საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია არა დაგეგმილი 20 ლარით, არამედ 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარს გაუტოლდება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, კანონმდებლობით მოქმედი ინდექსაციის წესი პენსიის მხოლოდ 20 ლარით ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა მთავრობამ აღნიშნული თანხის 45 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილება არ ეხება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირებს, რომელთათვისაც კანონით განსხვავებული დანამატები მოქმედებს. გადაწყვეტილების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში საპენსიო ხარჯები დამატებით 128 მილიონი ლარით გაიზრდება.

მან ხაზი გაუსვა ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით არსებულ დანახარჯებს, რომლის წილიც საერთო ბიუჯეტის 33 პროცენტს აღემატება.

„2026 წელს ასაკობრივ პენსიებზე გამოყოფილი იყო 5 მილიარდ ლარზე მეტი, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებაზე — 540 მილიონი ლარი. შედარებისთვის, პენსიებზე 2012 წელს მხოლოდ 1 მილიარდ 65 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი“, — აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან ერთად, კობახიძემ ფისკალურ დისციპლინასა და მაკროეკონომიკურ რისკებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით სოციალური ხარჯები უკვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ რეკომენდებული დასაშვები ნორმის ზღვარზეა და ამ ზღვრის გადალახვას შესაძლოა ნეგატიური ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.

„აღნიშნული ზღვრის გადალახვა მნიშვნელოვნად შეანელებს ეკონომიკურ ზრდას და ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს, რაც სოციალური ხარჯების ეფექტურობაზეც პირდაპირ აისახება. ზღვარს ზემოთ სოციალური ხარჯების გაზრდა შეამცირებს ფისკალური კონსოლიდაციის ხარისხს, რაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ საქართველოს დაფინანსებაზეც უარყოფით გავლენას იქონიებდა“, — განაცხადა კობახიძემ.

მიუხედავად აღნიშნული რისკებისა, ირაკლი კობახიძის თქმით, “ოცნების” მთავრობა ინარჩუნებს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლებშიც მაქსიმალურად ეცდებიან, დასაშვები ნორმის ფარგლებში, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ.