ახალი ამბები

6 ქვეყნის მიერ მანიპულაციის მცდელობას ჰქონდა ადგილი — ევროვიზიის ორგანიზატორი

15 მაისი, 2022 • 1379
6 ქვეყნის მიერ მანიპულაციის მცდელობას ჰქონდა ადგილი — ევროვიზიის ორგანიზატორი

ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) განცხადებით, 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის მეორე ნახევარფინალის მეორე რეპეტიციის შემდეგ, ჟიურის ხმის მიცემის ანალიზისას, ექვსი ქვეყნის შედეგებში ხმის მიცემის გარკვეული არარეგულარული სქემა გამოვლინდა.

პროცესი დამოუკიდებელმა ხმის მიცემის მონიტორმა გამოავლინა.

„EBU ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ხმის მიცემის მანიპულირების ნებისმიერ საეჭვო მცდელობას უკიდურესად სერიოზულად იღებს და უფლება აქვს, გააუქმოს ასეთი ხმები ხმის მიცემის ოფიციალური ინსტრუქციების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მათ გავლენა კენჭისყრის შედეგებზე“, — ნათქვამია EBU-ის განცადებაში.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცნობით, კონკურსის ხმის მიცემის ინსტრუქციების შესასრულებლად, ხმების მიცემის პარტნიორთან ერთად, მუშაობდა, რათა გამოეთვალა შემცვლელი აგრეგირებული შედეგი თითოეული ქვეყნისთვის როგორც მეორე ნახევარფინალში, ასევე დიდ ფინალში. გამოთვლა მსგავსი ხმის მიცემის ისტორიის მქონე ქვეყნების შედეგებზე დაყრდნობით ხდება.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში არ არის ჩამოთვლილი, რომელი 6 ქვეყნის ჟიურის ხმები დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა მედიის ინფორმაციით, ესენია:

  • აზერბაიჯანი
  • საქართველო
  • მონტენეგრო
  • პოლონეთი
  • რუმინეთი
  • სან მარინო

გამოცემა escxtra-ს ცნობით, ზემოაღნიშნული ექვსი ქვეყნის ეროვნული ჟიურის ხმები ამოღებულ იქნა კონკურსიდან და ისინი შეიცვალა მსგავსი ხმის მიცემის ნიმუშების მქონე ქვეყნების ზოგადი შედეგით.

BBC-ის მუსიკის კორესპონდენტი მარკ სევეჯი ტვიტერზე წერს, რომ სწორედ ამის გამო გამოაცხადა აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაცვლად ამ ქვეყნების შედეგები ევროვიზიის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა ზედამხედველმა.

საქართველომ და აზერნაიჯანმა განაცხადეს, რომ ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი — 12 ქულა — უკრაინას დაუწერეს, თუმცა ორივე ქვეყნის შემთხვევაში ევროვიზიის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს ერგო, უკრაინას კი – 6.

იტალიაში გამართულ ევროვიზია 2022-ის სიმღერის კონკურსზე გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა – ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania.

ჟიურიმ უკრაინას 12 ქულა დაუწერა და არა — 6 — საზმაუ შეცდომაზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი