ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ეხმაურება პენსიების გამცემი ბანკის გამოსავლენ კონკურსს და მთავრობის გადაწყვეტილებას, პენსიების დარიგების ხარჯების დაფარვის ფონზე, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი 26%-მდე დასწიოს.
საუბარია სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც:
- ქვეყანაში საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი 26%–მდე მცირდება;
- სახელმწიფო 15 მლნ ლარს გადაუხდის ბანკს, რომელიც პენსიას დაარიგებს.
როგორ გაიცემა პენსიები ახლა და რა იცვლება
ამჟამად პენსიებს „ლიბერთი ბანკი“ არიგებს, – შესაბამისად, საპენსიო სესხებსაც „ლიბერთი“ გასცემს, თუმცა ბანკსა და მთავრობას შორის დღეს არსებულ კონტრაქტს წელს გასდის ვადა.
საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში 43.55%-დან შემცირდა, თუმცა ამჟამად კვლავ მაღალია და 30.69%-ს შეადგენს.
სახალხო დამცველის თანახმად, „საპროცენტო განაკვეთის დადგენილი რაოდენობის შედეგად (30.69%), ბანკისთვის უკან გადასახდელი თანხა, საბოლოოდ, სესხის სახით მიღებულ პირვანდელ თანხას დაახლოებით 75%-ით აღემატება“.
„ლიბერთი ბანკის“ მონაცემებით, იმ სესხების მოცულობა, რაც პენსიონერებს აქვთ აღებული, 376 მლნ ლარია.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
საქართველოს მთავრობამ 11 თებერვალს დაადასტურა ინფორმაცია, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.
მთავრობის განცხადებით, საპენსიო გასაცემლით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალურ ზღვრად 26% დაწესდება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ შემცირდეს.
„ეს არ არის სუბსიდირება“ – გვენეტაძე
კობა გვენეტაძემ 17 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ხელისუფლების გადასაწყვეტია, რა პირობებში ან როგორ უნდა პენსიების დარიგება“. მისი თქმით, ეროვნული ბანკი მონაწილეობს ამ საკითხზე მომუშავე სამთავრობო კომისიაში, როგორც მრჩეველი, „მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არის ხელისუფლების“.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ სახელმწიფო არ მოახდენს სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებას, თუმცა დაადასტურა, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდება პენსიების დარიგების ხარჯის სახელმწიფოს მხრიდან დაფარვის ფონზე:
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის სუბსიდირება, რადგანაც ეს არის ის თანხა, რასაც „ლიბერთი ბანკი“ ხარჯავდა, როცა პენსიები რიგდებოდა. და ახლა, როდესაც მოხდება ამ თანხის გადახდა, ეს იქნება ჩვეულებრივ მომსახურებაში გადახდა. როგორც ბიუჯეტი იხდის სკოლის აშენებაში, გზის დაგებაში და ა.შ., ეს არის ის სამუშაო, რასაც ის განახორციელებს და ამაში ის მიიღებს ანაზღაურებას“, – განაცხადა გვენეტაძემ.
„პროცესი იქნება გახსნილი“
კითხვაზე, ხომ არ მოხდება ამ გადაწყვეტილებით „ლიბერთი ბანკის“ თამაშიდან გამოთიშვა და ხომ არ გააუარესებს ვითარებას კონკურენციის კუთხით, კობა გვენეტაძემ განაცხადა:
„რაც შეეხება კონკურენციას, ეს პროცესი ახლა იქნება გახსნილი, ნებისმიერ ბანკს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს პროცესში. ბანკზე იქნება დამოკიდებული, უნდა თუ არა მონაწილეობა. ვფიქრობ, ეს დადებითი მოვლენაა. ის, თუ ვინ გაიმარჯვებს, წინასწარ ამაზე რთულია [კომენტარის გაკეთება]. კონკურსის პირობების შედეგად გამოვლინდება ის კომერციული ბანკი, რომელიც ამის [პენსიების დარიგების] უფლებას მიიღებს“.
„საქართველოში არიან დიდი ბანკები, არიან შედარებით პატარა ბანკები. საქართველოს საბანკო სისტემა არის მაღალკონცენტრირებული სისტემა, თუმცა ის არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეს ასეა. ასეთი ქვეყნებია ფინეთი, შვედეთი, დანია. ამას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. კონკურენცია საბანკო სექტორში არის ძალიან დიდი იმის მიხედვით, თუ რომელ სეგმენტებს ემსახურებიან ეს ბანკები და ვფიქრობთ, ეს ასევე გაგრძელდება“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება საპენსიო სესხების რაოდენობას, გვენეტაძემ ეს საკითხი გლობალურ პანდემიას დაუკავშირა და განაცხადა:
„პანდემიის შემდეგ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, სიღარიბის დონე არის გაზრდილი, რადგან შეუძლებელია, როდესაც ასეთი დიდი შოკი ხდება, რაიმე გავლენა არ მოახდინოს“.
„ლიბერთი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ვაჟა მენაბდე ამბობს, რომ არ გამორიცხავს, ახალი საპენსიო ტენდერის პირობების გამოცხადების შემდეგ საპენსიო სესხებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს, ან ამ კატეგორიის პროდუქტი საერთოდ გაქრეს ბაზრიდან.
მისი თქმით, ბანკის ახალმა მენეჯმენტმა შესაძლოა საპენსიო გასაცემლების შესახებ ტენდერში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილება მიიღოს.
გირჩევთ ამ თემაზე: