ახალი ამბები

2023 წლის ევროვიზიას დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს

25 ივლისი, 2022 •
2023 წლის ევროვიზიას დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს

2023 წლის ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსს უკრაინის ნაცვლად დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს. როგორც BBC წერს, ღონისძიების ჩატარების ადგილი უკვე ოფიციალურადაა ცნობილი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ორგანიზატორების თქმით, მასპინძელ ქვეყანაში, უკრაინაში კონკურსის გამართვას ქვეყანაში მიმდინარე ომი უშლის ხელს, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კი გასულ წელს კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა.

BBC-ს თქმით, ჯერჯერობით უცნობია, ბრიტანეთის რომელ ქალაქში გაიმართება ღონისძიება, თუმცა შესაძლო ლოკაციებს შორის განიხილება გლაზგო და მანჩესტერი.

მანამდე, ევროპის მაუწყებელთა კავშირი აცხადებდა, რომ მუსიკალური კონკურსის პერსონალის და აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა, როგორც წესი, 10 000-ს აღწევს, ამის გარდა კი, 30 000-ზე მეტს სტუმარს ელოდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შესაბამისად, მათი უსაფრთხოება, ორგანიზატორების თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბრიტანეთში ღონისძიების გამართვას მხარს უჭერს უკრაინაც. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელის, მიკოლა ჩერნოტიტსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსი მომავალ წელს უკრაინაში არ ჩატარდება, მას უკრაინის მხარდაჭერა ექნება:

„მადლობლები ვართ BBC-ში მომუშავე პარტნიორების, რომლებიც ჩვენ მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ. დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ, ღონისძიებას უკრაინული სული შევძინოთ და კიდევ ერთხელ გავაერთიანოთ ევროპა საერთო ღირებულებების, მშვიდობის, მხარდაჭერის, მრავალფეროვნებისა და ნიჭის ირგვლივ“, – აცხადებს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი.

2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania. შესაბამისად, მომდევნო წლის ფესტივალისთვისაც უკრაინას უნდა ემასპინძლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი