ახალი ამბები

ჟიურიმ უკრაინას 12 ქულა დაუწერა და არა — 6 — საზმაუ შეცდომაზე საუბრობს

15 მაისი, 2022 • 3907
ჟიურიმ უკრაინას 12 ქულა დაუწერა და არა — 6 — საზმაუ შეცდომაზე საუბრობს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. შესაბამისად, კონკურსის მიმდინარეობისას გამოცხადებული 6 ქულა შეცდომა იყო.

კერძოდ, კონკურსის დასასრულს პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს, რომ საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინის წარმომადგენელს 6 ქულა მიანიჭა, ხალხმა ხმის მიცემის შედეგად კი მაქსიმალური  12.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებაში წერს, უკრაინისთვის ჟიურის მიერ 12 ქულის მინიჭებას „მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.“

„საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ ულოცავს უკრაინას დამსახურებულ გამარჯვებას“, — წერია განცხადებაში, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამთენიისას გაავრცელა.

ევროვიზია 2022-ზე გამარჯვება 14 მაისს უკრაინამ მოიპოვა. რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენელს, ის ფინალში საერთოდ ვერ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი