კომენტარისამხრეთ კავკასიის ამბები

რას სთხოვს რუსეთი ნატოს და როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ – ინტერვიუ

21 დეკემბერი, 2021 • 3273
რას სთხოვს რუსეთი ნატოს და როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ  – ინტერვიუ

„ნატოში ყველა აცნობიერებს, რომ მიუხედავად ალიანსის ყველა სიძლიერისა, მას სჭირდება კონკრეტული პოლიტიკური ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივა არის სამხედრო-ტექნიკური პასუხის რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა კონსტანტინე გავრილოვმა, რომელიც სამხედრო უსაფრთხოებისა და შეიარაღების კონტროლის ვენის ჯგუფში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე ორი შეთანხმების პროექტი გამოაქვეყნა, რომელთაგან ერთი აშშ-ს მიემართება, ხოლო მეორე -ნატოს.

რუსეთი აშშ-ს და ნატოს სთავაზობს შეთანხმებას “უსაფრთხოების გარანტიებზე”, რომელიც ასევე ეხება საქართველოსაც.

რუსული შეთავაზებების თანახმად, ვაშინგტონმა უნდა გადადგას ნაბიჯები ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პრევენციისაკენ, ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ ალიანსში არ გაწევრიანდებიან საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები.

ასევე, ვაშინგტონმა იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც ამჟამად ნატოს წევრები არ არიან, არ უნდა დააფუძნოს სამხედრო ბაზები, არ გამოიყენოს მათი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი სამხედრო აქტივობისთვის და უარი თქვას ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობაზე მათთან.

რუსეთი ალიანსისაგან მოითხოვს, თავი შეიკავოს შემდეგი გაფართოებისაგან, მათ შორის არ მიიღოს თავის რიგებში “უკრაინა და სხვა ქვეყნები”. ამასთან, რუსეთის პოზიციაა, რომ ნატომ თავი შეიკავოს ნებისმიერი სამხედრო აქტივობისაგან უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე, სხვა ქვეყნებში აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.


თუ რატომ გაააქტიურა რუსეთმა ამგვარი შეთავაზებები დასავლეთისადმი სწორედ ახლა, რა უნდა გააკეთოს ნატომ რუსული პოლიტიკის საპასუხოდ და რას უნდა ელოდონ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა, მაგალითად, საქართველო, ამ და სხვა კითხვებზე პასუხისთვის ნეტგაზეთი “საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს” საერთაშორისო წესრიგისა და დემოკრატიის პროგრამის ხელმძღვანელს, შტეფან მაისტერს ესაუბრა.

რას ნიშნავს რუსეთის განცხადება, შეიძლება ამას ასევე ვუწოდოთ მოთხოვნაც დასავლეთისადმი, რის მიღწევას ცდილობს კრემლი და რატომ მაინცდამაინც ახლა?

რუსეთს სურს ნატოს შეუთანხმდეს, რომ აღარ მოხდება ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება. რუსეთის ინტერესები ძირითადად ფოკუსირებულია აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებაზე და ასევე იმაზეც, რომ აღარ განთავსდეს ნატოს პერსონალი და აღჭურვილობა ევროპის აღმოსავლეთით მდებარე წევრ სახელმწიფოებში.

ეს ასევე არის გავლენების სფეროების შესახებ შეთანხმების მოთხოვნა, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილი სახელმწიფოები, გარდა ბალტიისპირეთისა, გახდეს რუსეთის გავლენის ექსკლუზიური სფეროები.

რაც შეეხება დროს, თუ რატომ ახლა. პირველი მიზეზი, შესაძლოა, იყოს რუსეთის შიდა პოლიტიკა. მათ ნამდვილად სჭირდებათ ერთგვარი ესკალაცია. რეიტინგი დაბლა იწევს, რთული ეკონომიკური ვითარებაა, სანქციებსაც რაღაც გავლენა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ გაზისა და ნავთობის ფასები იზრდება. შესაძლოა ნატოსადმი ამგვარ შეთავაზებას რეჟიმის სტაბილიზაციის ფუნქცია ჰქონდეს.

ასევე, რუსეთში გრძნობენ, რომ ბაიდენი, ასე თუ ისე, არის სუსტი და ის შესაძლოა დათანხმდეს, რადგან ახლა ამერიკაში შიდა კრიზისია, ყურადღება მიმართულია ჩინეთისადმი, გერმანიაში ახალი მთავრობაა, საფრანგეთში მომავალ წელს იმართება საპრეზიდენტო არჩევნები. ამგვარად, რუსები ფიქრობენ, რომ ახლა ის დროა, როდესაც ვაჭრობა და იმაზე მეტის მიღება შეუძლიათ, ვიდრე ჩვეულებრივ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისადმი დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდებითა და ზელენსკის პოლიტიკით, რუსეთი შიშობს, რომ შესაძლოა, აღმოსავლეთ უკრაინაში ძალთა ბალანსი შეიცვალოს. ის ფიქრობს, რომ სიტუაციაზე კონტროლს კარგავს და ახლა სურს, ზეწოლა განახორციელოს, რათა გავლენა ჰქონდეს იარაღის მიწოდების შეზღუდვაზე.

რუსეთის პოზიცია მიანიშნებს, რომ ის არ ითვალისწინებს მეზობელი სახელმწიფოების სურვილს, დაუახლოვდნენ ნატოს, მეტიც, ამას საკუთარ ეროვნულ საფრთხედ აღიქვამს. დასავლეთმა რა უნდა დაუპირისპიროს რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების საკუთარ გავლენის სფეროებად მონიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფოები ამის წინააღმდეგნი არიან.

რთულია, რადგან არასდროს იცი, რამდენად შორს წავა რუსეთი. მას სურვილი აქვს, რომ საკმაოდ შორს მიმავალ დაპირისპირებაზეც წავიდნენ, მაგალითად, თავს დაესხან უკრაინას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, პუტინს ვესაუბროთ უსაფრთხოებაზე, მაგრამ ეს უნდა იყოს პარიზის შეთანხმების, ბუდაპეშტის მემორანდუმის, ეუთოს ფარგლებში.

კონფლიქტის დასასრულებლად გვჭირდება შეთანხმებული წესრიგი და არა ახალი წესრიგი. ეს მიუღებელია. ეს, შესაძლოა, განხილული იყოს ნატოს ევროპელ წევრებთან და ასევე, აღმოსავლეთ სამეზობლოს წევრ სახელმწიფოებთან ერთადაც.

ასევე,  ნებისმიერი თავდასხმა ნატოს აღმოსავლეთ პარტნიორებზე რუსეთს ძვირად უნდა დაუჯდეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე მოიცავს უკრაინის და სხვა პარტნიორების თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდას და ასევე სანქციებსაც რუსეთის წინააღმდეგ, თუ იქნება ისეთი შეტევებ,ი მაგალითად, უკრაინაზე, როგორიც იყო საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში.

უნდა იყოს სერიოზული რეაგირება და რუსეთმა უნდა გაიაზროს ის შედეგები, რაც მის გადაწყვეტილებებს მოჰყვება.

ის, რომ კრემლი განსაკუთრებით გააქტიურდა და ითხოვს მისი “გავლენის სფეროს” ოფიციალურად აღიარებს, ხომ არ არის იმის ბრალიც, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ხედავს ცარიელ სივრცეს ლიდერობისთვის, რომლის ათვისებაც თვითონ სურს?

სულ მცირე, ის ამას ცდილობს. რუსეთი ამგვარად მოქმედებს. თუ გრძნობ, რომ მეორე მხარე სუსტია, ცდილობ მიაღწიო საკუთარ მიზნებს, მაგრამ აქ მეორე მხარეცაა.

რუსეთს აღარ ადარდებს, თუ რას ფიქრობს დასავლეთი მის შესახებ, ის უბრალოდ აკეთებს იმას, რაც მას სურს. მეორე მხრივ, ამერიკა გადის ევროპიდან, ყურადღებას უფრო მეტად ჩინეთზე ამახვილებს, მას აქვს შიდა გამოწვევებიც და ნაკლებ როლს ანიჭებს ევროპას. ამ დროს კი რუსეთი ხედავს სუსტ დასავლეთს და ცდილობს მიიღოს უფრო მეტი.

რუსეთი ცდილობს, ის აღიარონ მულტიპოლარული მსოფლიოს ერთ-ერთ ცენტრად და მსოფლიომ მიიღოს მისი გავლენის სფეროები. ლოგიკა პრაქტიკულად იგივეა, როგორც ცივი ომის დროს.

ის ცდილობს შექმნას კონფლიქტები, რათა მიიღოს უფრო მეტი, მაგალითად უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან სამხედრო მობილიზაცია, რათა ივაჭროს და მეტის დაგროვება (საკუთარი ინტერესების მეტად მიღწევა) შეძლოს.

რუსეთში ხშირად ამბობენ, რომ მათ არ სურთ ნატო საკუთარ საზღვრებთან და  ეს მათთვის საფრთხეა, თუმცა ნატო უკვე არის რუსეთის მეზობელი (ბალტიისპირეთი, პოლონეთი), რეალურად რა იმალება ამ რიტორიკის მიღმა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ნატოს ბლოკის ქვეყნებს ეროვნულ საფრთხედ განიხილავს? 

ვფიქრობ, რომ ეს ზემოქმედებს დასავლეთის დისკურსზე, რომ დასავლეთი და რუსეთი 90-იან წლებში შეთანხმდა, რომ არ მოხდებოდა ნატოს გაფართოება, მაგრამ ეს მაინც მოხდა. ისინი ამ ისტორიულ არგუმენტს იყენებენ, ჰქონდეს „უფლება“ შეეწინააღმდეგოს ნატოს გაფართოებას და ასევე, რათა გაყოს ჩვენი საზოგადოებები და პოლიტიკური ელიტები.

მეორე საკითხია, რომ რუსეთი ცდილობს დაადანაშაულოს მეორე მხარე იმისთვის, რასაც თავად აკეთებს.

ის თავს ესხმის, პროვოკაციას უწყობს რომელიმე ქვეყანას და შემდეგ აცხადებს, რომ „შეხედეთ, უკრაინელები არიან აგრესორები“. ის თავადვე ქმნის საკუთარ „უფლებას“, რომ ამგვარი ქმედებები ჩაიდინოს. ეს არის რუსეთის ტიპური ტაქტიკა და ის ზოგჯერ მუშაობს.

ზოგჯერ დასავლეთშიც ფიქრობენ, რომ უმჯობესია არ შევაწუხოთ რუსეთი და ყველაფერი კარგად იქნება.

მინდა პოლიტიკური ელიტების გაყოფის საკითხი გავაგრძელო. შეიძლება თუ არა, რომ რუსეთის მიერ წამოყენებული წინაპირობები ნატოს ბანაკის ქვეყნებს შორის, მაგალითად, აშშ-სა და ევროპელებს შორის, ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობის შექმნის მცდელობაც იყოს?

რუსეთთან მიმართებით სულ უფრო ნაკლებად არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

ხერხები და საშუალებები, როგორც რუსეთი იქცევა უკრაინასა და მის სამეზობლოში, ის, თუ როგორ კლავს ადამიანებს, მათ შორის ევროკავშირშიც, ვფიქრობ, აქრობს აზრთა სხვადასხვაობას.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვეყნები, როგორიც არიან ავსტრია, იტალია, პორტუგალია, რომლებშიც შესაძლოა, ეს მუშაობდეს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებად და ნაკლებად.

რუსეთთან ურთიერთობის ისტორიისა და ზოგადად გეოპოლიტიკის თეორიის გათვალისწინებით, რამდენად რაციონალურია მოსაზრება, რომ „დათმობების“ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობები დათბება და, მაგალითად, ის პატივს სცემს მეზობელი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას და „კიდევ უფრო მეტს“ არ მოითხოვს?

არ შეიძლება რუსეთს ენდო, მიუხედავად იმისა, რაზე შეთანხმდით და რაზე მოაწერეთ ხელი. ისინი ყოველთვის შეეცდებიან კიდევ მეტი მიიღონ. თუ ამ რეჟიმებს რაიმეს დაუთმობ, ისინი იფიქრებენ, რომ „მოდი, კიდევ მეტი ვცადოთ“. შეუძლებელია მათ ენდო.

ასეთ რეჟიმებს უნდა დაუწესო „წითელი ხაზები“ და როდესაც ამ ხაზებს მიუახლოვდებიან, აუცილებლად უნდა გადაიხადონ ფასი ამისათვის.

რუსეთმა დაარღვია შეთანხმებები 2008-ში საქართველოში, 2014-ში -უკრაინაში და ისინი იზამენ იგივეს.

რუსეთს სჭირდება ამგვარი კონფლიქტები, რადგან მყიფეა და აქვს შიდა პრობლემები. ამიტომაც მე არ ვფიქრობ, რომ ამგვარი რამ იმუშავებს.

რას უნდა ელოდონ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო რუსეთ-ნატოს დიალოგიდან, თუ ეს დიალოგი საერთოდ შედგება ან გაგრძელდება?

შესაძლოა, საბოლოოდ აქედან არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ასევე შესაძლოა შედგეს რაღაც შეთანხმება.

მე ვფიქრობ, რომ ბაიდენი უკვე შეუთანხმდა პუტინს რაღაცაზე, მაგრამ რაზე, ეს ჩვენ არ ვიცით. ბაიდენს მართლაც სურს, რომ გაეცალოს პრობლემებს, რომელიც ევროპაშია. მე არ ვამბობ, რომ მან გაყიდა ეს ქვეყნები, მაგრამ, ვფიქრობ, მას ექნება სურვილი რუსებს მისცეს რაღაც, რათა ისინი ჩუმად იყვნენ.

ეს ჩემი პერსონალური აზრია. ჩვენ არ ვიცით, რა, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ქვეყნები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, უნდა დააკვირდნენ პროცესებს და ლობირებაც უნდა გაუწიონ იმასაც, რომ მათი ინტერესები არ გაიყიდოს.

როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო ძალიან აქტიურნი უნდა იყვნენ, რათა საკუთარი ინტერესები და პოზიციები დაიცვან.

ზუსტად. ლობირების კამპანიები ვაშინგტონში და ამ საკითხების განხილვა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.

მინდა გერმანიის შესახებაც გკითხოთ. თქვენ ცოტა ხნის წინ დაამტკიცეთ ახალი ფედერალური მთავრობა. თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით, რუსეთს არ აქვს უფლება უკარნახოს ნატოს, თუ როგორ მოიქცეს. როგორი იქნება გერმანიის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მათ შორის ნატოს კონტექსტში.

ვფიქრობ, გერმანია იქნება უფრო მკაფიო რუსეთის საკითხთან მიმართებაში.

ამჟამად არსებობს თანხმობა ახალ კოალიციაში, რომ მიუღებელია, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში. რასაც სჩადის აღმოსავლეთ საზღვართან.


უფრო მეტი რუსეთის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ გაიგეთ ნეტგაზეთის მასალიდან:

რუსეთი ნატოსა და აშშ-ს “უსაფრთხოების გარანტიებზე” შეთანხმებას სთავაზობს, რაც საქართველოსაც ეხება

მასალების გადაბეჭდვის წესი