კომპანია „ბიტექსჩეინჯი“ ეროვნული ბანკის განცხადებას მათთვის დაკისრებული 572 118 000 ლარის ჯარიმის შესახებ დაუსაბუთებელსა და უპასუხისმგებლოს უწოდებს.
კომპანიის განცხადებით, ასევე დაუსაბუთებელია თავად სებ-ის, როგორც მარეგულირებელის ქმედებები და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის კანონიერებაც ამჟამად სასამართლოშია გასაჩივრებული.
„განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ეროვნული ბანკი საჯაროდ წარმოაჩენს სადავო დასკვნებს დადასტურებულ ფაქტებად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება ამავე უწყების საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ“, – აცხადებს „ბიტექსჩეინჯი“.
„ბიტექსჩეინჯის“ განცხადებით, ეროვნულ ბანკს თვეების განმავლობაში ხელთ ჰქონდა მათი არაერთი ოფიციალური მიმართვა, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი შემოწმების მიმდინარეობის, ინტერესთა კონფლიქტისა და კონკურენტების მიმართ შერჩევითი მოპყრობის გარემოებები.
„ჩვენ ვითხოვდით ამ საკითხების შესწავლას, ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან დროებით ჩამოშორებასა და შემოწმების მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას. ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული მოთხოვნები უგულებელყო და შესაბამისი რეაგირების ნაცვლად კომპანიას უპრეცედენტო, ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი და აშკარად არაპროპორციული ჯარიმა დააკისრა.
შერჩევითი მოპყრობის კონკრეტული მაგალითია ჩვენი პირდაპირი კონკურენტი, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებული შპს „კრიპტომატი“. მარეგულირებლის უმოქმედობამ „ბიტექსჩეინჯი“ არჩევანის წინაშე დააყენა: ან კონკურენტისგან განსხვავებით ცალმხრივად აგვემოქმედებინა მომხმარებელთა იდენტიფიკაცია, რაც კომპანიის შემოსავლების კატასტროფულ შემცირებასა და გადახდისუუნარობის საფრთხეს ქმნიდა, ან დავლოდებოდით ყველა ოპერატორისთვის შეთანხმებულ თარიღს“, – აცხადებს „ბიტექსჩეინჯი“.
„ბიტექსჩეინჯი“ ყურადღებას ამახვილებს მოვლენათა ქრონოლოგიაზე და განცხადებას მტკიცებულების სახით თან ურთავს აუდიოს, რომელიც კომპანიის თანახმად, ვახტანგ ვახტანგიშვილისგან WhatsApp-ით მიღებული 2026 წლის 15 მარტის აუდიოშეტყობინებაა, თანმხლები WhatsApp-მიმოწერით.
„2026 წლის 18 თებერვალს გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა პატიმრობიდან. 25 თებერვალს „კრიპტომატის“ წარმომადგენელმა ვახტანგ ვახტანგიშვილმა გვაცნობა, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაციის ამოქმედების თარიღი — 2 მარტი, 13:00 საათი — ეროვნულ ბანკთან ჰქონდათ შეთანხმებული. შეთანხმებულ თარიღზე იდენტიფიკაცია ორივე კომპანიამ აამოქმედა, თუმცა 13 მარტს „კრიპტომატმა“ იგი კვლავ გათიშა.
ჩვენს შეკითხვაზე ვახტანგიშვილმა 15 მარტს გამოგვიგზავნა თანდართული აუდიოშეტყობინება, რომელშიც ისმის ფრაზები: „რაც ბოლო პერიოდში მოხდა“, „არ გვართვევინებდნენ“, „მოვგვარდით“. ჩანაწერის ბოლოს იგი ასევე აცხადებს, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაციას მომდევნო სამშაბათს ჩართავდნენ. თუმცა ეს „სამშაბათი“ რამდენიმე თვის განმავლობაში არ დადგა — „კრიპტომატი“ კვლავ აგრძელებდა საქმიანობას მომხმარებელთა იდენტიფიკაციის გარეშე, ხოლო ეროვნული ბანკი, არაერთი შეტყობინებისა და წარდგენილი მტკიცებულების მიუხედავად, მოთხოვნების თანაბარ აღსრულებას არ უზრუნველყოფდა.
აღნიშნული გარემოებები, ბაჩიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისა და მანამდე მისი, როგორც „კრიპტომატის“ მნიშვნელოვანი წილის მფლობელის, კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის პრობლემების გათვალისწინებით, მიუთითებს არსებული დაბრკოლებების მოგვარების მცდელობაზე. მიმოწერა და აუდიოჩანაწერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დასადასტურებლად, რომ ეროვნული ბანკი ინფორმირებული იყო „კრიპტომატის“ საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესებისა და იდენტიფიკაციის ამოქმედების შეთანხმებული პირობების შესახებ. მიუხედავად ამისა, მარეგულირებელმა მოთხოვნების თანაბარი აღსრულება არ უზრუნველყო.
„ბიტექსჩეინჯმა“ იდენტიფიკაციის მოთხოვნების შესრულება განაგრძო, რამაც იგი კონკურენტულად არათანაბარ პირობებში ჩააყენა და შემოსავლების კატასტროფული შემცირება გამოიწვია. ეროვნულ ბანკს დარღვევების შესახებ არაერთხელ მივაწოდეთ წერილობითი შეტყობინებები და ვიდეომტკიცებულებები, თუმცა შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი, მძიმე ფინანსური დანაშაულისთვის ნასამართლობის მიუხედავად, კვლავ ფიგურირებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მნიშვნელოვანი წილის მფლობელად. ეროვნული ბანკის №94/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ პირს ასეთ მონაწილეობას უკრძალავს. მოვითხოვთ განმარტებას, რატომ არ იქნა უზრუნველყოფილი აღნიშნული მოთხოვნის აღსრულება, ჩატარდა თუ არა „კრიპტომატში“ ანალოგიური შემოწმება და რატომ არ გამოიყენა მარეგულირებელმა ამ კომპანიის მიმართ ის საზედამხედველო ზომები, რომლებიც „ბიტექსჩეინჯის“ მიმართ გამოიყენა“, – აცხადებს „ბიტექსჩეინჯი“.
„ბიტექსჩეინჯის“ განცხადებით, ცალკე პასუხს მოითხოვს ნანა ყეინიშვილისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესების საკითხი.
კომპანიის განცხადებით, ეროვნულ ბანკს არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები ყეინიშვილის მიერ რეგულირებული კომპანიების საქმიანობაში შესაძლო ფაქტობრივი მონაწილეობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
„მოვითხოვთ განმარტებას, როგორ დარეგისტრირდნენ და საქმიანობდნენ მასთან და მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიები, როგორ დადგინდა მათი ფაქტობრივი მფლობელობა და კონტროლი და როგორ იყო უზრუნველყოფილი ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება მათი რეგისტრაციისა და ზედამხედველობის პროცესში. რატომ გახდა ნანა ყეინიშვილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან ჩამოშორება შესაძლებელი მხოლოდ საკითხის საჯაროდ გახმაურების შემდეგ, როდესაც შესაბამისი მოთხოვნა თვეებით ადრე გვქონდა წარდგენილი?“, – აცხადებს „ბიტექსჩეინჯი“.
„ბიტექსჩეინჯი“ მოუწოდებს ეროვნულ ბანკს, „შეწყვიტოს სადავო დასკვნების დადასტურებულ ფაქტებად წარმოჩენა და საჯაროდ უპასუხოს მისივე ქმედებებისა და უმოქმედობის შესახებ დასმულ კითხვებს“.
„სახელმწიფო მარეგულირებელი ვალდებულია, კანონი თანაბრად აღასრულოს და უზრუნველყოს მიუკერძოებელი ზედამხედველობა. თუ ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს ჩვენი მოთხოვნების უგულებელყოფასა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებას, კომპანიის წარმომადგენლები საჯაროდ, მაქსიმალური დეტალიზაციით წარმოადგენენ მიმდინარე მოვლენების ქრონოლოგიას, დოკუმენტურ მტკიცებულებებსა და ეროვნული ბანკის კონკრეტული თანამდებობის პირების როლს აღნიშნულ პროცესებში, კანონით დასაშვებ ფარგლებში“, – აცხადებს „ბიტექსჩეინჯი“.
9 ოქტომბერს დილით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით გამოძიება დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას გულისხმობს.
პროკურატურის განცხადება წინ უსწრებდა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებას, რომლის თანახმად, ნანა ყეინიშვილი ითხოვდა ეროვნული ბანკის რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს, კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა ის 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
10 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ნანა ყეინიშვილს გაემიჯნა.
როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ნანა ყეინიშვილი მარტო მოქმედებდა.
სებ-ის განცხადებით, „ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე“, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.
ამასთან, სებ-ის განცხადებით, „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა
ამავე განცხადებაში ეროვნული ბანკი „ბიტექსჩეინჯ“-ის დაჯარიმების პროცედურასა და ისტორიას აღწერს.
სებ-ის განცხადებით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის კომპანიას ჯამში 572 118 000 ლარის, ხოლო კომპანიის ორ ადმინისტრატორს, თითოეულს, დამატებით 7 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.
„კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, კომპანიამ თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განახორციელა ოპერაციები ისე, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათი ვინაობის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა. ხაზგასასმელია, რომ კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია სავალდებულოა თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, თანხის ოდენობის მიუხედავად. ამასთან, თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით კლიენტის ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესით, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო“, – აცხადებს სებ-ი.
