ახალი ამბები

აშშ არ წარადგენს წერილობით პასუხს რუსეთის წინადადებებზე 21 იანვრის შეხვედრაზე

19 იანვარი, 2022 • 1621
აშშ არ წარადგენს წერილობით პასუხს რუსეთის წინადადებებზე 21 იანვრის შეხვედრაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ 21 იანვარს ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რამე დოკუმენტს არ წარუდგენს.

„მე დოკუმენტს არ წარვადგენ ამ დროისთვის. ჩვენ უნდა შევხედოთ, სად ვართ და ვნახოთ, დარჩა თუ არა შესაძლებლობები დიპლომატიისა და დიალოგის გაგრძელებისთვის“, — განაცხადა უკრაინაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მანამდე ოფიციალურმა მოსკოვმა განაცხადა, რომ სჭირდება არა უბრალოდ კომენტარები, არამედ წერილობითი პოზიცია და მიმდინარე კვირის განმავლობაში ელის აშშ-ისა და ნატო-ს წერილობით საპასუხო წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეუძლებელია შეთანხმება რუსეთის მოთხოვნაზე ნატო-ს არგაფართოებასთან დაკავშირებით და უკრაინის წინააღმდეგ მორიგი აგრესიის შემთხვევაში რუსეთს ძვირი საფასურის გადახდა მოუწევს.

ბლინკენის თქმით, აშშ-მა ასამდე კონსულტაცია გამართა უკრაინასთან, ევროპასთან, ნატოელ მოკავშირეებთან, ხვალ ის გერმანიაში გაემგზავრება, კვირის ბოლოს კი ჟენევაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შეჯამება და შემდგომი ნაბიჯების განხილვა იგეგმება.

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ენტონი ბლინკენი შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის გარეშე არ მიიღება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, უკრაინის საზღვართან თავმოყრილია დაახლოებით 100 000 სამხედრო და რუსეთს მოკლე დროში შეუძლია მათი რაოდენობის გაორმაგება.


რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას უარყოფს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან. გასული წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ორი შეთანხმების პროექტი, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე — ნატოს. რუსეთი აშშ-სა და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას „უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ითვალისწინებს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციას, მათ შორის, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უარყოფას, რომლის თანახმადაც უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან.

მოსკოვის მოთხოვნაა, არ განთავსდეს დამატებითი ძალები და შეიარაღება იმ ქვეყნებს მიღმა, სადაც ისინი 1997 წლის მაისისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებამდე იყო; არ განთავსდეს რაკეტები იქ, საიდანაც მეორე მხარის ტერიტორიას საფრთხე შეექმნება; უარი ითქვას უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სამხედრო საქმიანობაზე.

11 იანვარს ჟენევაში აშშ-რუსეთის დიპლომატიური მოლაპარაკებები გაიმართა, 12 იანვარს ბრიუსელში — ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო 13 იანვარს ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა იმართება. ამ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ნატო-ს გაფართოების შეჩერების პირობა ვერ მიიღო.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან, ვაშინგტონმა გამორიცხა აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესუსტება და რუსეთისთვის გარანტიის მიცემა, რომ ნატო არ გაფართოვდება.

დიპლომატიური მოლაპარაკაბები როგორც აშშ-თან ორმხივ, ისე ნატო-ს ფორმატში გრძელდება და მოსკოვი დასავლეთისგან წერილობით საპასუხო წინადადებებს ელის.

ამავდროულად, კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხონ.

რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგება დაიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი