საქართველოს მთავრობის განცხადებით, მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით. მთავრობის განცხადებით, საპენსიო გასაცემლით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალურ ზღვრად 26% დაწესდება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ. შემცირდეს.
ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაავრცელა, რომელიც აღნიშნულ საკითხზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის წევრია, მოგვიანებით კი მთავრობამაც დაადასტურა.
ელისაშვილი განმარტავს, რომ კონკურსში გამარჯვებული ბანკი 7 წლით სოციალური გასაცემების დარიგების უფლებას მოიპოვებს. მისი თქმით, კონკურსის პირობების მიხედვით, დაწესებული იქნება საპენსიო სესხებზე ზედა ზღვარი. კერძოდ, დაწესდება 26%-იანი ლიმიტი პენსიონერებისთვის გასაცემი სესხის საპროცენტო განაკვეთზე, კონკურსში კი ის ბანკი გაიმარჯვებს, რომელიც ნაკლებ პროცენტს წარმოადგენს.
სანაცვლოდ, ელისაშვილის თქმით, სახელმწიფო გამარჯვებულ ბანკს პენსიების დარიგებაში წლიურად 15 მილიონ ლარს გადაუხდის:
„მთავრობა გამოაცხადებს კონკურსს, 26%-ზე მეტად ვეღარ გასცემენ ბანკები სესხს პენსიონერებზე. სახელმწიფო ყოველ წელს გადაიხდის 15 მილიონს სუბსიდირების სახით… იმ ბანკს მისცემს, ვინც პენსიებს დაარიგებს. ლიბერთი ბანკი არანაირ თანხას პენსიის დარიგებაში არ იღებდა.
ახლა ამბობს სახელმწიფო, რომ ყოველ წელს პენსიების დარიგებაში იმ ბანკს მისცემს 15 მილიონს და აწესებს 26- პროცენტიან ზედა ზღვარს. კონკურსის პირობებში წერია, რომ ვინც ნაკლებ პროცენტს შესთავაზებს, ის ბანკი გაიმარჯვებს“ ,- ამბობს ალეკო ელისაშვილი.
საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხებზე ბოლო წლებში 43.55 პროცენტიდან 30.69%-მდე შემცირდა. სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.
ვრცლად ამ თემაზე