ახალი ამბები

უკრაინაში აშშ-ის საელჩო თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაციას ითხოვს — CNN

22 იანვარი, 2022 • 1242
უკრაინაში აშშ-ის საელჩო თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაციას ითხოვს — CNN

აშშ-ის საელჩო კიევში სახელმწიფო დეპარტამენტს სთხოვს, დაუშვას მეორეხარისხოვანი პერსონალისა და მათი ოჯახების უკრაინიდან გამგზავრება — იუწყება ტელეკომპანია CNN, წყაროებზე დაყრდნობით.

აღნიშნული ცნობები უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებული შიშების ფონზე ვრცელდება.

ტელეარხის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამერიკულმა მხარემ უკრაინას აცნობა, რომ ევაკუაციის პროცესი, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დაიწყება.

“წყაროს თქმით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ საკითხზე გაესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს და უთხრა, რომ თუ შეერთებული შტატები გადადგამს ასეთ დრამატულ ნაბიჯს, ეს “გადაჭარბებული რეაქცია” იქნება”, — აღნიშნავს CNN.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ დეპარტამენტი კერძო დისკუსიებზე კომენტარს არ გააკეთებს. მისივე თქმით, გადაწყვეტილებები საზღვარგარეთ მყოფი პერსონალის შესახებ ეფუძნება ერთ კრიტერიუმს: ამერიკელების უსაფრთხოებას.

მეორე მხრივ, 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი უკვე კიევშია.

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, პირველი პარტია მოიცავს 90 ტონა ლეტალურ იარაღს, საბრძოლო მასალის ჩათვლით. უწყება აღნიშნავს, რომ ფაქტი აჩვენებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას უკრაინის სუვერენული უფლებისადმი, დაიცვას თავი.

უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრასთან დაკავშირებით გაძლიერებული შიშების ფონზე, ბოლო პერიოდში ნატოს არაერთმა წევრმა გამოთქვა კიევისათვის შეიარაღების მიწოდებისათვის მზადყოფნა.

მიმდინარე კვირაში აშშ-მ ნება დართო ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს, ამერიკული წარმოების იარაღი მიაწოდონ უკრაინას. ალიანსის არაერთი წევრი — მათ შორის, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი — თანახმაა, კიევს შეიარაღება პირდაპირ მიაწოდოს.

რა ხდება?

რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან.

გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს.

რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა:

  • არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო;
  • არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება;
  • უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი.

ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

აშშ არ წარადგენს წერილობით პასუხს რუსეთის წინადადებებზე 21 იანვრის შეხვედრაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი