“დღეს საერთაშორისო საზოგადოება მკაფიოდ გვეუბნება, რომ მთიანი ყარაბაღის სტატუსის საკითხში ჩვენი თამასა ცოტათი უნდა დავწიოთ და უზრუნველვყოთ სომხეთისა და არწახის გარშემო დიდი საერთაშორისო კონსოლიდაცია”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.
ამასთან, როგორც azatutyun.am წერს, ფაშინიანს არ უსაუბრია იმის შესახებ, ეთანხმება თუ არა ერევანი საერთაშორისო საზოგადოების წინადადებას.
“სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტატუსი აღნიშნულ სიტუაციაში არ არის მიზანი, ის არის საშუალება მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოებისა და უფლებების უზრუნველსაყოფად.
მე დამნაშავე ვარ იმაში, რომ 2018-2019 წლებში საზოგადოებას არ ვამცნე, რომ ჩვენი ახლო და არც ისე ახლო მეგობრები ჩვენგან ითხოვდნენ აზერბაიჯანისთვის 7 რაიონის გადაცემას ამა თუ იმ კონფიგურაციით და არწახის სტატუსის საკითხში თამასის დაწევას. მე დამნაშავე ვარ იმაში, რომ არ ვუთხარი ხალხს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ცალსახად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მოელის, რომ ჩვენც ვაღიარებთ მას, მოელის, რომ აზერბაიჯანელები, რომელთაც ყარაბაღი დატოვეს, სრულფასოვნად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრასა და მართვაში”, – განაცხადა ფაშინიანმა.
გამოცემა წერს, რომ ფაშინიანის გამოსვლას პარლამენტში არ ესწრებოდა ოპოზიცია, თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, იშხან საღათელიანმა, რომელიც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა:
“ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ დავკარგავთ არწახს [მთიანი ყარაბაღი], რადგან, თუკი წავალთ ამ გზით, არწახი სომხებისგან დაიცლება და მივიღებთ ახალ ნახიჩევანს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება ამ გზით წავიდეს. ეს უნდა გადაწყვიტოს სომეხმა ხალხმა, არწახისა და სომხეთის მოქალაქეებმა”, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
44- დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. თუმცა, სამშვიდობო შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე არ გაფორმებულა. აზერბაიჯანული მხარე ასახელებს იმ პრინციპებს, რომელსაც ბაქო ერევანს ხელმოსაწერად სთავაზობს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
“ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისო საზღვრების ურღვევობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება; ერთმანეთის მიმართ ტერიტორიებზე პრეტენზიების არქონა და იურიდიული ვალდებულება, რომ მათზე პრეტენზია არც რომელიმე მხარეს ექნება მომავალში; თავდასხმის მუქარებისგან თავშეკავება, მუქარებისა და ძალის არგამოყენება ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ; ასევე, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია, დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბება; სატრანსპორტო და სხვა ტიპის კომუნიკაციების გახსნა და თანამშრომლობა სხვა სფეროებში”.