საზოგადოება

ლავროვის ვარაუდით, თბილისი 3+3 ფორმატს უახლოეს მომავალში შეუერთდება

24 ოქტომბერი, 2023 • 1740
ლავროვის ვარაუდით, თბილისი 3+3 ფორმატს უახლოეს მომავალში შეუერთდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კიდევ ერთხელ აქებს საქართველოს მთავრობას და ვარაუდობს, რომ თბილისი უახლოეს პერიოდში შეუერთდება „3+3“ ფორმატს.

ლავროვის თქმით, ირანში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეთანხმდნენ, რომ „3+3“ ფორმატის მონაწილე ქვეყნები დანიშნავენ სპეციალურ წარმომადგენლებს.

„ყველანი შევთანხმდით, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზები, რის გამოც საქართველოს ხელისუფლება ჯერ თავს იკავებს „ექვსეულთან“ შეერთებისგან. ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თბილისი მომავალში ამის შესაძლებლობას ტოვებს (როგორც ჩვენ გვესმის). ყველა ვითარებაში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველა თავის მოქმედებაში გამომდინარეობს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან, რაც არაერთხელ დაამტკიცა. ეს იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ „3+3“ ფორმატი უახლოეს მომავალში სრულფასოვნად ამუშავდება“, — განაცხადა სერგეი ლაროვმა.

„3+3“ არის ბაქოსა და ანკარას ინიციატივით ჩამოყალიბებული ფორმატია და მოიაზრებს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) და მათ სამ დიდ მეზობელს (რუსეთი, თურქეთი, ირანი) შორის თანამშრომლობას.

პირველი შეხვედრა ამ ფორმატში მოსკოვში, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ჯერ კიდევ 2021 წლის დეკემბერში შედგა, თუმცა მას საქართველო არ დაესწრო. ოფიციალური თბილისის პოზიციაა, რომ საქართველო ვერ ჩაერთვება იმ ფორმატში, სადაც რუსეთის ფედერაცია მონაწილეობს — მხარე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს.

მიუხედავად საქართველოს პოზიციისა, მაშინ მოსკოვში, მხარეების შეხვედრისას, ქართული დროშა მაინც გამოიყენეს, რაც ოფიციალურმა თბილისმა დაგმო.

2022 წლის იანვარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თურქეთ-აზერბაიჯანს სთხოვა, აუხსნან საქართველოს ფორმატში მონაწილეობის უპირატესობა.

თბილისი არ მონაწილეობდა „3+3“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაში, რომელიც თეირანში შედგა. მორიგი შეხვედრა თურქეთში 2024 წლის დასაწყისში გაიმართება.

3+3 ფორმატის II შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს — საგარეო

მასალების გადაბეჭდვის წესი