ამერიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად გამოიყენოს.
ამასთან ერთად, სენატორები აცხადებენ, რომ პრინციპი — „არანაირი გადაწყვეტილება ან განხილვა უკრაინის თაობაზე უკრაინის გარეშე“ — საქართველოზეც უნდა გავრცელდეს.
წერილს ხელს აწერს ცხრა სენატორი, სენატის NATO-ს დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი.
წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ის „ორივე [უმსხვილესი] პარტია მხარს უჭერს აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებას და თავისუფლებას“, ხოლო ამჟამინდელი, „ხელოვნურად შექმნილი კრიზისი“ ასახავს, რომ პუტინი „უარს ამბობს, პატივი სცეს რუსეთის მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“.
ხელმომწერები მოუწოდებენ პრეზიდენტს, ყველა დიპლომატიური წყაროს საშუალებით „ნათელი გახადოს, რომ აშშ და მოკავშირეები არ მიიღებენ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ მისცემენ [რუსეთს] საშუალებას, შეიჭრას უკრაინაში სერიოზული შედეგების გარეშე“.
მოსკოვის მოთხოვნებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებაზე და 1997 წლის შემდეგ გაწევრიანებულ ქვეყნებში ტექნიკის განთავსებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სენატორები „მიუღებლად“ მიიჩნევენ. მათი მოსაზრებით:
„ეს მცდელობაა, თავიდან შეიქმნას რუსული გავლენის სფერო ევროპაში, სადაც კრემლს თავისუფლად შეეძლება დააშინოს და საკუთარ ნებაზე მოაქციოს ისეთი ქვეყნები, როგორც უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთი“.
სენატორები ხაზს უსვამენ მოკავშირეების „კოორდინირებულ და არაორაზროვან“ რეაგირებას პუტინის ბლეფზე და მიიჩნევენ, რომ „აშშ-მა უნდა მოახდინოს შეუპოვრობის დემონსტრირება და უარი თქვას პუტინის დაშოშმინებისთვის მიუღებელი მოთხოვნების [დაკმაყოფილებით]“.
წერილის ხელმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ:
- რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ნატოს გაფართოებაზე — ამ საკითხს მხოლოდ ალიანსის წევრები გადაწყვეტენ;
- აშშ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ერთგულია პრინციპის „არანაირი გადაწყვეტილება ან განხილვა უკრაინის თაობაზე უკრაინის გარეშე“, რომელიც საქართველოზეც უნდა გავრცელდეს;
- ნატოს კარის ღია რჩება ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან საკუთარ თავზე აიღონ და შეასრულონ წევრობის ვალდებულებები და რომელთა წევრობაც წვლილს შეიტანს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში;
- ნატომ უნდა განიხილოს წარმომადგენლობის ზრდა ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან, მათ შორის ბალტიისპირეთში, შავი ზღვის რეგიონში და პოლონეთში, რამაც უნდა შეაჩეროს რუსული აგრესია;
- აუცილებელია დამატებითი დახმარება უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე დგანან — ეს რუსეთის სამხედრო ოპერაციების დანახარჯს გაზრდის.
წერილს ხელს აწერენ:
- მარკო რუბიო (რესპუბლიკელი, ფლორიდა);
- ტომ ტილისი (რესპუბლიკელი, ჩრდილოეთ კაროლინა);
- ჯონი ერნსტი (რესპუბლიკელი, აიოვა);
- მაიკლ რაუნდსი (რესპუბლიკელი, სამხრეთ დაკოტა);
- ჯონ ბარასო (რესპუბლიკელი, უაიომინგი);
- ჯინ შაჰინი (დემოკრატი, ნიუ-ჰემფშირი);
- კრისტოფერ კუნსი (დემოკრატი, დელავერი);
- ჯეფ მერკლი (დემოკრატი, ორეგონი);
- კორი ბუკერი (დემოკრატი, ნიუ-ჯერსი);
2021 წლის ბოლოს, ოფიციალურმა მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვა, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.
რუსეთის საგარეო უწყება ამ მოთხოვნას „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებით“ ხსნიდა და ალიანსს სხვადასხვა პირობებს უყენებდა.
ამჟამად ჟენევაში რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს. თუმცა, ვაშინგტონში შეხვედრისგან „დიდ გარღვევას არ ელიან“, სანამ რუსეთი უკრაინის საზღვრიდან სამხედრო ძალებს არ გაიყვანს.
ამ თემაზე გირჩევთ: