ახალი ამბები

გოგაშვილის თქმით, მოსამართლე ალავიძე “რ2”-ის საქმის განხილვისას ზეწოლის ქვეშ იყო

20 სექტემბერი, 2022 •
გოგაშვილის თქმით, მოსამართლე ალავიძე “რ2”-ის საქმის განხილვისას ზეწოლის ქვეშ იყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, “რუსთავი2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზენაესი სასამართლოს მაშინდელ მოსამართლეზე, ბესარიონ ალავიძეზე, ზეწოლა განხორციელდა.

გოგაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა ალავიძის ინტერვიუ, რომელშიც მან დაადასტურა ზოგადად მოსამართლეებზე ზეწოლა, თუმცა არ უსაუბრია კონკრეტულ საქმეებზე.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგილემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, “არაერთი ზეწოლის შემდეგ” ვერ დაითანხმა ალავიძე, მიეღო მმართველი პარტიისთვის სასურველი გადაწყვეტილება “რუსთავი2”-ის საქმეზე, პროცესში სუსი ჩართო.

“ჩაინიშნა საგანგებო თათბირი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში, სადაც გადაწყდა, რომ საქმეში უნდა ჩავრთულიყავით ჩვენ – სუსი.

ჩვენ ივანიშვილისგან მივიღეთ შესაბამისი დავალება – ალავიძეზე სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა შეგვეთავაზებინა მუდმივი სამსახური, ფულადი პრემია და ხელშეუხებლობა.

ეს ყველაფერი უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ინტერესებზე აპელირებით, უარის შემთხვევაში პრობლემების შექმნით”, — წერს გოგაშვილი.

მისივე თქმით, სუს-ში მოიძებნა თანამდებობის პირი, რომელიც ალავიძეს დიდი ხნის მანძილზე იცნობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. როგორც გოგაშვილი წერს, სწორედ ამ პირს დაევალა ალავიძესთან შეხვედრა და მისი დარწმუნება.

“შეხვედრა შედგა რამდენჯერმე, ხდებოდა ამ შეხვედრის აუდიოჩაწერა, ოფიცერს ჩანაწერი მოჰქონდა ჩემთან და მე მას ვუგზავნიდი ჩინჩალაძეს”, — აღნიშნავს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე.

მიხეილ ჩინჩალაძე 2017 წლის მაისიდან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. მის მიმართ გოგაშვილის მიერ გახმიანებულ ბრალდებასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაგან პასუხს ელის.

“მთავარ არხთან” ინტერვიუში, რომელიც ეთერში გასულ კვირას გავიდა, ალავიძემ დაადასტურა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლაა, თუმცა არ დაუსახელებია კონკრეტული საქმეები.

“იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა”, — აღნიშნავს ალავიძე.

“მთავარი არხის” თანახმად, ალავიძე მოსამართლეთა ე.წ. კლანზე საუბრობს. ასე მოიხსენიებენ სასამართლო სისტემაში მყოფ გავლენიან პირებს, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძეს. თავად ეს მოსამართლეები კლანის არსებობას უარყოფენ.

“არაერთი მოსამართლე ყოფილა მათი მხრიდან… დევნის ობიექტი, რომელსაც არასამართლიანად მოექცნენ, ან აიძულეს, რომ დაეწერა განცხადება, ან აიძულეს, რომ წასულიყო სისტემიდან, ან აიძულეს, რომ გადასულიყო დაბალი ინსტანციის სასამართლოში.

ასეთი ფაქტები არათუ გაგებული, საკუთარ თავზეც მაქვს, ასე რომ ვთქვათ, გამოცდილი. მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ მიმეღო გარკვეული სახის გადაწყვეტილებები წინასწარ”, — დასძენს ყოფილი მოსამართლე.

ბესარიონ ალავიძის თქმით, “აკადემიური გამოსვლები კი არ ყოფილა მათი მხრიდან, არამედ ქუჩური წესებით საქმის გარჩევა, დაბარება კაბინეტებში, ძალიან ხმამაღალი ტონით და პირდაპირი მოწოდება, რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე ესა თუ ის შედეგი”.

ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ არ სჯერა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მიერ “ინდივიდუალურად კონკრეტულ მოსამართლეზე” ზეწოლისა, ამ უკანასკნელის მიერ კონკრეტული შინაარსის გადაწყვეიტლების მიღების მიზნით.

“როდესმე მიმართა საგამოძიებო უწყებას რომელიმე ქუჩური გარჩევის თაობაზე? ასე მარტივად, მე პირადად, ასეთი ტიპის განცხადებებს არ ვენდობი, არ ვიზიარებ და არ ვემხრობი”, — დასძინა სარჯველაძემ ალავიძეზე საუბრისას.

ალავიძე 2009-2011 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, 2011 წლის თებერვლიდან კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ საქმიანობდა.

ალავიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ჩართული იყო “რუსთავი2”-ის საქმის განხილვაში, რომელზე მიღებული გადაწყვეტილების ძალითაც ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. ალავიძე შედიოდა როგორც უზენაესის სამი მოსამართლისაგან შემდგარ კოლეგიაში, რომელიც საქმეს თავდაპირველად განიხილავდა, ისე დიდ კოლეგიაში, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

2016 წლის სექტემბერში, როცა უზენაესში საქმეს ჯერაც 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, ტელეარხის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ სამივე მათგანი ზეწოლის ქვეშ იყო და ამ პროცესს ჩინჩალაძე ხელმძღვანელობდა. მანვე თქვა, რომ ზეწოლაში უსაფრთხოების სამსახურებიც მონაწილეობდნენ. როგორც ალავიძემ, ისე სხვა ორმა მოსამართლემ, არ დაადასტურეს ზეწოლა.

მეორე მხრივ, ბესარიონ ალავიძე ერთ-ერთია უზენაესი სასამართლოს იმ ორ მოსამართლეს შორის, რომელთა მიმართ ზეწოლის შესახებაც პროკურატურამ განცხადება 2017 წელს გაავრცელა და გამოძიებაც დაიწყო.

პროკურატურა მაშინ ამბობდა, რომ ალავიძემ და მისმა კოლეგამ, პაატა ქათამაძემ, რომელიც ასევე შედიოდა “რუსთავი2”-ის საქმის განმხილველ ორივე კოლეგიაში, მიიღეს მუქარის შემცველი წერილები, რომლითაც იკვეთებოდა მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები. აღნიშნულ წერილებს პროკურატურა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირებდა.

მოგვიანებით ალავიძემ და ქათამაძემ თავადაც მიმართეს პროკურატურას, თუმცა შემდეგ ბესარიონ ალავიძემ ჟურნალისტებთან ერთ-ერთ ინტერვიუში არ დაადასტურა წერილების მუქარის შემცველი შინაარსი და განაცხადა, რომ მუქარა რომ ყოფილიყო, ამას თავად იტყოდა და არ დამალავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი