ახალი ამბები

ევროპულმა საქართველომ „ალმას“ უჩივლა

18 ოქტომბერი, 2021 • 1496
ევროპულმა საქართველომ „ალმას“ უჩივლა

„ევროპულმა საქართველომ“ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო სარეკლამო კომპანია „ალმას“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისში, სწორედ „ალმას“ კუთვნილ ბილბორდებზე გააკრეს ოპოზიციის მადისკრედიტებელი ე.წ. სისხლიანი ბანერები.  კომპანიას არ დაუსახელებია, თუ ვისი დაკვეთით გააკეთეს ეს.

პარტიაში ამბობენ, რომ „ალმამ“ კონტრაქტის პირობების დარღვევით უარი განაცხადა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ბანერის განთავსებაზე, რომელიც პოლიტიკურ სატირას შეიცავდა.

„სწორედ ამიტომ, კომპანია „ალმას“ მოუწევს „ევროპული საქართველოსთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება“, — ამის შესახებ „ევროპულის საქართველოს’ წევრებმა, გიორგი ნონიაშვილმა და ბესიკ დონაძემ, საქალაქო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საუბარია ბანერზე, რომელიც ჯორჯ ორუელის წიგნის, „ცხოველების ფერმის“ სულისკვეთებითაა დახატული. მასზე ბიძინა ივანიშვილის სილუეტს ღორის ყურები და დინგი აქვს მიხატული.

„ჩვენ შევუკვეთეთ კომპანია „ალმას“ ბილბორდები, რათა ჩვენი პოლიტიკური სატირა თბილისის ქუჩებში გამოეფინა მაშინ, როდესაც ისინი სამარცხვინო სისხლიან ბანერებს აკრავდნენ. კომპანია „ალმამ“, რომელსაც მთელი თბილისის ბანერები ეკუთვნის და წარმატებულად აქვს დალაგებული ოცნებასთან, უარი თქვა ჩვენი კამპანიის ნაწილის პოლიტიკური სატირის გამოქვეყნებაზე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სწყენოდა და ძილი არ დაფრთხობოდა“, – ამბობენ პარტიაში.

ნონიაშვილისა და დონაძის თქმითვე, ბოლო 2 კვირის განმავლობაში პარტია მოუწოდებდა „ალმას“, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება – „რაც არ გააკეთეს, რაზეც არანაირი ახსნა-განმარტებაც არ გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ ნათლად ვიცით, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი“.

რაც შეეხება უშუალოდ ხელშეკრულების ნაწილს, პარტიაში ამბობენ, რომ კომპანიას 29 სექტემბერს მიმართეს ბანერების განთავსების მოთხოვნით, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

„30 სექტემბერს თვითონვე მოისურვეს უკვე წერილის მოწერა, იმის განმარტება, რომ მზად იყვნენ, ჩვენი დაკვეთა მიეღოთ. ამის შემდეგ მივედით „ალმაში“, შევთანხმდით პირობებზე, გავაფორმეთ ხელშეკრულება. ამის შემდეგ „ალმამ“ ორჯერ შეცვალა ხელშეკრულების პირობები და ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები გააუარესა ანუ მისი გარკვეული პირობები ჩადო, თუმცა ჩვენ ორივე გაუარესებულ შეთანხმებას დავთანხმდით, ხელშეკრულება გავაფორმეთ, ხელიც მოვაწერეთ, თანხაც გადავიხადეთ.  „ევროპული საქართველოს“ ხელშეკრულების მიხედვით ნაკისრი ყველა პირობა პირნათლად იქნა შესრულებული, მაგრამ „ალმამ“, რომლის მეპატრონეებიც არიან „ქართულ ოცნებაში“, ითაღლითეს, მოგვატყუეს და ხელშეკრულების პირობები დაარღვიეს.

დღევანდელი სარჩელი ეხება ამ ხელშეკრულების დარღვევას, „ალმას“ მოუწევს პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე, ჩვენთვის ზიანის მოყენებისთვის მოუწევს თანხის ანაზღაურება და ამასთან ერთად „ალმა“, როგორც კომპანია, მიიღებს ძალიან დიდი რეპუტაციულ ზიანს, რადგან ისინი ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ბინძური შეკვეთის შემსრულებლები არიან. ის კანონპროექტი, რომელიც ალმამ შეიტანა პარლამენტში, ეს არის სრული ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კანონმდებლობით ძალადობის მოწოდება, ზიზღის გაღვივება და ა.შ. უკვე იკრძალება“ ,- განაცხადა ბესიკ დონაძემ


ოპოზიციის საწინააღმდეგო ე.წ. სისხლიანი ბანერების თავის ბილბორდზე გამოკვრის შემდეგ, კომპანია „ალმამ“ მოითხოვა, კანონით აიკრძალოს სიძულვილის შემცველი გარე რეკლამების გავრცელება.

„ალმას“ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, გარდა აკრძალვისა, რეკლამის გამავრცელებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი