კომენტარი

„შესაძლოა, ვიხილოთ საგარეო ორიენტირების შეცვლა“ – „ოცნება“ აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ

12 ივლისი, 2022 • 3967
„შესაძლოა, ვიხილოთ საგარეო ორიენტირების შეცვლა“ – „ოცნება“ აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კვალდაკვალ, პარტიის საპარლამენტო ლიდერებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა.

პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის არა უბრალოდ ელჩის, როგორც პიროვნების, კრიტიკა, არამედ შეერთებული შტატების შანტაჟის მცდელობა, რასაც, დიდი ალბათობით, დამანგრეველად უარყოფითი შედეგები ექნება საქართველოსთვის.

„საქართველოს ომში ჩართვა სურთ“

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და ამ კონფლიქტში საქართველოს მთავრობის ლიდერების ორაზროვანი განცხადებების გამო დასავლეთიდან მათი კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, – მათ შორის, ირაკლი კობახიძემ და ირაკლი ღარიბაშვილმა, – დაიწყეს კონსპირაციის თეორიის გავრცელება, თითქოს გარკვეულ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, „საქართველოს ომში ჩართვა“ სურთ.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე, სავარაუდოდ, თვითონაც მიხვდა, – და, მისი ინფორმაციით, არაერთმა აქტორმა უთხრა სხვადასხვა დედაქალაქში ვიზიტისას, – რომ „ძალიან უცნაურად გამოიყურება, როდესაც ის და პრემიერ-მინისტრი პირდაპირ აკრიტიკებენ დასავლეთს, ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს“.

სავარაუდოდ, სწორედ ამ უხერხულობის დაძლევას ემსახურებოდა ორიოდე კვირის წინ, 28 ივნისს, „ქართულ ოცნებიდან“ სამი პარლამენტარის ,- დიმიტრი ხუნდაძის [ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმის], სოზარ სუბარისა და მიხეილ ყაველაშვილის,- ფორმალური გასვლა პარტიიდან.

ფორმალური იმიტომ, რომ სამივე მათგანი აგრძელებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების მხარდაჭერას, მათთან ერთად შეხვედრების ჩატარებას; ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი იდეოლოგიური განსხვავება არა აქვთ, მათსავით ფიქრობენ ყველა საკითხზე, უბრალოდ, იმაზე ვერ თანხმდებიან, „რა დოზით“ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია საზოგადოებას – ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ „ვის სურს საქართველოს ომში ჩათრევა“.

ამ ნაბიჯის მიზანი, კორნელი კაკაჩიას აზრით, ის იყო, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ეცადათ, პარტიაში ხელოვნურად გაეჩინათ კიდევ უფრო „ქორები“ [hawks], რათა ახალ ფრთასთან შედარებით თავად  გამოჩენილიყვნენ ზომიერები. მუშაობს კი ეს სქემა?

ყაველაშვილი vs დეგნანი

სამმა დეპუტატმა მართლაც დაიწყო უფრო თამამად საუბარი და განვითარება იმ კონსპირაციის თეორიისა, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას; საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, სწორედ ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

30 ივნისს აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მსგავს თეორიებს „მზაკვრული ნარატივი“ უწოდა და განაცხადა, რომ „საქართველოს ომში ჩართვა“ სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ დეზინფორმაცია.

ელჩის ამ განცხადებაზე გამოხმაურება პირველმა ითავა მიხეილ ყაველაშვილმა და ელჩი დეგნანისთვის გამზადებულ მორიგ საჯარო წერილში თქვა, რომ ომში ჩართვის ნარატივი არა „ეფ-ეს-ბედან“, არამედ აშშ-სგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის.

ყაველაშვილის ამ ნაკლებად დიპლომატიურ ჟესტზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად ელჩმა დეგნანმა განაცხადა:

„[ყაველაშვილის] ეს წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ ბოლოშიც კი ვერ გავედი. ძალიან უცნაური იყო… მას [ყაველაშვილს] არ ესმის, რომ აშშ აქ არის ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიის, ერთი ან მეორე მხარის, მხარდასაჭერად“.

ელჩის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, – მაგალითად, სახალხო დამცველის ოფისს, – და საშიშია, როდესაც ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ. ამ ფონზე ელჩმა ასეთი შეკითხვა დასვა:

„რა მოტივით აგრძელებენ ისეთი რამის გამეორებას, რაც უკვე დადასტურდა, რომ სიცრუე და დეზინფორმაციაა?“

ელჩმა იქვე მოუწოდა ყველა მხარეს, „საქმეს მიხედონ“, რათა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია შესრულდეს.

ამასთან, ელჩმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „ოცნების“ ყოფილი წევრების ნარატივი ძალიან ახლოსაა პარტიის ლიდერების განცხადებებთან და, შესაძლოა ითქვას, ეჭვქვეშ დააყენა 3 დეპუტატის გუნდიდან რეალური გასვლის საკითხი:

„ჩემთვის უცნაურია, – მაგრამ ალბათ, ასე არ უნდა იყოს, – რომ ამ, როგორც ამბობენ, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების ნარატივი დიდი სიზუსტით ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას…“

„შანტაჟი – კრიტიკის არსი“

ამის შემდეგ  „ქართული ოცნების“ ნარატივი კიდევ უფრო გამწვავდა. იმავე საღამოს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში თქვა, რომ ელჩის ეს ნათქვამი „შეურაცხმყოფელი იყო“, ყაველაშვილი კი „ღირსეული ადამიანია“, რომელსაც „შეურაცხყოფა არ ეკუთვნის“. ყაველაშვილმაც განაცხადა, რომ „განცვიფრებულია“ დეგნანის განცხადების გამო.

კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“, – თუ მისი ყოფილი წევრების, – კრიტიკა მიმართულია იქითკენ, რომ შეერთებული შტატებისა და, ზოგადად, დასავლეთის პოლიტიკა შეიცვალოს „ქართული ოცნების“ მიმართ.

„ისინი ხვდებიან, რომ ეს კრიტიკა ნელ-ნელა იზრდება როგორც ევროპიდან, ისე შეერთებული შტატებიდან და ხანდახან ის განცხადებები, რაც კეთდება „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, შანტაჟის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს“, – ამბობს პოლიტოლოგი.

კორნელი კაკაჩია „ქართული ოცნების“ ამ რიტორიკიდან მთავარ გზავნილს ასე გამოყოფს:

„მთავარი გზავნილი ასეთია: „ის დრო, როდესაც თქვენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გქონდათ მონოპოლია და ყველა თქვენს აზრს ითვალისწინებდა, დასრულდა“. ეს, ფაქტობრივად, მათი გამოწვევაა, – თუ თქვენ არ დათანხმდებით ჩვენს პირობებს, არ მიიღებთ იმ რეალიებს, რაც ჩვენ მოგვწონს და ჩვენს კრიტიკას გააგრძელებთ, მაშინ იცოდეთ, რომ ამას მსგავსი რეაქცია მოჰყვება და ჩვენ თქვენი არ გვეშინიაო. ეს შანტაჟის ენაა შეერთებული შტატების მიმართ“, – გვეუბნება კორნელი კაკაჩია.

მისი თქმით, თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ლიდერები პირდაპირ არ ამბობდნენ, ვის აკრიტიკებდნენ, მაგრამ „ყველა ხვდებოდა, რომ ელჩები იგულისხმებოდნენ. ახლა პირდაპირ გადავიდნენ დასახელებაზე“.

„მგონი, შორს აღარ არის ის დრო, როცა პირდაპირ შეერთებულ შტატებსაც დასდებენ ბრალს. და იმავეს უნდა ველოდოთ ევროპასთან მიმართებითაც“, – ამბობს GIP-ის დამფუძნებელი.

გვარამიას მოსამართლის საკითხი

„ქართულ ოცნებასა“ და შეერთებული შტატების მთავრობას შორის რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში, – მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს ეს ცნობები არ დაუდასტურებიათ, – ნიკა გვარამიას საქმეში.

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმე ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციური პარტიების შეშფოთებები სრულად გაიზიარეს ადგილობრივმა, ნეიტრალურმა ორგანიზაციებმა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე არსებობს კონსუნსუსი, რომ გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება, – რაც ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ორიოდე კვირით ადრე გამოცხადდა, – პოლიტიკურია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს გვარამიას მიუსაჯა 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა. ამის შემდეგ შეერთებული შტატების საელჩომ მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

24 მაისს, როდესაც შეერთებული შტატების საელჩოს ლაშა ჩხიკვაძის პროგრამიდან მოხსნის საკითხზე განმარტება მოსთხოვა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

„ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და, დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა“.

ამ განცხადების შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.

„წითელი ხაზების გადაკვეთა“

შეერთებული შტატები და საქართველო მრავალი წელია, პარტნიორები არიან და აშშ საქართველოს უსაფრთხოების გარანტორად მიიჩნევა. ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლასთან ერთად კი, ექსპერტების თანახმად, შესაძლოა, ეს პარტნიორობა კითხვნის ნიშნის ქვეშ დადგეს. კორნელი კაკაჩია ამბობს:

„გადაწყვეტილების მიმღებთ შორის დასავლეთში,  იმ ხალხში, ვისაც საქართველოსთან დაკავშირებით რაღაც ესმის, – როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე ევროპარლამენტში, ევროკომისიაში, – გაყოფილია აზრი, როგორ მოიქცნენ, იმიტომ, რომ საქართველო მიუახლოვდა წითელ ხაზებს ყველანაირი სტანდარტით. ჯერჯერობით ეს ზომიერი ფრთა ამბობს, რომ „საქართველოში ხალხს უნდა ევროკავშირში და ამ ხელისუფლების გამო ნუ დავსჯით ამ ხალხს, რაღაცნაირად ისე ნუ ვიზამთ, რომ ისე დავძაბოთ სიტუაცია, როგორც ბელარუსში“.

თუმცა, ასე თუ გაგრძელდა ხელისუფლების რიტორიკა და ქმედებები, ალბათ შორს არ არის ის დრო, – და ეს პირველად მოხდება საქართველოს უახლეს ისტორიაში, „ქართული ოცნების“ პირობებში, – როდესაც ისინი უკვე გადავლენ ამ შანტაჟიდან პირდაპირ კონფრონტაციაზე და შესაძლოა, მათ მოინდომონ საგარეო პოლიტიკური ორიენტირების შეცვლა“.

კორნელი კაკაჩიას თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ფორმალური რიტორიკა, მართალია, სხვანაირია, – „ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმართული“, – მაგრამ იგრძნობა, რომ  საპირისპირო კურსს ირჩევს:

„რეალურად, ეს ხელისუფლება, – თავად ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, – მზად არ არის, ხელისუფლება დათმოს და ამიტომ, ნებისმიერ ფასად უღირთ ძალაუფლების შენარჩუნება. მათ უკვე აღარაფერი აინტერესებთ და ნებისმიერი, ვინც მათ აკრიტიკებს და ამ რეჟიმს შეუქმნის საფრთხეს, მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

მთელი რიტორიკაც ეს არის – დააშანტაჟონ დასავლეთი და თუ ისინი არ შეცვლიან ან არ მიიღებენ „ქართული ოცნების“ ლიდერების პირობებს, მაშინ მათ შეიძლება საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალონ; ის წითელი ხაზები, რაც რუსეთთან იყო, ღიად გადაკვეთონ. ეს იკითხება მთელ განცხადებაში“.

პრორუსული, მემარჯვენე ჯგუფების გამოძახილი

კორნელი კაკაჩია შენიშნავს იმასაც, რომ ბოლოდროინდელმა პროცესებმა დაადასტურა, რომ გარკვეული სინქრონი არსებობს ულტრამემარჯვენე პრორუსულ ჯგუფებსა და „ქართული ოცნების“ მესვეურებს შორის:

„ნელ-ნელა ისინი უახლოვდებიან მემარჯვენე და პრორუსული ჯგუფების ნარატივებს, ძალიან ახლოს არიან უკვე, ერთი-ერთში იმეორებენ. მათი ნარატივები ძალიან დაახლოვდა. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ მათ არც კი წარმოუდგენიათ მომდევნო არჩევნებში დამარცხება.

უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილს უბრალოდ არც კი უნდა იმის დაშვება, რომ 2024-ში ხელისუფლების გადაბარება მოხდეს, და ამიტომ ცდილობს, გააძლიეროს ერთი მხრივ, მსგავსი საგარეო გზავნილები და, მეორე მხრივ, შიდა მობილიზაცია იმ ჯგუფების, რომლებიც არიან სოციალ-კონსერვატიული ტიპის. და დიდია მათი რაოდენობა“.

პოლიტიკის მეცნიერების პროფესორის აზრით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ეთამაშებიან „აბსოლუტური სუვერენიტეტის“ პრინციპს, – რომ „ყველას სახელმწიფო დამოუკიდებელია“, რაც, მის აზრით, იმის მანიშნებელია, რომ სხვა არაფერი არ დარჩათ.

ამის შესახებ „ნეტგაზეთთან“ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, საარჩევნოდ გაამრავლოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც „განხიბლული იქნება დასავლეთით“ იმიტომ, რომ „ძალიან კარგად იციან, რომ მყარად პროევროპულ, პროევროატლანტიკურ გზაზე მდგარი ამომრჩველები მათ ხმას აღარ მისცემენ“.

ამასთან, ხიდაშელმა „აბსურდი“ უწოდა ამ ნარატივს, რომლის თანახმადაც „ევროკავშირს აღარ ვუნდივართ და ჩვენც არ გვინდა ასეთი ევროპა“, და თქვა, რომ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის ალტერატივის ძიება აბსურდულია“.

„შიში, რომ იმავეს გაუკეთებენ, რაც ენმ-ს გაუკეთეს“

კორნელი კაკაჩიაც გვეუბნება:

„მმართველი პარტია ვერ დაიკვეხნის ვერც დემოკრატიით, ვერც რეფორმებით, ვერც წინსვლით ბოლო წლების განმავლობაში და ერთადერთი ეს დარჩა, ქართული საზოგადოების სეგმენტს რაღაცნაირად მიაწოდოს ეს გზავნილი, რომ ამაზე ითამაშოს. მათ ავიწყდებათ, რომ არ შეიძლება ასე დაუპირისპირდე დიპლომატებს, მით უმეტეს, მეგობარი ქვეყნის დიპლომატებს. თუკი რამის გამოსწორების საჭიროება მართლაც არის, ეს შეიძლებოდა კულუარებში ეთქვათ.

მაგრამ აშკარად ჩანს, ისინი შეშინებულები არიან იმ ვარაუდით, რომ დეოლიგარქიცაზიის, დეპოლარიზაციის განხორციელების შემთხვევაში წააგებენ. უფრო ზუსტად, მათ ეშინიათ იმისა, რომ ამ რეფორმების შემდეგ არ მოხდეს იგივე, რაც თვითონ გაუკეთეს მიხეილ სააკაშვილს და რაც სააკაშვილმა თავის დროზე გაუკეთა შევარდნაძეს“.

პოლიტოლოგის თქმით, ამ ყველაფრის შიშით „ქართული ოცნების“ ლიდერები მზად არიან, ერთპარტიული სისტემა და არაფორმალური მმართველობის წესები შეინარჩუნონ:

„მათი ახალი რიტორიკის მთელი არსიც აქეთკენაა მიმართული, – დასავლეთს წაუყენონ ულტიმატუმი: „საგარეო პოლიტიკას არ შევცვლით, სამაგიეროდ, თქვენ ნუ ჩაერევით შიდა საქმეებში“. ეს არავის გამოსვლია.

ეს თავის დროზე სცადა ლუკაშენკომ, იანუკოვიჩმა, ვინ აღარ, მაგრამ დასავლეთის მთავარი პრინციპი ის არის, რომ უარს არ იტყვის ფასეულობებზე, არასოდეს გარიგებაში არ შევა რეჟიმთან, რომელიც ანტიდემოკრატიულია და ეწინააღმდეგება მთლიანად საზოგადოებრივ ინტერესს“, – გვეუბნება კორნელი კაკაჩია

მასალების გადაბეჭდვის წესი