ახალი ამბები

საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის 30.69% იქნება – პენსია სესხად 

27 იანვარი, 2020 • 3545
საპროცენტო განაკვეთი პენსიონერებისთვის 30.69% იქნება – პენსია სესხად 

საპენსიო სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 1.31%-ით შემცირდა და 30.69 პროცენტია.

“ნეტგაზეთმა” აღნიშნულ საკითხზე გასული წლის ზაფხულში სტატია და ვიდეოისტორია მოამზადა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის აგვისტოს მონაცემებით, საპენსიო სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 32 პროცენტი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასულ აგვისტოთვის საქართველოში 754 165 პენსიონერი ცხოვრობდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათგან ნახევარზე მეტს, ანუ 380 403 პირს საპენსიო სესხი ჰქონდა აღებული.

2018 წელს საპენსიო სესხების ეფექტური საპროცენტო განაკვეთი “ლიბერთი” ბანკში 43.55% იყო. ამაზე მოწმობს “ლიბერთი ბანკსა” და ერთ-ერთ პენსიონერს შორის 2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც “ბათუმელებმა” მოიპოვა. მაშინ სამომხმარებლო სესხი არაპენსიონერს რომ აეღო, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 20-22 პროცენტი იქნებოდა.

2019 წლის აგვისტოში, როცა “ნეტგაზეთმა” ამ თემაზე სტატია მოამზადა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის იმდროინდელი თავმჯდომარე კაკი ზოიძე ამბობდა, რომ პენსიონერების შემთხვევაში მაღალი პროცენტი რისკებიდან გამომდინარეობდა. თუმცა ზოიძე აღნიშნავდა, რომ ეს მიდგომა სამართლიანი არ იყო და მაქსიმუმ 2019 წლის ბოლოს შეიცვლებოდა.

“ადამიანებს ძალიან დიდ ტვირთად აწვებათ. მით უმეტეს, პენსიონერებს, რომელთა დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველია. მართლაც აუტანელი პროცენტებით ხდება სესხების გაცემა. სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და შეცვალოს ეს პირობები. სახელმწიფო ახლა გააკეთებს იმას, რომ ასე აღარ იყოს. ერთი გავაკეთეთ, რომ ჩამოვიდა 50-ზე, შემდეგ ჩამოვიდა 32-ზე [2019 წლის] შემოდგომიდან ეს პრობლემა აღარ იქნება”, – ამბობდა კაკი ზოიძე.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, თუ დაიკლო საპროცენტო განაკვეთმა, როგორც ამას სტატიაში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაკი ზოიძე ამბობდა და “ლიბერთი” ბანკს, როგორც მომხმარებელი, ისე დაუკავშირდა. ბანკის ოპერატორმა განგვიცხადა, რომ საპენსიო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ამ ეტაპზე 30.69 პროცენტია და აღნიშნული ტარიფი 2019 წლის დეკემბრიდან მოქმედებს.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ზღვარს, სებ-ში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დადგენილია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რაც 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

“კანონმდებლის მიერ დაწესებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია განაკვეთის ნებისმიერი ოდენობა. წინამდებარე მოთხოვნა ვრცელდება ნებისმიერ გამსესხებელზე, მათ შორის, სს „ლიბერთი ბანკზე”, – განგვიმარტეს ეროვნულ ბანკში.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს დაუკავშირდა. დეპუტატი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა საპროცენტო განაკვეთის შემცირება, როდის ან როგორ.

იმავე კითხვით, იგეგმება თუ არა საპროცენტო განაკვეთის კიდევ უფრო შემცირება, “ლიბერთი” ბანკს ოფიციალურადაც მივმართეთ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ამავე თემაზე წაიკითხეთ სტატია ჩვენი არქივიდან:

პენსია სესხად

მასალების გადაბეჭდვის წესი