ახალი ამბები

„ალმა“ სიძულვილის შემცველი რეკლამის აკრძალვას ითხოვს, რომელსაც თავად ავრცელებდა

7 ოქტომბერი, 2021 • 2027
„ალმა“ სიძულვილის შემცველი რეკლამის აკრძალვას ითხოვს, რომელსაც თავად ავრცელებდა

კომპანია „ალმა“ ითხოვს, კანონით აიკრძალოს სიძულვილის შემცველი ისეთი გარე რეკლამების გავრცელება, რომელსაც საკუთარ ბილბორდებზე თვითონ ავრცელებდა.

„ალმას“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, გარდა აკრძალვისა, რეკლამის გამავრცელებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას “ალმა” ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანამ პარლამენტი მსგავს კანონს მიიღებს, კომპანია უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.

სარეკლამო კომპანიის ამ განცხადებას წინ უძღოდა „ევროპული საქართველოს“ სურვილი, დედაქალაქში არსებულ ბილბორდებზე გამოეკრა რეკლამები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ღორის როლშია გამოსახული. პარტია იმედს გამოთქვამდა, რომ ბილბორდების მფლობელი „ალმა“ ისევე დაუშვებდა ასეთი რეკლამის განთავსებას, როგორც ეს ანტიოპოზიციური რეკლამის შემთხვევაში გააკეთა.

“ჩვენი კომპანიის კუთვნილ გარე რეკლამის კონსტრუქციებზე სიძულვილის ენის შემცველი სარეკლამო ბანერების გამოჩენას საზოგადოების ნაწილის მხრიდან სამართლიანი და ობიექტური ხასიათის ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

“როგორც ჩვენს მიერ პირველი წუთებიდანვე მრავალგზის იქნა აღნიშნული,  ჩვენ სრულიად ვემიჯნებით და ყოველთვის გავემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების პოლარიზაციას.

ამასთან, როგორც ამ კონკრეტულ, ისევე ყველა სხვა შემთხვევაში, „ალმას“ როლი იფარგლება მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ კომპანია დამკვეთებისგან იღებს კონკრეტული შინაარსისა და ვიზუალის შემცველ სარეკლამო ბანერებს და ათავსებს მათ კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე“, — ამბობს „ალმა“ დღეს, 7 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, წინასწაარჩევნოდ გამოკრული „სისხლიანი ბანერები“, რომელზეც ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები იყვნენ გამოსახული, ბილბორდებიდან კონტრაქტის ამოწურვისთანავე, ანუ 2 ოქტომბერს „დაუყონებლივ“ ჩამოხსნა. კომპანია დასძენს, რომ „არცერთ შემთხვევაში არ აპირებს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას“.

ამასთან, “ალმა” აღნიშნავს, რომ იმედი აქვთ, მათ “აბსოლუტურად სამართლიან და ობიექტურ ინიციატივას” საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს.

“აქვე დავძენთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის და ვაღიარებთ ნებისმიერი სუბიექტის მიერ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და მისი უზრუნველყოფის საჭიროებას, საკანონმდებლო აქტებში ზემოაღნიშნული ცვლილებების შეტანამდე, ჩვენ ცალმხრივად მივიღეთ გადაწყვეტილება და შპს „ალმა“ უარს ეტყვის ნებისმიერ დამკვეთს სარეკლამო ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე.

ჩვენ ასევე გააზრებული გვაქვს, რომ კომპანიის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეკლამის დამკვეთის თუ დამკვეთების სამართლებრივად დასაბუთებული პრეტენზია შპს „ალმას“ მიერ მომსახურების გაწევაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება განაპირობოს სამართლებრივი პროცედურების დაწყება კომპანიის წინააღმდეგ“ ,— აცხადებს „ალმა“.

კომპანია იმედოვნებს, რომ ამ გზით წვლილს შეიტანენ საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებაში, ასევე, „რეკლამის სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ცივილიზებული ურთიერთობის სტანდარტის დამკვიდრებაში“.


თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები 2 ოქტომმბრის ადგილობრივი თვითთმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.

სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებდა, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.

29 სექტემბერს პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ შპს „ალმას“, რომლის კუთვნილ ბილბორდებზეც ოპოზიციონერების გამოსახულებით „სისხლიანი“ ბანერებია განთავსებული, საკუთარ პოსტერს მიუტანდენ, რათა „იმავე სტანდარტით“ ნებისმიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გაეკრათ.

პასუხად კომპანია „ალმამ“ განაცხადა, რომ მზადაა, განათავსოს „ევროპული საქართველოს“ სარეკლამო ბანერები, სადაც ბიძინა ივანიშვილი ღორის როლშია ნაჩვენები.

ოპოზიციონერები „სისხლიან“ ფონზე: 3 პრობლემა

მასალების გადაბეჭდვის წესი