის რიგებში ადგილით დაკმაყოფილდება. ჩანს, რომ არც კოკოითია წინააღმდეგი, ბიბილოვის კარზე იმსახუროს. არჩევნებამდე ბიბილოვმა იგი დანიშნა დონბასში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლად. 

ბიბილოვის აქტივშიც დიდი პოლიტიკური კაპიტალია – პარლამენტში ხმათა უმრავლესობა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა მისი ერთგული თანამებრძოლია სასამართლო სისტემაში, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე რჩება პოსტზე.

ბიბილოვს ასევე სოლიდური მხარდაჭერა აქვს მოსკოვში. ცნობილია, რომ მას მფარველობს ანდრეი ტურჩაკი – ფედერაციის საბჭოს პირველი მოადგილე და პარტია “ედინაია როსიას” გენერალური საბჭოს მდივანი.

ამასთან, მისი პოლიტიკური რეჟიმის ე.წ. ბენეფიციარები დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ისინი, პრეზიდენტობის დროს, ბიბილოვმა რამდენიმე საბიუჯეტო ადგილზე დაასაქმა. თუკი რუსული აუდიტის შედეგებით ვიხელმძღვანელებთ, ორ ათასზე მეტი ადამიანზე 2-9 სამსახურამდე იყო გაფორმებული. 

ყოველივე ეს ხდება კოლოსალური უმუშევრობისა და მოსახლეობის დაბალი ცხოვრების დონის ფონზე. რუსულ სასწავლებლებში ნასწავლი ახალგაზრდობა ვერ ბრუნდება უმუშევრობის პრობლემის გამო, მაშინ როცა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები სახელმწიფო და სამოქალაქო პოსტებზე ოჯახის წევრებთან ერთად ინიშნებოდნენ. მაგალითად, 78 წლის ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ბელა პლიევა ამავე დროს გაფორმებული იყო წინაგარაში სამაგიდო ჩოგნურთის ტრენერად.

ამ შემთხვევების მასშტაბების შესახებ უკვე ბიბილოვის წასვლის შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც გაგლოევმა რუსული აუდიტის შედეგები გაასჯაროვა. თუმცა მსგავსი ფაქტები არც მანამდე იყო საიდუმლო.

პრეზიდენტის არჩევნები კი გახდა მოედანი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდა ახალგამოჩეკილი “თავადობა” –  სახელმწიფოს ხარჯზე მცხოვრები ხალხი და მომთმენი ხალხი [«терпилы], როგორც ერთხელ ბიბილოვმა უწოდა სოციუმის ამ ნაწილს.

რა თქმა უნდა, არჩევნებზე გაიმარჯვა არა ალან გაგლოევმა, არამედ უკმაყოფილო ელექტორატმა. ცხადია, არჩევნებამდე დაშვებულ ყველა კანდიდატს შორის მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო. თუმცა ეს მაინც იყო იმ ხალხის გამარჯვება, ვინც გადაიღალა პრიმიტიული პროვინციული ავტორიტარიზმით.

არცერთ ოპოზიციონერ კანდიდატს არ ჰყოლია გუნდი, რომელიც პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას შეძლებდა: შესთავაზებდა ამომრჩეველს განვითარების გასაგებ პროგრამას, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, ელექტორატის საკუთარ მხარეს გადმობირებას ა.შ.

კანდიდატებს შორის ამომრჩეველი ირჩევდა მას, ვინც, მისი აზრით, უფრო მეტად შეძლებდა შეესრულებინა მათი დაკვეთა დემოკრატიაზე. რა თქმა უნდა, საზოგადოება მოელოდა, რომ გაგლოევი დაიწყებდა ნაციონალური ნდობის მთავრობის ფორმირებას იმ ადამიანებისაგან, ვისი კომპეტენციაც და მოტივაციაც ეჭვს არ იწვევს.

თუმცა საყოველთაო იმედგაცრუება სახეზეა – მნიშვნელოვან ხელმძღვანელ ადგილებს დღეს ისინი იკავებენ, ვისაც არ მიუძღვის რაიმე წვლილი გაგლოევის გამარჯვებაში.

მეტიც, ბოლო დროს პრეზიდენტმა დაიწყო დისტანცირება საზოგადოების იმ ნაწილისგან, ვინც ხელისუფლებაში მიიყვანა. თანამებრძოლები, რომლებიც ჯერ კიდევ აპრილში მის გვერდით იდგნენ მოედანზე და მხარდამჭერებს გაგლოევისთვის მხარდაჭერას ითხოვდნენ, ახლა მასთან ვერც მიღებაზეც ხვდებიან და ვერც ტელეფონზე უკავშირდებიან.

ახლა პრეზიდენტთან წვდომა სრულიად შეზღუდულია და კონტროლდება იმ ხალხის მიერ, რომლებიც არ სარგებლობენ ავტორიტეტითა და ნდობით ადგილობრივ საზოგადოებაში.

მთავარი ფიგურები ახალ ხელისუფლებაში არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალან ჯიოევი. ის არის არსენ გაგლოევის, წარსულში ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში მინისტრის მოადგილის სიძე. ადგილობრივი ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ სწორედ ის დაეხმარა გაგლოევს, დაეძლია რუსი კურატორების წინააღმდეგობა და მიაღწია მის არჩევნებამდე დაშვებას. ახლა არსენ გაგლოევი სამხრეთ ოსეთის რუხი კარდინალის როლშია, რომელიც მაღალ თანამდებობებზე საკადრო საკითხებს განაგებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯიოევი კი ხელისუფლების ამ კონფიგურაციაში მხოლოდ არსენ გაგლოევის ნდობით აღჭურვილი პირია.

მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინ ჯუსოევი კი ვლადიკავკაზის მკვიდრია, რომელიც თანამდებობაზე სამშენებლო ბიზნესიდან სწორედ არსენ გაგლოევის წყალობით მოხვდა. ჯუსოევი არ მონაწილეობს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დანიშვნიდან მალევე მეტსახელი “პრარაბი” შეარქვეს.

ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ გარდაიქმნება რევოლუცია ბიუროკრატიად.

პრეზიდენტმა გაგლოევმა არჩევნების შემდეგ 14 დეპუტატი – მისი თანამებრძოლები საპარლამენტო კოალიციაში შეკრიბა და ჰკითხა, ვის სურს აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლა. არავინ იყო თანახმა. როგორც მოგვიანებით ზოგიერთმა აღიარა, პარლამენტს ვერავის დაუტოვებდნენ, სადაც ისედაც უმცირესობაში არიან.

შეუსაბამო კადრები საზოგადოებრივ განწყობებზე მოქმედებს. ის მუხტი, რომლითაც გაგლოევმა გაიმარჯვა არჩევნებში, ვერ პოულობს განვითარებას. მისი მხარდამჭერების რიცხვი კი მცირდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი