ახალი ამბები

„ლიბერთი“ სოციალური სესხების მომხმარებლებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს – ომბუდსმენი

25 იანვარი, 2022 • 2521
„ლიბერთი“ სოციალური სესხების მომხმარებლებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, „ლიბერთი ბანკი“ საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისას სათანადოდ არ ითვალისწინებს სოციალური სესხების მომხმარებელთა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც ამ პირებს გაუმართლებლად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

ომბუდსმენის თქმით, სოციალური სესხების მომხმარებლები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პირები არიან, მათ შორის ღატაკი ოჯახები, ვეტერანები, დევნილთა სტატუსის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პენსიონერები და იმ სახელმწიფო დახმარებების მიმღები სხვა პირები არიან, რომელთა ძირითადი დანიშნულება მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის ღირსეული სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, მათი ელემენტარული საარსებო (სასიცოცხლო) საშუალებებით უზრუნველყოფაა.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, მოსახლეობის ამ ნაწილს სწორედ სახელმწიფო დახმარებებით უწევს სესხის დაფარვა:

„საპროცენტო განაკვეთის დადგენილი ოდენობის შედეგად (30.69%), ბანკისთვის უკან გადასახდელი თანხა, საბოლოოდ, სესხის სახით მიღებულ პირვანდელ თანხას დაახლოებით 75%-ით აღემატება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები სოციალურ სესხებზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირების მიზნით“ – აცხადებს სახალხო დამცველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სოციალური (ე.წ. „საპენსიო“) სესხების საპროცენტო განაკვეთის ოდენობის შემცირება მოითხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი