ახალი ამბები

„ოცნება“ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის წინააღმდეგ

19 ოქტომბერი, 2021 • 1785
„ოცნება“ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვის წინააღმდეგ

„ქართულმა ოცნებამ“ უფასო ფულის შესახებ დაპირება არ შეასრულა — ამ ფაქტის სააგიტაციო მასალაში გამოყენებისთვის შესაძლოა, პოლიტიკური სუბიექტსა და მედიას სანქციები დაეკისროთ, ჩაითვალოს რა, რომ „კანდიდატის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას“ ქმნის.

გარდა იმისა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი აუარესებს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტს, წინააღმდეგობაში მოდის არსებული კანონმდებლობის მიმართაც.

რა ხდება?

კომპანია „ალმამ“, რომელმაც ოპოზიციის საწინააღმდეგო “სისხლიანი ბანერები” უპრობლემოდ განათავსა მის კუთვნილ გარე რეკლამის კონსტრუქციებზე, ხოლო “ევროპულ საქართველოს” უარი უთხრა ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო რეკლამის განთავსებაზე, საკანონმდებლო წინადადებით მოითხოვა, აიკრძალოს სიძულვილის შემცველი გარე რეკლამების გავრცელება.

“ქართულმა ოცნებამ” “ალმას” საკანონმდებლო წინადადება შემჭიდროებულ ვადებში აქცია კანონპროექტად. ცვლილებები დაგეგმილია “საარჩევნო კოდექსში” და “მაუწყებლობის შესახებ” კანონში.

ორგანული კანონის პროექტით ზუსტდება ტერმინ „სააგიტაციო მასალის” განმარტება. იკრძალება სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკური საშუალების (მაგალითად, სტენდის, შენობა-ნაგებობის ფასადის, სხვა უძრავი ნივთის/კონსტრუქციის) გამოყენებით ან მუნიციპალულ ტრანსპორტზე ისეთი სააგიტაციო მასალის გავრცელება, რომელიც “გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად”.

კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი ერთი ერთეული სააგიტაციო მასალის გავრცელება გამოიწვევს გამავრცელებლისა და დამკვეთის დაჯარიმებას 2000-2000 ლარის ოდენობით. ამათან, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი არ უზრუნველყოფს შესაბამისი სააგიტაციო მასალის ჩამოხსნას, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ყოველი 3 დღის გასვლისთანავე 4000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უფლებამოსილი პირები.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებელი პასუხს არ აგებს წინასაარჩევნო და სოციალური რეკლამების შინაარსზე. თუმცა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებით, რეკლამის დამკვეთთან ერთად, მაუწყებელიც იქნება პასუხისმგებელი წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსზე, რომელიც გამიზნულია კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

ამასთან, წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება დასაშვები იქნება მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ ან დაკვეთით.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას თავისი ხარჯით განახორციელებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ აღნიშნულ სამართალდარღვევათა ჩადენის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმის გადახდა მისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებებიდან მოხდება.

ბუნდოვანი დეფინიცია

“ალმას” საკანონონმდებლო წინადადება, ისევე, როგორც “ქართული ოცნების” რიტორიკა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სიძულვილის ენის შეზღუდვის ირგვლივ ტრიალებდა, თუმცა პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ნაკლებად აქვს კავშირი სიძულვილის ენასთან.

“სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით” [ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაცია], შესაბამისად, ნებისმიერი კრიტიკა, რაც არ უნდა შეურაცხმყოფელი ან ცილისმწამებლურიც იყოს, აპრიორი სიძულვილის ენად ვერ ჩაითვლება.

“ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი იკრძალება არა სიძულვილის ენის შემცველი, არამედ ნებისმიერი საგიტაციო მასალა, რომელიც “გამიზნულია კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად”. რა ჩაითვლება “უარყოფითი დამოკიდებულების შექმნად”, ბუნდოვანია, არადა, კანონის განჭვრეტადობა სამართლის ფუნდამენტური პრინციპია.

“უარყოფითი დამოკიდებულების ხარისხის დადგენა არის შეუძლებელი. მართალია, ცესკო და მარეგულირებელი არიან ძირითადი აქტორები, რომლებსაც მოუწევთ ეს დამოკიდებულება შეაფასონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რომ კანონით იყოს განჭვრეტადი, რა დამოკიდებულებაზე არის საუბარი.

პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლება და მისი გატარება მედიის მეშვეობით არაერთხელ გამხდარა სანქციის საფუძველი. სანქციის შეფარდება ძირითადად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო ხდება ხოლმე, ამიტომ მნიშვნელოვანია, წესები იყოს ნათელი და განჭვრეტადი”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში “მედიის უფლებების” ხელმძღვანელი და “მედიის ადვოკატირებისთვის” კოალიციის კოორდინატორი ნათია კაპანაძე.

მარეგულირებელი კომისიის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული კითხვების ფონზე, ნორმის ბუნდოვანებას განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს “საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს” მედიაპროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძეც:

“მთელი რიგი პრობლემების კომპლექსია, რაც ახლავს ამ კანონპროექტს და იმედია, მსვლელობა არ მიეცემა, თუმცა, არათუ კანონის მიღება, ამ თემაზე დისკუსიაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

პირველ რიგში, ბუნდოვანია და არ არის განჭვრეტადი, რა ჩაითვლება “უარყოფითი დამოკიდებულების შემოტანად”. ორაზროვანი და ბუნდოვანი ფორმულირებები სამომავლოდ შექმნის საფრთხეს, რომ ადგილი გვექნება პოლიტიკურ კონტექსტში განმარტებასა და მის ბოროტად გამოყენებასთან”.

საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობად აფასებს კანონპროექტს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.

“ინიციატორებს სურთ, აკრძალონ კანდიდატების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი რეკლამები. ჯერ ერთი, რომ პოლიტიკური გამოხატვის ამგვარად შეზღუდვას არავითარი გამართლება არ აქვს და მეორეც, ამ ინიციატივას არანაირი კავშირი არ აქვს სიძულვილის ენასთან. წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, მათ შორის, ოპონენტების კრიტიკა და მათ შორის, რეკლამის მეშვეობით.

ასეთი შეზღუდვის დაწესება, გაუმართლებელთან ერთად, სრულიად გაუგებარიცაა იმ გუნდის მხრიდან, რომელმაც სულ ახლახან ოპონენტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი ვიდეო განათავსა საკუთარ გვერდზე”, — წერს, თავის მხრივ, ნიკა სიმონიშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე.

საუბარია ვიდეოზე, რომელშიც მიხეილ სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების წევრების კადრებია და სრულდება მოწოდებებით “ნაცობა სირცხვილია” და “დავამთავროთ ნაცები”. ვიდეო 18 ოქტომბერს “ქართული ოცნების” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, პარალელურად კი, მმართველი პარტია პარლამენტში სიძულვილის ენის შემზღუდავი სარეკლამო ბანერების კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა.

კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა?

საარჩევნო კოდექსი წინასაარჩევნო აგიტაციად განმარტავს ამომრჩეველთა მოწოდებას როგორც კანდიდატის მხარდასაჭერად, ისე მის საწინააღმდეგოდ. ისე, რომ საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგო აგიტაციის უფლებას არ ზღუდავს, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, დაუშვებელია იმგვარი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში და რეკლამის სახით გავრცელება, რომელიც გამიზნულია კანდიდატის მიმართ “უარყოფითი განწყობის შესაქმნელად”.

დაუშვებელია ისეთი წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

საარჩევნო კოდექსის გარდა, იურისტების შეფასებით, კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და საქართველოს კონსტიტუციასთან, რომლითაც დაცულია აზრისა და გამოხატვის თავისუფლება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები კი თავისუფალია ცენზურისგან.

“წარმოდგენილი კანონპროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც მიუხედავად გაცხადებული, დეკლარირებული მიზნებისა, არანაირად არ ემსახურება გაუმჯობესებას და პოლარიზების შემცირებას.

ცალსახად საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, და უხეშად ლახავს მედიის თავისუფლებას, ადგენს რა მისი პასუხისმგებლობის საკითხს”, — განუცხადა “ნეტგაზეთს” მამუკა ანდღულაძემ.

“შემოთავაზება, რომელსაც განიხილავს პარლამენტი, მთავარ საფრთხეს უქმნის პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც დაცულია ჩვენი კონსტიტუციით. საარჩევნო კოდექსით დადგენილია, რა არის საარჩევნო აგიტაცია და რომ ეს შეიძლება იყოს საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო საჯარო ქმედებები.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ვუკავშირებთ შემოთავაზებულ ცვლილელებებს, ეხება მედიას და გამოხატვის თავსუფლებას, რომლითაც სარგებლობენ მედიაორგანიზაციები. უკვე ნათლად ჩანს, რომ სანქციები მიემართება სწორედ მედიასაშუალებებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა და კანონად ქცევა არ მოხდეს, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წესებთან”, — ამბობს, თავის მხრივ, ნათია კაპანაძე.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს “მაუწყებლობის შესახებ” კანონსა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

“წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებში მონაწილეობის უფლების განუყოფელი კომპონენტია. ამ პროცესის შინაარსობრივი რეგულირება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, იმდენად, რამდენადაც მაღალია როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევის საფრთხე.

სააგიტაციო მასალის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება იწვევდეს ამომრჩევლის უარყოფით დამოკიდებულებას, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 [აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშაულება და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები] და 24-ე მუხლებით [საარჩევნო უფლება].

ამასთან, ინიცირებული კანონპროექტით მკვიდრდება ბუნდოვანი, არაერთგვაროვნად განმარტებადი მოთხოვნა, რამაც შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და, იმავდროულად, საარჩევნო სუბიექტთა თანასწორობაზე”, — ნათქვამია IDFI-ის განცხადებაში.

“ოცნების” დასაბუთება

საარჩევნო აგიტაციასთნ დაკავშირბული კანონპროექტის ავტორები არიან გიორგი ამილახვარი, შალვა პაპუაშვილი, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი. ინიციატორები კი, ავტორებთან ერთად: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, გურამ მაჭარაშვილი, ალუდა ღუდუშაური, მიხეილ სარჯველაძე, ნინო იობაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე და ირაკლი ბერაია.

მათი თქმით, კანონპროექტი ემსახურება ორ ძირითად მიზანს:

  • კომერციულ ურთიერთობებში დამკვიდრებული კონკურენციის პრინციპის მსგავსად, საარჩევნო სუბიექტების მიერ წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჯანსაღი კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებით წარმოების შესაძლებლობის გაზრდას;
  • დღესდღეობით საზოგადოებაში არსებული მწვავე პოლარიზაციის შემცირებას.

“საარჩევნო სუბიექტების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნა, ზოგადად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებულ პროცესებში.

ამ საკითხის სათანადოდ მოუწესრიგებლობა იწვევს, ერთი მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს შორის მწვავე და არაჯანსაღ დაპირისპირებას, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოების პოლარიზაციასა და მასში აგრესიის გაღვივებას… წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია), როგორც პოლიტიკის სფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ორიენტირებული უნდა იყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მათი მომავალი საქმიანობის პროგრამების შემუშავებასა და ამომრჩევლისთვის გაცნობაზე, რაც ამომრჩეველს მისცემს ინფორმირებული არჩევანის განხორციელების შესაძლებლობას და მინიმუმადე შეამცირებს საზოგადოების პოლარიზაციის რისკებს.

თუმცა რეალობაში ხშირად ვლინდება ისეთი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტის ან მასთან დაკავშირებული პირის ქცევას არაფერი აქვს საერთო ამ საარჩევნო სუბიექტის მომავალი საქმიანობის პროგრამასთან, არამედ ის მარტოოდენ სხვა საარჩევნო სუბიექტის დისკრედიტაციასა და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნას ემსახურება”, — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

ინიციატორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდნენ, რათა ახალი წესები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებამდე შესულიყო ძალაში. თუმცა ბიუროს გადაწყვეტილებით,  მსჯელობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტების განხილვა წარიმართოს ჩვეულებრივ ვადებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი