ახალი ამბები

სულელი თუ დაიჯერებს, რომ აშშ-ის ელჩი კარნახობს მოსამართლეს, რა გადაწყვეტილება მიიღოს – ყოფილი მოსამართლე

20 ივლისი, 2022 •
სულელი თუ დაიჯერებს, რომ აშშ-ის ელჩი კარნახობს მოსამართლეს, რა გადაწყვეტილება მიიღოს – ყოფილი მოსამართლე

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ეხმაურება აშშ-ის მხრიდან ქართულ მართმსაჯულებაზე ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს და აცხადებს, რომ ეს არის ელჩის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია. ამის შესახებ განცხადება მან 15 ივლისს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.

ალავიძის თქმით, საჯარო სამსახურში 22-წლიანი მუშაობის განმავლობაში არ ახსენდება არცერთი ფაქტი, რომ ევროკავშირის ან აშშ-ის წარმომადგენლები პირდაპირ ან ირიბად ჩარეულიყვნენ მართმსაჯულების განხორციელებაში, თუმცა ახსოვს ბევრი შემთხვევა “მოქმედი თუ წინა ხელისუფლების პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან”.

“აქამდე ამაზე [სახელისუფლო ზეწოლაზე] სერიოზულად არავის უსაუბრია და დღესაც ვერ ბედავენ მოსამართლეები, მათ შორის მეც, კონკტეტულ ფაქტებზე საუბარს. ამის მიზეზი მრავალია, მათ შორის მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კრიმინალურ სახელმწიფოში, ტყუილში, სიბინძურეში და ძალიან მარტივად გაგაქრობენ, თუ კარგად მოინდომებენ. რა თქმა უნდა, ახლა უფრო თავისუფალი ვარ და ამიტომ უფრო მეტის თქმა შემიძლია.

ასეული მილიონობით ლარი დახარჯა ამერიკის მთავრობამ, ევროკავშირმა და ცალკეულმა ევროპულმა ქვეყნებმა, რათა საქართველო ფეხზე დამდგარიყო და ჰქონოდა ისეთი სასამართლო, რომელიც დააკმაყოფილებდა ევროპულ სტანდარტებს, ამის სანაცვლოდ მივიღეთ მიხელ ჩინჩალაძის მიერ პრივატიზებული სასამართლო.

სულელი თუ დაიჯერებს იმას, რომ ამერიკის ელჩი კარნახობს დღეს მოსამართლეს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იმ პირობებში, როდესაც ქართველი მოსამართლე არ აპროტესტებს კლანის ყოველდღიურ ჩარევას სამოსამართლეო საქმიანობაში და ელჩს უყენებს დაუსაბუთებელ ბრალდებას, ეს არის სამარცხვინო საქციელი და ქვეყნის ღალატი”, – დაწერა ყოფილმა მოსამართლემ.

ბესარიონ ალავიძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს იმ ორ მოსამართლეს შორის, რომელთა მიმართ ზეწოლის შესახებაც პროკურატურამ განცხადება 2017 წელს გაავრცელა და გამოძიებაც დაიწყო. პროკურატურა აცხადებდა, რომ მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიიღეს მუქარის შემცველი წერილები, რომლითაც იკვეთებოდა მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები. აღნიშნულ წერილებს პროკურატურა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირებდა.

მოგვიანებით ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ თავადაც მიმართეს პროკურატურას, თუმცა შემდეგ ბესარიონ ალავიძემ ჟურნალისტებთან ერთ-ერთ ინტერვიუში არ დაადასტურა წერილების მუქარის შემცველი შინაარსი და განაცხადა, რომ მუქარა რომ ყოფილიყო, ამას თავად იტყოდა და არ დამალავდა.

რაც შეეხება მის ამჟამინდელ განცხადებას, ამას წინ უძღოდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ბრალდება, რომ აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი კევინ ბურკი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეხვდა და ელჩის სახელით, განაჩენის გამოტანის შემდეგ, ნიკა გვარამიას საქმეზე ანგარიში მოსთხოვა, შემდეგ კი აცნობა, რომ ამორიცხული იყო იმ 6 მოსამართლის სიიდან, ვინც სულ რამდენიმე დღეში სასწავლო პროგრამით მიემგზავრებოდნენ აშშ-ში. პროგრამიდან ჩხიკვაძის ჩახსნის შემდეგ შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 28 მაისს გავრცელდა, მაგრამ მაშინ აღნიშნულ მოსამართლეებს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ლაშა ჩხიკვაძე „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე იყო. 16 მაისს ჩხიკვაძემ გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო. გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

კონსპირაცია საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაზე

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, – მათ შორის, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა, – დაიწყეს კონსპირაციის თეორიის გავრცელება, თითქოს გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „საქართველოს ომში ჩართვა“ სურთ.

ამ კუთხით მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე უფრო თამამი რიტორიკით გამოირჩევა “ქართული ოცნებიდან” ახლად გასული 3 დეპუტატი — დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი. მათ ნათლად დაიწყეს იმ კონსპირაციის თეორიის განვითარება, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას.

30 ივნისს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მსგავს თეორიებს „მზაკვრული ნარატივი“ უწოდა და განაცხადა, რომ „საქართველოს ომში ჩართვა“ სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ დეზინფორმაცია.

ელჩის ამ განცხადებაზე გამოხმაურება პირველმა ითავა მიხეილ ყაველაშვილმა და ელჩი დეგნანისთვის გამზადებულ მორიგ საჯარო წერილში თქვა, რომ ომში ჩართვის ნარატივი არა „ეფ-ეს-ბედან“, არამედ აშშ-სგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი