ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

27 იანვარი, 2021 • 2527
რატომ ჩამოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი საქართველოში კავკასიური რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ჩამოვა.

იგი შეხვედრებს 28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართავს.

როგორც თავად განაცხადა, იგი მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და ანკარაში ე.წ. “3+3” ფორმატის შესახებ ისაუბრებს და “შეეცდება, რომ აღნიშნული ფორმატი რეალობად აქციოს, რადგან რეგიონალური თანამშრომლობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებში შედის, რასაც ეს ფორმატი პასუხობს”.

დღეს, 27 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ აქცია გამართა პოლიტიკური პარტია ლელოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ, რომელმაც განაცხადა, რომ “კავკასიურ ექვსეულში მონაწილეობის მიღება, სადაც რუსეთის ფედერაციაც მოიაზრება, მკაფიოდ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას”. მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს საქართველოს ოფიციალური პოზიცია ე.წ. კავკასიური ექვსეულის ფორმატთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთი შეეცადა გაერკვია, თუ რას ნიშნავს ირანის პირველი დიპლომატის ვიზიტი საქართველოში, რას გულისხმობს ირანის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური თანამშრომლობის 3+3 ფორმატი რეგიონის წევრი ქვეყნებისთვის, კონკრეტულად კი, ირანისთვის და არის თუ არა თბილისის ადგილი აღნიშნულ მოდელში.

რეგიონალური ტურნე – სად იმყოფებოდა აქამდე 

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ზავად ზარიფი რეგიონალური ვიზიტების ფარგლებში, საქართველოში ჩამოსვლამდე, იმყოფებოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებში. ასევე, მოსკოვში შეხვდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და სატელეფონო საუბარი გამართა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან. თბილისში ვიზიტის შემდეგ ირანელი დიპლომატი ანკარას უკვე ოფიციალურად ეწვევა.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბაქოში 25 იანვრის ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა ჯავად ზარიფსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის, ასევე აზერბაიჯანის უმაღლესი რანგის დიპლომატებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ბაქოში ვიზიტისას ზარიფმა ხაზი გაუსვა რეგიონში ექვსმხრივი თანამშრომლობის არსებობის მნიშვნელობას.

“ის მიესალმება ექვსმხრივი რეგიონალური თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერაა შემოთავაზებული. მინისტრმა გამოხატა ირანის მზადყოფნა რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მხარდასაჭერად”, – ნათქვამია ირანის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

ბაქოში ვიზიტის დროსზარიფმა ასევე დააფიქსირა ირანის მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებში, რაც ძირითადად გულისხმობს ტექნიკური და საინჟინრო მასალებისა ექსპორტსა და მომსახურებების გაწევას, მაგრამ ასევე მოიაზრებს თანამშრომლობას ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ისტორიული ძეგლების აღდგენისა და ნაღმებისგან ტერიტორიების გაწმენდის სამუშაოებში მხარდაჭერას.

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა “გამოხატა თავისი აღფრთოვანება ირანის მიერ ექვსმხრივი რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის მხარდაჭერის გამო”. მისი განცხადებით, “ინიციატივა სასარგებლო იქნება რეგიონალური მშვიდობისა და საერთო ინტერესებისთვის”. მხარეები ასევე შეთანხმდნენ თეირანი-მოსკოვი-ბაქოსა და თეირანი-ბაქო-ანკარის სამომავლო თანამშრომლობისა და შეხვედრების შესახებ.

ბაქოს შემდეგ, 26 იანვარს ირანელი დიპლომატი მოსკოვს ეწვია, სადაც სერგეი ლავროვმა უმასპინძლა. მოსკოვში ირანელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა რუსეთისა და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინის როლს რეგიონში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის საკითხში და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ირანის მზაობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური განვითარების პროექტებში ჩართვის შესახებ.

გარდა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებისა, რაც ორი დიმპლომატის შეხვედრის მთავარი თემა იყო, მათ ასევე ისაუბრეს ირანისთვის რუსული ვაქცინის მიწოდების საკითხზე, ირანის ბირთვულ პროგრამაზე, კასპიის ზღვის თანამშრომლობაზე და ლიბიის, იემენის, სირიის, ლიბანისა და ავღანეთის შესახებ.

სერგეი ლავროვი და ჯავად ზარიფი რუსეთსა და ირანს შორის ინფორმაციის უსაფრთხოეების თანამშრომლობის პაქტის გაფორმებისას/ფოტოტო: ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

მოსკოვის შემდეგ ზარიფი ერევანს 27 იანვარს ესტუმრა. მსგავსად ბაქოსა და მოსკოვის ვიზიტებისა, ირანის პირველმა დიპლომატმა ერევანშიც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არა აივაზიანთან შეხვედრისას დააფიქსირა ისლამური რესპუბლიკის მზაობა, რომ ჩაერთოს რეგიონის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და განვითარებაში.

“თეირანი მზადაა, რათა იმუშაოს ერევანთან და სხვა მეზობლებთან ერთად რეგიონში ეკონომიკის განვითარებისთვის, რაც არსებული შესაძლებლობებისა გამოყენებითა და რეგიონალური სახელმწიფოების საერთო ინტერესების გათვალისწინებითაა შესაძლებელი”, – განაცხადა ზარიფმა.

გარდა ეკონომიკური თანამშრომლობისა, ირანელმა დიპლომატმა ისაუბრა რეგიონში უცხოელი დაქირავებული მებრძოლების შესაძლო არსებობის შესახებაც. მისი განცხადებით “მათი რეგიონში ყოფნა ორივე ქვეყნისთვის შეშფოთების საგანია”.

გარდა ამისა, ზარიფმა მხარი დაუჭირა სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ისვე, როგორც ყველა სხვა რეგიონალური ქვეყნის შემთხვევაში.

ერევანში სტუმრობის შემდეგ იგი თბილისს, მოგვიანებით კი ანკარას ეწვევა.

რას ნიშნავს ექვსმხრივი [3+3] თანამშრომლობა  

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში ის ხედავს “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის შესაძლებლობას, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ერდოღანის იდეას მხარი დაუჭირა ილჰამ ალიევმაც.

“დღეს ჩემს ძმასთან (ალიევთან) ერთად განვიხილე ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნა, რომელშიც შევლენ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სურვილის შემთხვევაში, სომხეთიც. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის”, – თქვა ერდოღანმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ერდოღანის ინიციატივით რეგიონალური თანამშრომლობა აერთიანებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 წევრ სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, და რეგიონის გარეთ მყოფ, თუმცა მასზე გავლენის მქონე სამ სახელმწიფოს, მათ შორის: ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს.

გარდა აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატისა, არსებობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რუსეთის შუამავლობით მიღწეული ომის დასრულების 9-10 ნომებრის შეთანხმება, რომლის მე-9 პუნქტიც გულისხმობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, შემდეგ კი მთლიან რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის აღდგენას.

11 იანვარს ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის მოსკოვში ვიზიტის დროს, მხარეებმა ხელი მოაწერეს კიდევ ერთ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეიქმება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს რეგიონში სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის პროექტებს, რომლებსაც, მოგვიანებით სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის მთავრობებს წარუდგენს დასამტკიცებლად. შეხვედრის შემდეგ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება “შესაძლებელს ხდის სომხეთის აზერბაიჯანის გავლით რუსეთის ფედერაციასთან და ირანთან დაკავშირებას, ხოლო აზერბაიჯანი ნახიჩევანის კორიდორით დაუკავშირდება თურქეთს. ასევე ერთმანეთს დაუკავშირდებიან რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის სარკინიგზო ხაზები”.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2020 წლის 21 დეკემბერს, “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვაში გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, როგორც წლის ერთ-ერთ გამოწვევას ჩვენს რეგიონში. ზურაბიშვილმა სამწუხარო უწოდა საქართველოს პასიურობას რეგიონში მშვიდობის აღდგენის პროცესში და თქვა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”.

პრეზიდენტის ამ ინიციატივას ოპოზიციურ და დიპლომატიურ წრეებში კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა, რადგან შესაძლოა ეს აღქმული ყოფილიყო, როგორც რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ინიციატივის მხარდაჭერა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განმარტება, რომ პრეზიდენტის ინიციატივა არ იყო სხვა ქვეყნის ლიდერის ინიციატივის გამოხმაურება.

“პრეზიდენტის ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი”, – აცხადებდა პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვიანებით.

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე

რა სურს ირანს

“ერთიანი კავკასიური პლატფორმის იდეა არ არის ახალი. ეს მანამდე 2008 წელსაც გავრცელდა თურქული მხარის მიერ, თუმცა მაშინ ირანი ამ ფორმატის ნაწილი არ გახლდათ, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია თეირანში. მოხდა ისე, რომ 2008 წლის იდეა მკვდრადშობილი აღმოჩნდა უპირველესად დასავლეთის რეაქციისა და საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დაპირისპირების გამო, მაგრამ ერდოღანმა ყარაბღის მეორე ომის შემდეგ კიდევ ერთხელ წამოაყენა ასეთი პლატფორმის იდეა, ამ შემთვევაში ირანის მონაწილეობით, რაც თეირანისთვის, რა თქმა უნდა მისაღებია”, – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძე.

გიორგი სანიკიძის განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის არსებობა, მიუხედავად იმისა, რამდენად რეალისტურია მისი მოქმედება, ირანის ინტერესებს სრულად შეესაბამება და პასუხობს სამ ძირითად მიზანს, მათ შორის:

  • კავკასიის რეგიონში ირანის გავლენების გააქტიურება;

“ირანი აღნიშნულ პლატფორმას გამოიყენებს რეგიონში გააქტიურებისათვის. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ირანი ისედაც შეზღუდული იყო საკუთარ მოქმედებებში სამხრეთ კავკასიაში, [რადგან საქართველო პროდასავლური სახელმწიფოა, სომხეთი რუსეთის გავლენის ქვეშაა, ხოლო აზერბაიჯანი თურქეთის], ეს არის გარკვეულწილად, მათ შორის ეკონომიკური გააქტიურების მცდელობა”, – აცხადებს იგი.

გიორგი სანიკიძის განცხადებით, ირანის როლი დიპლომატიური კუთხითაც აქტიურდება. “ირანს აქამდე არანაირი შანსი არ ქონია, რომ რეგიონალურ ურთიერთობებში ჩართულიყო. იგი არ იყო ეუთოს მინსკის ჯგუფის წევრიც, რაც უკმაყოფილებას იწვევდა თეირანში”, აცხადებს იგი, თუმცა მიაჩნია, რომ თეირანი სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით, კვალვ პრაგმატულ ნეიტრალურ პოლიტიკას შეინარჩუნებს.

  • ომის შედეგების დაბალანსება 

გიორგი სანიკიძე მიიჩნევს, რომ რეგიონში ირანის მიერ საკუთარი როლის გააქტიურების მცდელობა, მათ შორის ეკონომიკური კუთხით, ომის გეოპოლიტიკური შედეგების, შედარებით დაბალანსების მცდელობითაა გამოწვეული.

“მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი “დიდი გამარჯვებულია”, რუსეთი და თურქეთი “მცირე გამარჯვებულები” არიან, სომხეთი დამარხებული, ირანიც შეგვიძლია “მცირე დამარცხებულად” მოვიაზროთ, რადგან ირანის ინტერესებში არანაირად არ შედის ძლიერი, გამარჯვებული აზერბაიჯანი”, – აცხადებს იგი.

  • ამერიკის სახელისუფლებო ცვლილებების ფონზე, ახალი საგარეო პოლიტიკისთვის მზადების მცდელობა

“ეს შეიძლება განვიხილოთ, პოსტ-ტრამპული ეპოქისთვის მზადებად, იმ თვალსაზრისით, რომ ჯერ უცნობია ახალი ადმინისტრაციის მკაფიო პოლიტიკა ირანთან მიმართებაში, თუ რა პოზიცია ექნებათ სანქციების მიმართულებით, ან ბირთვული პროგრამის კუთხით, მაგრამ არ არის გამორიცხული მნიშვნელოვანი ცვლილებები ვიხილოთ [ამერიკის საგარეო პოლიტიკაში], და აი ამ ცვლილებებისთვის მზადების პროცესში უნდა დავინახოთ ირანის გააქტიურებაც”, – აცხადებს გიორგი სანიკიძე.

გიორგი სანიკიძე

სანიკიძე ყურადღებას ამახვილებს საქართველოსა და ირანის ორმხრივ ურთიერთობებზეც, რომელიც შესაძლოა ზარიფის თბილისში ვიზიტის დროს იყოს განხილული.

“საქართველო ირანისთვის მიმზიდველია, როგორც რეგიონში ყველაზე პროდასავლური სახელმწიფო და მას განიხილავს დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და მოლაპარაკებების ფორმატში [ერთგვარი შუამავალი დასავლეთსა და ირანს შორის]”, – აცხადებს იგი.

გიორგი სანიკიძე საბოლოოდ, მაინც სკეპტიკურადაა განწყობილი კავკასიაში ექვსმხრივი ფორმატის შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

“ეს პლატფორმა მაინც მკვდრადშობილია, რადგან შეუძლებელია საქართველო მიუერთდეს ისეთ ფორმატს, სადაც დომინანტი რუსეთი იქნება. ეს ნაკლებადაა მიმზიდველი სომხეთისთვისაც.  ასევე, არ მგონია, რომ პოსტ-ტრამპულ პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალოს ამერიკის პოზიციები ირანის მიმართ და იგი განსხვავდებოდეს მაგალითად 2008 წლის პოზიციებისგან”, – მიაჩნია აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეს.

საქართველოს ადგილი რეგიონალური თანამშრომლობის მოდელში

საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი სირბილაძის თქმით, მას “რთულად წარმოუდგენია საქართველოს მონაწილეობა ისეთ ფორმატებში, სადაც მასთან ერთად რუსეთის ფედერაციაც იქნება”.

“საქართველო, მისი გეოგრაფიული როლის გათვალისწინებით, ბუნებრივი მონაწილეა იმ თანამშრომლობითი პროექტების, რაც რეგიონში ხორციელდება და შესაძლოა განხორციელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით უცნობია რა სახეს მიიღებს შემოთავაზებული თანამშრომლობის ფორმატი, რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია საქართველოს მოაზრება თანამშრომლობის ისეთ ინსტიტუციონალიზებულ ფორმატში (თუ შემოთავაზებული ფორმატი ასეთი იქნება) სადაც რუსეთი წამყვან როლს თამაშობს და სადაც დასავლეთი არ არის წარმოდგენილი”, – აცხადებს ირაკლი სირბილაძე.

მისივე თქმით, თანამშრომლობის ასეთი ფორმატები საქართველოს ინტერესებისადმი საზიანოა.

“თანამშრომლობის ფორმატებში საქართველოს ფორმალიზებული მონაწილეობა როგორც სიმბოლურად ისე პრაქტიკულად საქართველოს ინტერესების საწინააღდეგო იქნება. სიმბოლურად, საქართველო მოექცევა ისეთი ქვეყნების გარემოცვაში რომლებიც არ იზიარებენ მის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებს- დემოკრატიზაციასა და დასავლურ ინტეგრაციას. პრაქტიკულად, რეგიონში რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური როლის ზრდა რუსეთზე საქართველოს დამოკიდებულებას გაზრდის, რაც საქართველოს სუვერენიტეტსა და საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელებას საფრთხის ქვეშ დააყენებს”, – ამბობს ირაკლი სირბილაძე ნეტგაზეთთან საუბრისას.

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსიტუტის გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კანაშვილის განცხადებით, ახალი ექვსმხრივი პლატფორმის შექმნა რეგიონიდან დასავლეთის გაძევებას ემსახურება.

“თუ სატრანსპორტო და სხვა ტიპის ეკონომიკური კორიდორები ამუშავდა ისე, რომ მასში არ იქნება ჩართული დასავლეთი, რა თქმა უნდა, მაშინ მათი გავლენა რეგიონში შემცირდება. მით უმეტეს, რომ ამის ტენდენცია ისედაც არსებობს ყარაბაღის ომის მოვლენებისას დასავლეთის მინიმალური ჩართულობის გათვალისწინებით”, – აცხადებს გიორგი კანაშვილი.

კანაშვილის განცხადებით, იმ შემთვევაში, თუ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში დალაგდება ურთიერთობები ირანთან და თურქეთთან, მაშინ საქართველოსთვის რეგიონალურ პროგრამებში მონაწილეობა უფრო ნაკლებად სახიფათო იქნება.

“საქართველო ამ ტიპის ურთიერთობებში საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორთან შეთანხმების გარეშე არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ დამატებითი გარანტიების მიღების შემთხვევაში, რაც შეიძლება იყოს ირანისა და თურქეთის ურთიერთობების გაუმჯობესება აშშ-სთან, მაშინ რაღაცეებზე დაფიქრება შეიძლება…”, – აცხადებს იგი.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, მაშინ, როდესაც აღნიშნული ექვსმხრივი ფორმატის ერთ-ერთი მთავარი დომინანტი სახელმწიფო არის რუსეთი, უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ ასეთ კავშირებში მონაწილეობა, კანაშვილი პასუხობს, რომ თბილისი მაინც უნდა იყოს ჩართული.

“ჯერჯერობით ბუნდოვანია ამ პლატფორმის მონახაზი, მთავარია როგორ დალაგდება ამერიკის ურთიერთობები ამ ორ ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, პრობლემურია ის, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა, ასევე არანაკლებ პრობლემურია ირანისა და თურქეთის ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. არის ჩვენი პრობლემებიც და ამ ქვეყნების პრობლემებიც ჩვენს პარტნიორებთან, რაც საფერთხეებს ზრდის. თუმცა, თუ გარკვეული პროცესები დაიძრა, ასევე პრობლემური იქნება ჩვენი არ ჩართვა რეგიონში მიმდინარე პროექტებში”, – აცხადებს კანაშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამშვიდობო პლატფორმების ჩამოყალიბებას სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) მონაწილეობით, მაგრამ არა — რუსეთთან ერთად. მან განცხადება 27 იანვარს გააკეთა.

“ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, საქართველო მხარს უჭერს იმ გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ამ თვალსაზრისით, სამშვიდობო პლატფორმები მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენს რეგიონში მსგავსი პლატფორმების ჩამოყალიბება, პირველ რიგში, უნდა მოხდეს სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის და თანამშრომლობის გზით, რაც მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტებისა და თანამშრომლობის განვითარების საწინდარია”, – განაცხადა ხვთისიაშვილმა.

ფოტო გარეკანზე: ABC news


ყარაბაღის ომის დროს, ირანს დაბალანსებული პოზიცია ჰქონდა. ომის დაწყებიდან მალევე, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ მოუწოდა.

ირანის ისლამური რესპუბლიკა წლების განმავლობაში კონფლიქტში ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა. ერთი მხრივ იგი მხარს უჭერდა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მეორე მხრივ კი, ჩამოყალიბდა სომხეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რუსეთის ფედერაციის შემდეგ.

მოჰამად ჯავად ზარიფი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე 2013 წლის აგვისტოდან უმყოფება. მის სახელს უკავშირდება “ირანის ბირთვული შეთანხმება”, რომლის მიხედვითაც, ირანის ისლამურ რესპუბლიკას მოეხსნა იმ დროს დაწესებული სანქციები, სანაცვლოდ კი თეირანმა ბირთვული საწვავის გამდიდრება მცირე დროით შეწყვიტა.

იგი ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლესი რანგის დიპლომატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი