ახალი ამბები

პენსია სესხად

6 აგვისტო, 2019 • 8720
პენსია სესხად

65 წლის გუგული აბულაძე აჭარაში, ხულოში ცხოვრობს. პენსიონერია. რვა თვის წინ ბანკიდან საპენსიო სესხი გამოიტანა. 700 ლარი მას ზამთრისთვის შეშის საყიდლად სჭირდებოდა. სესხად აღებული თანხის დაბრუნება გუგულის 1 წელზე – (თვეში 120 ლარი) გადაუნაწილეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 754 165 პენსიონერია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათგან ნახევარზე მეტს ანუ 380 403 პირს საპენსიო სესხი აქვს აღებული – ერთ-ერთი მათგანი გუგული აბულაძეა. წაიკითხეთ ისტორია ქალის, რომელიც სრულიად მარტოა და გადარჩენისთვის იბრძვის.

_________

„მარტოხელა ვარ. არც და-ძმა მყავს, არც მშობლები. მთელი ჩემი ცხოვრება ვცხოვრობდი ხულოში, სოფელ ქედლებში. მქონდა ერთი ძველი ხის სახლი. დედაჩემმა იყიდა თავის დროზე და დადგა. სანამ ცოცხალი იყო, ერთად ვცხოვრობდით, კარგად ვიყავით. მერე დედა გარდამეცვალა და სულ მარტო დავრჩი. მიწაც არ მქონდა ჩემს საკუთრებაში, რომ დამემუშავებინა. ჩემს სახლთან ახლოს ჩემმა ბიძაშვილმა ააშენა ახალი სახლი, ჩემი სახლი ჩაბნელდა, მზე აღარ შემოდიოდა, დღისითაც კი სინათლე უნდა აგენთო. სინათლეს რომ ვანთებდი, იმას გადახდა უნდოდა. ვერ ვიხდიდი. თან ეს სახლი ინგრეოდა. ზამთარში ქარი, წვიმა – ყველაფერი შემოდიოდა სახლში. რთული პირობები იყო, წყალიც არ მქონდა და შორი მანძილიდან მიწევდა მოტანა, საჭმელი რომ გამეკეთებინა ან რამე გამერეცხა. იქ გაჩერება არ შეიძლებოდა.

ვიფიქრე, წავალ ხულოში [ადმინისტრაციული ცენტრი] და რამე იქნება-მეთქი. ორი წელია ხულოში გადმოვედი საცხოვრებლად და ნაქირავებში ვცხოვრობ. რამდენჯერმე მივმართე ხულოს მერიას დასახმარებლად. ვითხოვდი, გადმომეცით ერთი ოთახი დროებით საცხოვრებლად, როდესაც მე მოვკვდები, შემდეგ ისევ მერიას დაუბრუნდეს ეს ოთახი-მეთქი. ბინა არ მომცეს, მაგრამ დამიფინანსეს ბინის ქირა – 150 ლარს მიხდის მერია ყოველთვე ბინის ქირას.

როგორ ვირჩენ თავს

პენსიონერი ვარ. 240 ლარი მაქვს პენსია. 50 ლარი მაქვს სოციალური დახმარება. ადრე 60 მქონდა, მერე ათი ლარი მოაკლეს, რატომ არ ვიცი და 50 დამრჩა. რასაც ვიღებ, მთელი ფული ვალებში მეხარჯება.

საჭმელს დღეში ერთხელ უფასო სასადილოში ვჭამ, უფრო სწორად, მივდივარ სასადილოში და მომაქვს სახლში. იქ კაცები არიან და იმათთან ერთად ჭამა არ შემიძლია. ამას გარდა, მჭირდება ისეთი საკვები, როგორიცაა: ბრინჯი, შაქარი, ზეთი. ფული არ მრჩება, რომ ვიყიდო, ამიტომ მივდივარ და ნისიად მომაქვს. თვის დასაწყისში პენსიას ვიღებ და ვისტუმრებ.

[red_box]პენსია სესხად[/red_box]

შარშან ნოემბერში ძალიან ციოდა. შეშა მჭირდებოდა. გამგეობამ ბინის ქირა კი დამიფინანსა, მაგრამ გათბობაზე მე უნდა მეზრუნა. შეშა ვიყიდე, 700 ლარი სჭირდებოდა. ფული არ მქონდა და მივედი ბანკში. ვიცოდი, რომ შემეძლო პენსია გამომეტანა წინასწარ. ვიფიქრე, გამოვიტან პენსიას და შეშას ვიყიდი-მეთქი. ჩემმა დეიდაშვილმა თავისი მანქანით მომიტანა შეშა. რომ შეხედა ჩემს გაჭირვებას, 600 ლარი გამომართვა, ასი ლარი დამიტოვა, ცოდო ხარ და შენ გამოიყენეო.

პენსია სესხად

გუგული აბულაძემ სესხი შეშის საყიდლად გამოიტანა. პენსიის ნახევარს – 120 ლარს სესხში, მეორე ნახევარს სხვა ვალებში. ამბობს, რომ ვალების დარიგების შემდეგ 5 ლარიღა რჩება.ნახეთ მარტოხელა ქალის ისტორიაამავე თემაზე სტატია: https://netgazeti.ge/news/385391/

Posted by netgazeti.ge on სამშაბათი, 06 აგვისტო, 2019

ნოემბრის მერე ვიხდი ამ სესხს, ვიხდი, ვიხდი და აღარ დამთავრდა. 120 ლარს ვტოვებ ყოველთვე ბანკში. ის 120 ლარი, რაც მრჩება, ვერაფერში ვეღარ მოვიხმარე. წინა თვეში პენსიის ასაღებად რომ მივედი, ვიკითხე და მითხრეს ბევრი აღარ გაქვს დარჩენილი, 400 ლარია კიდევო.

პენსიას სესხად რომ ვიღებდი, კი მომცეს ხელშეკრულება, თუმცა არ წამიკითხავს. ბანკის თანამშრომლებმა წაიკითხეს და მომცეს.

[blue_box]როგორ ვანაწილებ დარჩენილ პენსიას[/blue_box]

ყოველ 14 რიცხვში მივდივარ ბანკში, ამ დღეს არის ჩვენი პენსია. დასატოვებელი რაც მაქვს – 120 ლარი, ვტოვებ და 120 ლარი მომაქვს სახლში. ძლივს ვანაწილებ ამ თანხას. ყველგან ვალი მაქვს. შაქარი, ბრინჯი, ზეთი, პურის ფქვილი – ყველაფერი ნისიად გამომაქვს თვის განმავლობაში. წნევას ვატარებ. სულ წამლები მჭირდება.

სანამ შეშის საყიდლად პენსიას გამოვიტანდი სესხად, სხვა პატარ-პატარა ვალები მქონდა, რომელსაც პენსიიდან ყოველთვე ვფარავდი. ხოფის ბაზრობაზე მქონდა ვალი – ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები ვიყიდე. ფული რომ არ მქონდა, ნაც

ნობმა ნისიად გამომატანა. ამ ზამთარს კიდევ ავად გავხდი. წამლები რომ მეყიდა, ფული არ მქონდა. წავედი აფთიაქში და ვთხოვე, რომ ნისიად მოეცათ. პენსიის აღების შემდეგ, ვალების ნაწილს რომ გავისტუმრებ, მერე ფული აღარ მრჩება, მაქსიმუმ 5 ლარი დამრჩეს. ზოგჯერ შოკოლადი მინდება…

ახლა ხოფაზე რა ვალიც მქონდა, ის დავფარე და მიხარია, მომდევნო თვეში აღარ მექნება გადასახდელი.

გუგული აბულაძე, პენსიონერი

სამსახური

მუშაობით ადრე ვმუშაობდი, ასე 20 წლის წინ. ხულოში ფაბრიკა იყო და იმ ფაბრიკაში მეუთოვე ვიყავი – ტანსაცმელს ვაუთოვებდი. კარგი ფულიც გამომდიოდა. მერე ეგ ფაბრიკა დაიხურა და აღარ მიმუშავია. ხულოში რომ გადმოვედი, ვცადე სამუშაო მეპოვნა. ვიფიქრე, დამლაგებლად მაინც ვიმუშავებ-მეთქი. სადაც კი მივედი, არსად სამსახური არ იყო. იქნება, იქნებაო და ჯერ ვერაფერი ვერ ვიშოვე.

კი, ხშირად ავადვმყოფობ, მაგრამ დალაგება შემიძლია და სამსახური რომ იყოს, დამლაგებლად მაინც ვიმუშავებდი.

ხშირად, როცა სხვა ადამიანებს ვუყურებ, ჩემი ასაკისას, ვხვდები, რომ ჩემნაირი არავინ არაა. მე რომ მიჭირს, ისე არავის არ უჭირს.

ხელისუფლებას ერთ რამეს ვთხოვ – ბინა მომცენ ან ფული, რომ ვიყიდო და როცა მოვკვდები, წაიღონ ისევ უკან. მეუბნებიან, მალე იქნება, მალე იქნება და ვნახოთ, როდის იქნება.

პენსია სესხად – რატომ იხდიან პენსიონერები მაღალ პროცენტს

✅ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში 754 165 პენსიონერია. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათგან ნახევარზე მეტს ანუ 380 403 პირს საპენსიო სესხი აქვს აღებული. ✅2019 წლიდან საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი 32%-ია. ცვლილებამდე პენსიონერებს უფრო მაღალი პროცენტის გადახდა უწევდათ.✅მაგალითად, 2018 წელს “ლიბერთი ბანკსა” და ერთ-ერთ პენსიონერს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად 43.55% მითითებულია. პენსიონერმა ბანკიდან 36 თვით 2088 ლარი სესხად გამოიტანა. კრედიტის მომსახურების საკომისიომ კი 1277 ლარი შეადგინა.

Posted by netgazeti.ge on სამშაბათი, 06 აგვისტო, 2019

_______________

მასალა მომზადებულია პროექტის “უჩინარების ისტორიები” ფარგლებში.

ავტორები: ცაგო კახაბერიძე, მანანა ქველიაშვილი, მარიამ ბოგვერაძე

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი