ახალი ამბები

3+3 ფორმატის II შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს — საგარეო

22 ოქტომბერი, 2023 • 1810
3+3 ფორმატის II შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს — საგარეო

რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არც წელს მიიღებს. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, ხსენებული ფორმატის შეხვედრა ორშაბათს, თეირანში გაიმართება.

“საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა”, — მოგვწერეს სამინისტროს პრესსამსახურიდან.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, IRNA-ს მიხედვით, შეხვედრაზე განიხილავენ “სამხრეთ კავკასიის რეგიონის საკითხებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სატრანზიტო და ენერგეტიკულ სფეროებში”.

“3+3-ის” რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის იდეა ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაჩნდა. ის გულისხმობს სამი კავკასიური ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის და სამი რეგიონული მოთამაშის, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას.

ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა უკვე 2021 წელს გაიმართა მოსკოვში, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო. ოფიციალური თბილისის პოზიციაა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვება იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს — მხარე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს.

მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მაშინ მოსკოვში, მხარეების შეხვედრისას, ქართული დროშა მაინც გამოიყენეს, რაც ოფიციალურმა თბილისმა დაგმო.

2022 წლის იანვარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანს სთხოვა, აუხსნან საქართველოს ფორმატში მონაწილეობის უპირატესობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი