საზოგადოება

რა უნდა იყოს პასუხი რუსეთის მოთხოვნაზე

24 დეკემბერი, 2021 • 1798
რა უნდა იყოს პასუხი რუსეთის მოთხოვნაზე

ოფიციალურმა მოსკოვმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვა, უარი თქვან ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები.

რუსეთის საგარეო უწყება ამ მოთხოვნას „ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებით“ ხსნიდა და ალიანსს სხვადასხვა პირობებს უყენებდა.

კრემლი არც აქამდე მალავდა, რომ არ სურს ქვეყნებმა, რომლებსაც მოსკოვი საკუთარი „გავლენის სფეროდ“ მიიჩნევს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია შეძლონ.

ამასთან ერთად, ნოემბრის ბოლოში ვრცელდებოდა ცნობები რუსი სამხედროების მასშტაბურ მობილიზაციაზე უკრაინის საზღვართან. კირილ მიხაილოვი, Conflict Intelligence Team-ის მკვლევარი მიიჩნევს, რომ 2022 წლის იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მობილიზაცია უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს.

„ერთიანი ფრონტი“

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი ნეტგაზეთთან აღნიშნავს, რომ ევროპა და აშშ ერთად უნდა დაუპირისპირდნენ „რუსეთის ნებისმიერ მცდელობას, ვეტო დაადოს ნატო-ს გადაწყვეტილებებს, მათ შორის გაფართოების თაობაზე“.

ბენ ჰოჯესიც, ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მთავარსარდალი, „ნეტგაზეთის“ კითხვებზე პასუხად აცხადებს, რომ დასავლეთი ამ საკითხში ერთიანი უნდა იყოს:

„აშშ თავის მოკავშირეებთან და მეგობრებთან ერთად ერთიან დიპლომატიურ და ეკონომიკურ ფრონტზე უნდა იყოს“.

თუმცა ჰოჯესი მიიჩნევს, რომ მხოლოდ აშშ-ის ძალისხმევა საკმარისი არ იქნება:

„გერმანიის/ევროკავშირის გარეშე, ჩემი აზრით, კრემლის შეჩერება ვერ მოხერხდება“.

იგი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონმა კრემლს არ უნდა მისცეს მოკავშირეებისგან დაშორების საშუალება და თავი აარიდოს მხოლოდ ორმხრივ დიალოგს მოსკოვთან:

„აშშ-ის მთავრობამ თავი უნდა აარიდოს ნებისმიერ ორმხრივ დიპლომატიურ დიალოგს. არ უნდა მივცეთ კრემლს საშუალება, დაგვაშოროს ევროპელი მოკავშირეებისგან“.

თავის მხრივ, იან კელი „საბედნიეროდ“ მიიჩნევს სიგნალებს მოსკოვისადმი, რომ თუ რუსეთი მორიგ აგრესიას განახორციელებს, ეკონომოკური სანქციები დაეკისრება:

„საბედნიეროდ, 2008 თუ 2014 წლისგან გასნხვავებით, დასავლეთი წინასწარ აწვდის სიგნალებს [მოსკოვს], რომ მეზობლების სუვერენიტეტის მორიგი დარღვევის შემთხვევაში საფასურს გადაიხდის“.

იან კელი საქაართველოს მთავრობასაც მოუწოდებს, რომ იყოს თანმიმდევრულად მკაფიო, რომ არ დაუშვებს არანაირი გარე ჩარევას მის სუვერენულ არჩევანში, რომელიც ნატოში გაწევრიანებას უკავშირდება.

„პეტრე პირველობა, როგორც პუტინის სურვილი“

ვლადიმერ პუტინი თავისი მმართველობის დასაწყისში განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. მაგალითად, ის მზად იყო ნატო-ში გაწევრიანებისთვის, თუმცა, თავისი პირობებით. ამასთან ერთად, მან მხარი დაუჭირა 2001 წელს აშშ-ის სამხედრო ოპერაციას ავღანეთში.

პუტინის საგარეო პოლიტიკის ცვლილების ოფიციალურ დეკლარაციად მიიჩნევა 2007 წლის „მიუნხენის სიტყვა“. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა აშშ მწვავედ გააკრიტიკა.

„ნეტგაზეთის“ რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი ილტვის, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში „გავლენის სფერო“ ჰქონდეს.

„შეუძლებელია იცოდე, რას ფიქრობს პუტინი. თუმცა ცხადია, რომ იგი ითხოვს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში გავლენის სფეროს, მათ შორის, დიქტატს ამ ქვეყნების პოლიტიკურ არჩევანზე. სამწუხაროდ, ასეთმა აგრესიამ წარსულში წვლილი შეიტანა მისი პოპულარობის გაზრდაში რუსეთში“, — დასძენს იან კელი.

ამავე აზრზეა ბენ ჰოჯესიც. ის აგრეთვე მიიჩნევს, რომ პუტინს სურს ისტორიაში ისე შევიდეს, როგორც პეტრე პირველი და ეკატერინე მეორე:

„კრემლს სურს, ყოფილი საბჭოთა კავშირი მაქსიმალურად დააბრუნოს… ჩვენ ეს მისი [პუტინის] ბოლო წლების განცხადებებიდან ვიცით. მას ასევე სურს, მოსახლეობის ყურადღება გადაიტანოს არასახარბიელო შიდა ვითარებიდან საგარეო საფრთხის შეთხზვით.

ვფიქრობ, პუტინს სურს, დატოვოს მემკვიდრეობა, რომელიც მას პეტრე პირველთან და ეკატერინე მეორესთან ერთ რიგში მოაქცევს“.


ამ თემაზე გირჩევთ:

რას სთხოვს რუსეთი ნატოს და როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ – ინტერვიუ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი