ახალი ამბები

წულუკიანი: მოხარულნი უნდა ვიყოთ, რომ არავინ დახუჭა თვალი მოსამართლეების ამგვარ ბრალდებაზე

3 თებერვალი, 2017 •
წულუკიანი: მოხარულნი უნდა ვიყოთ, რომ არავინ დახუჭა თვალი მოსამართლეების ამგვარ ბრალდებაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურამ და უზენაესმა სასამართლომ სწრაფად იმოქმედეს უზენაესი სასამართლოს მოსმართლეებზე შესაძლო ზეწოლის გამოძიების საქმეზე.

ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა ეროვნული არქივის შენობაში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სამინისტროს სოციალური კამპანიის პრეზენტაციაზე გააკეთა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გაევრცელებინა თუ არა უზენაეს სასამართლოს საჯარო განცხადება, ვიდრე მიმართავდა პროკურატურას, რადგან 2 კვირაზე მეტი გავიდა, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ მოსამართლეებმა პროკურატურას მიმართეს, მინისტრი პასუხობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შექება ეკუთვნის.

“მე ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოიქცა სწრაფად და მას პირიქით, ეკუთვნის შექება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გადააგზავნა პროკურატურაში ეს საქმე. სწორედ ამაში გამოიხატება მისი მოკავშირეობა საკუთარი მოსამართლეებისადმი, რადგან მან, ასე ევალებოდა კანონით, გამოუცხადა მხარდაჭერა თავის კოლეგებს, ვისზეც, როგორც ეს კოლეგები ამბობენ, ყოფილი მაღალჩინოსნისგან თუ მაღალჩინოსნებისგან ხორციელდებოდა და ხორციელდება ზეწოლა. გამოძიებას აქვს თავისი წესები. პროკურატურამ, მიიღო რა ქალბატონი ნინოს განცხადება, როგორც მათი განცხადებიდან ირკვევა, სასწრაფოდ ჩართო გამოძიების პროცესი და ჩვენ, პირიქით, უნდა ვიყოთ მოხარულნი, რომ არავინ დახუჭა თვალი ამგვარ ბრალდებაზე, რომელიც მომდინარეობს არა რიგითი მინისტრისგან, ან რომელიმე მოქალაქისგან, არამედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისგან. ამიტომაც, მეც, თქვენც, ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას,”-განაცადა იუსტიციის მინისტრმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, პაატა ქათამაძემ და ბესარიონ ალავიძემ მათზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 14 იანვარს მიმართეს, რაზეც გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

3 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მოსამართლეებმა ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე, უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები, საიდანაც მოსამართლეების საქმიანიბაშ უხეში ჩარევის ნიშნები იკვეთებოდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი