ახალი ამბები

ოსტინი 3+3 ფორმატზე: რუსეთმა ჯერ 2008 წლის შეთანხმება უნდა შეასრულოს

18 ოქტომბერი, 2021 • 1572
ოსტინი 3+3 ფორმატზე: რუსეთმა ჯერ 2008 წლის შეთანხმება უნდა შეასრულოს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ახალ პლატფორმებზე დისკუსიის დაწყებამდე რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

ამის შესახებ ოსტინმა “3+3 ფორმატზე” საუბრისას, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ შეუშლის ხელს მსგავს ფორმატში მონაწილეობა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

“რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, ფოკუსირებული უნდა იყოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პატივისცემაზე, ვიდრე ახალ პლატფორმებზე დისკუსიას დაიწყებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რომ იმუშაონ ერთად დავების გადასაწყვეტად და რეგიონული თანამშრომლობის გასაძლიერებლად”, — განაცხადა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ლოიდ ოსტინმა.

3+3 ფორმატის შესახებ

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციისა და ახალი შეთანხმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. იდეას მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ასევე, განაცხადა, რომ “მიესალმება ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას”.

ერდოღანის ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, — და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

საქართველომ, თავის მხრივ, რეგიონის ქვეყნებს დიალოგის პლატფორმად თბილისი შესთავაზა და თქვა, რომ უფრო ფართო, რეგიონულ სამშვიდობო პლატფორმაში რუსეთთან ერთად ვერ ჩაერთვება.  ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე რუსეთთან ერთად, თუმცა “დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ წარმოდგენილი.

რატომ ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი