ახალი ამბები

ოპოზიციონერები „სისხლიან“ ფონზე: 3 პრობლემა

20 სექტემბერი, 2021 • 2218
ოპოზიციონერები „სისხლიან“ ფონზე: 3 პრობლემა

თბილისის ქუჩებში ხელახლა გამოჩენილი ბანერები, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და ტელევიზიების წარმომადგენლები „სისხლიან“ ფონზე არიან გამოსახულნი, სავარაუდოდ, უკანონოდაა განთავსებული.

სადამკვირვებლო ორგანიზაცია ISFED-ი ბანერთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს, თუმცა უცნობია, რა შედეგი ექნება ამ საჩივარს.

ბანერის დამკვეთი ამბობს, რომ რეკლამის განთავსება მისი პირადი გადაწყვეტილებაა.

კომპანია „ალმა“ აცხადებს, რომ ემიჯნება რეკლამის შინაარსს, თუმცა დასძენს, რომ კონტენტში ჩარევის უფლება არა აქვს. ამ განცხადების მიუხედავად, მას წარსულში სხვანაირი გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული.

ბანერების ისტორია

17 სექტემბერს, გვიან ღამით, თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები კვლავ გამოჩნდა.

„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – წერია წითლად შეღებილ ფონზე. იქვე ოპოზიციური პარტიების და ტელევიზიების წარმომადგენლები არიან გამოსახულები.

ფოტოებს უკან, თეთრ ფონზე, წითელი „შხეფებია“ დატანილი, რაც სისხლის ასოციაციას აჩენს.

ამ ბანერს რამდენიმეწლიანი ისტორია აქვს და პირველად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა:

მაშინ წარწერას, „არა ნაცებს, არა ბოროტებას“, მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის, მეგის ქარდავას, ზურაბ ადეიშვილისა და ნიკა გვარამიას ფოტოები ერთვოდა.

მეორედ ამ წარწერით პლაკატები თბილისსა და სხვა ქალაქებში 2021 წლის ივლისში გამოაკრეს, ფონს ცისარტყელა დაამატეს – ჰომოფობიური ქვეტექსტით – და, პოლიტიკოსების გარდა, გამოსახეს სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური ტელეარხების წარმომადგენლების სურათებიც.

2 ოქტომბრის არჩევნებამდე 2 კვირით ადრე კი არამხოლოდ თბილისში, არამედ ქვეყნის მასშტაბით გაჩნდა მსგავსი ბანერები, სადაც გამოსახულ პირთა შემადგენლობას დაემატა ექსპრემიერი გიორგი გახარია.

„სისხლიან“ ბანერებზე გახარიასთან ერთად ამჟამად გამოსახულნი არიან ნიკა მელია, მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია, ტვ პირველის ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, გიგა ბოკერია, გუბაზ სანიკიძე და ზურა ჯაფარიძე.

ჩამოთვლილ ლოზუნგებს კი ამჯერად დაემატა „არა ღალატს“ [„ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას პარტიისა და სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს].

დამკვეთი და შემსრულებელი

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა უარყვეს, რომ ბანერები მათი დაკვეთით განათავსეს. მედიაში – ტვ პირველში, რუსთავი 2-ში, – დამკვეთად დასახელდა მიხეილ გაბრიაძე ბიზნესმენის სტატუსით [მის შესახებ სამეწარმეო რეესტრსა და ღია წყაროებში ბევრი არაფერი იძებნება].

გაბრიაძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა: „მე აპოლიტიკური ვარ საერთოდ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მეორეჯერ ისინი [„ნაციონალური მოძრაობა“] არ უნდა დაბრუნდენ ჩვენს ქვეყანაში, სახელმწიფოს მართვაში. ჩემი პირადი და ჩემი მეგობრების აზრი და გადაწყვეტილებაა ეს“.

18 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სარეკლამო კონსტრუქციები, რომლებზეც 17 სექტემბრის ღამით ბანერები დაიტანეს, კერძო კომპანიის საკუთრებაა და მერია აღნიშნულზე რეაგირებას ვერ მოახდენდა.

კალაძემ განაცხადა, რომ ბილბორდები კერძო კომპანია „ალმას“ ეკუთვნის. ეს მართლაც ასეა: შპს ალმა, რომელიც 2013 წლამდე „ალმა პლუსის“ სახელით იყო ცნობილი, საქართველოში გარე რეკლამის ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს.

2021 წლის აგვისტოში ამ კომპანიამ დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი ექსკლუზიური უფლება მოიპოვა, რაშიც 34 მლნ ლარი გადაიხადა.

ვის ეკუთვნის „ალმა“

„ალმას“ დირექტორია გიორგი ტრაპაიძე. მფლობელი კი, საჯარო რეესტრის მონაცემებით, არის მალტაში რეგისტრირებული კომპანია Meridian Malta LTD, C88262.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ინფორმაციით, Meridian Malta-ს საბოლოო ბენეფიციარები, ანუ რეალური მფლობელები, ლევან ფხაკაძე (50% წილი) და სამსონ (სოსო) ფხაკაძე (50% წილი) არიან.

სოსო და სოსო ფხაკაძეების სახელთან არის დაკავშირებული ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ვისოლი“ და მასთან აფილირებული კომპანიები, „დანკინ დონატსი“, „სმარტი“, „ვენდისი“ და ა.შ..

TI-ის ცნობითვე, „ალმა“ ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ უფლებას თბილისის, ბათუმის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში.

„ასევე, მისი სარეკლამო ბილბორდები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქშია განთავსებული. 2019 წელს კომპანიამ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე არსებულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების 20- წლიანი ექსკლუზიური უფლება შეიძინა. 2002 წლიდან იგი ფლობს მაღალტექნოლოგიურ სტამბასაც“, – წერს TI.

ამასთან, აუდიტორულ კომპანია შპს „ბიდიოს“ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ალმას“ აქტივები 131 მლნ ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით მისი აქტივები 39%-ით გაიზარდა. 2019 წელს კომპანიას 11.8 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2018 წელს კი – 7.9 მლნ ლარის.

„ვემიჯნებით“ – აცხადებს „ალმა“

მედიასა და სოციალურ ქსელებში კრიტიკის შემდეგ, 20 სექტემბერს, „ალმამ“ განაცხადა, რომ რეკლამას ემიჯნება:

„სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას… ჩვენთვის ცალსახად მიუღებელია ხსენებული სარეკლამო ბანერების კონტენტი“.

ამასთან, კომპანიამ ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ კომპანიას „არანაირი შეხება არ აქვს სარეკლამო ბანერის შინაარსთან, დიზაინთან, ვიზუალურ ელემენტებთან, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრასთან“.

შპს ალმა

„ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ჩვენი კომპანიის როლი შემოიფარგლა მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ “ალმამ” დამკვეთისგანმიიღო სარეკლამო ბანერი და განათავსა იგი კომპანიის კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე“.

განსხვავებული შემთხვევა წარსულში

თუმცა „ალმას“ ისტორიაში, სულ მცირე, ერთი ისეთი შემთხვევა მოიძებნება, როდესაც კომპანია შინაარსის გამო სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო და განსხვავებული სტანდარტით მიუდგა საკითხს:

2019 წელს, ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღესთან, 17 მაისთან დაკავშირებით, ქვიარ-უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციამ, „თანასწორობის მოძრაობამ“ ანტიჰომოფობიური რეკლამების განთავსება მოინდომა.

ორგანიზაციის თანახმად, პირველ ეტაპზე კომუნიკაცია კომპანია „ალმასთან“ წარმატებით მიმდინარეობდა და ხელშეკრულებაც შედგა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ალმა“ ვიზუალურ მასალას გაეცნო, უარი განუცხადა ბანერების განთავსებაზე და ხელშეკრულება გააუქმა.

„კომპანიამ უარის ერთერთ მოტივად დაასახელა ის, რომ ჰომოფობიის საწინააღმდეგო და თანასწორობის შინაარსის შემცველი ბანერები გაზრდიდა ვანდალიზმის საფრთხეს და რისკის ქვეშ დააყენებდა გაჩერებებზე მყოფი მგზავრების უსაფრთხოებას“, – აცხადებდა მაშინ „თანასწორობის მოძრაობა“ და უარს დაუსაბუთებლად მიიჩნევდა.

ორგანიზაციამ საქმე სასამართლოში გაასაჩივრა, 2019 წლის ნოემბერში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბიწაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი: დისკრიმინაციულად ცნო „ალმას” უარი ბანერების განთავსების თაობაზე [თუმცა ფირმა არ დაუჯარიმებია].

ამასთან, მოძრაობა „სირცხვილიამ“ და აქტივისტმა ანა ჭარხალაშვილმა გამოაქვეყნეს „ალმასთან“ სხვადასხვა პერიოდში წარმოებული მიმოწერა, როდესაც კომპანიამ უარი უთხრა ანტისაოკუპაციო და „სირცხვილიას“ ბანერების გამოქვეყნებაზე, რაც, მათი თქმით, სწორედ შინაარსში ჩარევას წარმოადგენდა.

რას ამბობს კანონი?

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED-ის) თანახმად, აღნიშნულ შემთხვევაში რამდენიმე პოტენციურად პრობლემური საკითხი იკვეთება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბანერზე უშუალოდ გამოსახულია მინიმუმ სამი საარჩევნო სუბიექტი, პოსტერს აქვს საარჩევნო შინაარსი“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ISFED-ის იურისტი ნინო რიჟამაძე.

ISFED-მა ცესკოს საჩივრით მიმართა ამ ბანერებთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სააგიტაციო მასალის დამზადებისა და გავრცელების წესი მკაცრად არის განსაზღვრული საქართველოს საარჩევნო კოდექსით.

კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ბეჭდვით სააგიტაციო მასალაზე აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი და დამკვეთი ორგანიზაციების სახელწოდებები, მისამართები, ინფორმაცია მისი ტირაჟის, რიგითი ნომრისა და გამოშვების თარიღის შესახებ.

ამ ინფორმაციის მითითების გარეშე ბეჭდვითი სააგიტაციო მასალის გავრცელება აკრძალულია. აღნიშნულ ბანერს კი მსგავსი ინფორმაცია არ ერთვის.

[თავის მხრივ, საარჩევნო კოდექსი პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას განმარტავს, როგორც რეკლამას, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას. შესაბამისად, მარტივად რომ ითქვას, „ანტირეკლამაც“ რეკლამად ითვლება].

ნინო რიჟამაძის თანახმად, მართალია, კომპანია არ უნდა ერეოდეს რეკლამის კონტენტში, ანუ მის შინაარსში და ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ დამკვეთია, თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციამ მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს, რამდენად კანონიერი იყო ზემოხსენებული ინფორმაციის [დამკვეთი, მისამართები, რიგითი ნომერი] გარეშე ბანერების განთავსება.

უკანონო შემოწირულობა?

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე გეგმავს, მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს აღნიშნული ბანერების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

„აგიტაციის გაწევა კანონით დაშვებულია არა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტებისთვის, არამედ მესამე პირის მიერაც. ის არის უფლებამოსილი, გასწიოს ამისთვის სახსრები. თუმცა საამისოდ არსებობს დადგენილი ლიმიტი“, – ამბობს ნინო რიჟამაძე.

ეს საკითხი უკავშირდება პოლიტიკური პარტიებისთვის/სუბიექტებისთვის შეწირული თანხის ლიმიტებს. კერძოდ, ფიზიკურ პირზე ეს ლიმიტი 60 000 ლარია, იურიდიულ პირზე კი – 120 000.

ნინო რიჟამაძე იხსენებს:

„2018 წელს გვქონდა ანალოგიური შემთხვევა, როცა იმავე შინაარსის ბანერები გამოიფინა. ჩვენ მაშინ მივმართეთ აუდიტის სამსახურს და მოვითხოვეთ ამ ხარჯების წარმომავლობის გარკვევა. მათ გაარკვიეს, რომ გარკვეულმა ბიზნესმენმა ეს ხარჯი დაადეკლარირა, როგორც შემოწირულობა, დაახლოებით 52 000 ათასი ლარის ოდენობით“.

ISFED-ის იურისტის თანახმად, მაშინ დასახელებული თანხა ლიმიტის ფარგლებში ექცეოდა, ახლა კი ეს საკითხი გასარკვევია: „უფრო მასშტაბურია თითქოს ეს კამპანია“.

როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ განუცხადა „რადიო თავისუფლებას“, თითო ბანერის ფასი დაახლოებით 2,000 აშშ დოლარია, მასშტაბის გათვალისწინებით კი, სავარაუდოდ, 60 000-ლარიანი ლიმიტი ამოწურულია.

იმის გათვალისწინებით, რომ პლაკატები გაკრულია თბილისში, რუსთავში, გორსა და ქუთაისში, „ამიტომ ჩვენ კვლავ მივმართეთ აუდიტის სამსახურს, რომ შეისწავლონ ამ ხარჯების წარმომავლობა და ოდენობა“, – უთხრა „ნეტგაზეთს“ ნინო რიჟამაძემ.

ორგანიზაციის ხედვით, თუკი დადგინდა, რომ ხარჯები 60 000 ლარს სცდება, ეს ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად და შემწირველი ვალდებულია, თანხა ორმაგი ოდენობით დააბრუნოს.

გამოხატვის თავისუფლება?

წინა შემთხვევებში, როდესაც ქუჩებში მსგავსი ბანერები განათავსეს, არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებდნენ სიძულვილის ენაზე, რომელთაც ხსენებული ბანერები და პლაკატები შეიცავს.

ISFED-მა და TDI-მ ივლისში განაცხადეს, რომ „ამგვარი შინაარსის პოსტერების გავრცელება რისკს უქმნის მომავალი საარჩევნო კამპანიის მშვიდ ვითარებაში წარმართვასაც და პოლარიზაციის რისკების გათვალისწინებით ხიფათს წარმოადგენს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესებისთვის“.

ნინო რიჟამაძე ამჟამადაც მიუთითებს ამ რისკზე და ამბობს:

„იქიდან გამომდინარე, რომ – ერთი მხრივ, ასეთმა კამპანიამ შეიძინა ტრადიციული ხასიათი, უფროდაუფრო ამძიმებს წინასაარჩევნო გარემოს და ამ გამძაფრებული პოლარიზაციის ფონზე სიძულვილის წახალისების რისკებს ქმნის, მეორე მხრივ კი საარჩევნო კოდექსით აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციის დროს ძალადობის პროპაგანდა, – მივმართეთ ცესკოს, იმსჯელოს კომისიის ფორმატში და მისცეს შეფასება ამ ბანერების კანონიერებას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პრაქტიკას შესაბამისი შეფასება ჰქონდეს“.

NCDC-ის კრიტიკა

აღსანიშნავია, რომ „ალმა“ გააკრიტიკა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, რადგან, უწყების თანახმად, აღნიშნული ბანერებით ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერები ჩაანაცვლეს.

კერძოდ, NCDC-მ 20 სექტემბერს კომპანიას გაუგზავნა წერილი, სადაც წერია:

„კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება, ამავდროულად ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას“.

NCDC აცხადებს, რომ კომპანიასთან სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, „ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა“.

„ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია“.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაითავისებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას და ადამიანს აქვს“, — განაცხადა მოგვიანებით NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

ნახეთ ასევე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/350288/

მასალების გადაბეჭდვის წესი