ახალი ამბებისაზოგადოება

“ევროპული სტილის” კამპანიიდან ენმ-ის “დასრულებამდე”

20 ოქტომბერი, 2021 • 2639
“ევროპული სტილის” კამპანიიდან ენმ-ის “დასრულებამდე”

“მე, როგორც ერთი რიგითი პოლიტიკოსი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, მერობის კანდიდატი, მზად ვარ გადავდგა კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ ეს პოლარიზება ნელ-ნელა”, – რ2-ის ეთერში კახა კალაძის მიერ გაკეთებული ამ განცხადებიდან სამ დღეში, 18 ოქტომბერს, “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო გაავრცელა ჰეშთეგით #ნაცობასირცხვილია და წარწერით “დავასრულოთ ნაცები”.

მოგვიანებით კი ამავე გვერდზე გავრცელდა კახა კალაძის მიმართვა, სადაც თბილისის ამჟამინდელმა მერმა და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა საზოგადოებას მოუწოდა 30 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ და “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც “ბოლშევიზმის, ბოროტების, სიძულვილის და სიცრუის” “დასრულებისკენ”.

რა შეიცვალა?

აგრესიული განცხადებები არჩევნების პირველ ტურამდე და მას შემდეგაც მრავლად კეთდებოდა როგორც მმართველი პარტიის, ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდანაც. თუმცა კახა კალაძე წინასაარჩევნოდ ხშირად უსვამდა ხაზს, რომ მისი კამპანია საარჩევნო პროგრამასა და მერობის დროს გაკეთებულ საქმეებზე იყო ორიენტირებული და არა “დესტრუქციაზე”.

15 ოქტომბერს კალაძის მიერ პოლარიზაციის დასრულების შესახებ გაკეთებული განცხადება კი მიანიშნებდა, რომ თითქოს მმართველი პარტია და მათ შორის თავად კალაძე მეორე ტურამდე ნეგატივზე ორინეტირებული კამპანიისგან თავის შეკავებას გეგმავდა, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ეს მიდგომა სამ დღეში შეცვალა.

რატომ გადაწყვიტა “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად კვლავ გაეაქტიურებინა აგრესიული კამპანია და კონკურენტი პარტიის ღიად დისკრედიტაცია? რა შედეგები შეიძლება მოუტანოს მმართველ პარტიას ასეთმა მიდგომამ და რა გავლენას ახდენს წინასაარჩევნოდ აგრესიული რიტორიკის გამოყენება პარტიებსა და ამომრჩეველზე?

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” მკვეთრად აგრესიულ და ნეგატიურ კამპანიას მაშინ მიმართავს, როდესაც ხედავს, რომ არჩევნებისთვის საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მაქსიმალურად სჭირდება და აღარ ფიქრობს იმ “დაბალანსებულ” ამომრჩეველზე, რომელსაც არ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია პარტიის მიმართ.

პოლიტიკის ანალიტიკოს შოთა კაკაბაძეს ამის მაგალითად მოჰყავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, როდესაც პირველად გამოჩნდა “სისხლიანი ბანერები”. მაშინ მეორე ტურში ენმ-ის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი, თუმცა “ოცნებისგან” მხადაჭერილი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი გადავიდნენ.

შოთა კაკაბაძე
შოთა კაკაბაძე

2018 წლის ბანერებზე გამოსახული იყო მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, მეგის ქარდავა, ზურაბ ადეიშვილი და ნიკა გვარამია, წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას”.

მსგასვსი ბანერები, სადაც ამჟამად ექსპრემიერი გიორგი გახარიაც მიამატეს, 2021 წლის არჩევნებზეც გამოჩნდა, თუმცა ბანერების გამოკვრას “ოცნება” მაშინაც უარყოფდა და ახლაც, ხოლო შინაარსს არ ემიჯნებოდა.

https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2021/10/სისხლიანი-ბანერები-2018-წელი.jpg

“თუ დავაკვირდებით ბოლო რამდენიმე წელს, დავინახავთ, რომ მაგალითად, ის [“სისხლიანი”] ბანერები გამოჩნდა არჩევნების მეორე ტურისთვის [2018 წელს]. ანუ პირველი ტური არ იყო ისეთი რადიკალური და როცა დაინახეს, რომ სალომე ზურაბიშვილის და “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის შედეგები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, გამოჩნდა რადიკალური დისკურსი.

ახლაც, მეორე ტურებში, როდესაც გამოჩნდა, რომ ბევრ დიდ ქალაქში ოპოზიციის და “ოცნების” კანდიდატების შედეგები საკმაოდ ახლოსაა, დაიწყო ისევ რადიკალური დისკურსი არა მხოლოდ ბანერების, არამედ პოლიტიკოსების განცხადებების სახითაც”, – განმარტავს კაკაბაძე “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, სწორედ ამ შედეგებიდან გამომდინარე შეცვალა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის სტილი და შედარებით დაბალანსებული კამპანიიდან უფრო რადიკალურისკენ გადაინაცვლა.

კომუნიკაციების სპეციალისტი, გიორგი ავალიანი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” და ოპოზიცია აგრესიული კამპანიით იმ ამომრჩევლის “შემოკრებას” და გააქტიურებას ცდილობს, ვინც ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად არ არიან ჩართული, თუმცა კონკრეტული პარტიის მიმართ უარყოფითი განწყობები აქვთ.

გიორგი ავალიანი, ფოტო: კადრი
გიორგი ავალიანი, ფოტო: კადრი “მარკეტერის” ვიდეოდან

მისი განმარტებით, ხშირად ადამიანების ყურადღებას სწორედ უარყოფითი რაღაცები იპყრობს:

“პოლიტიკური პარტიებს აქვთ პოზიტიური კამპანიებიც, თუმცა პარალელურად არის უარყოფითი კომუნიკაციაც, რომელიც შეიძლება რაოდენობრივად იმდენი არ იყოს, როგორც, მაგალითად, “სისხლიანი ბანერები”, მაგრამ ადამიანები ყურადღებას მეტად ამახვილებენ ამ ბანერებზე, ვიდრე “მომღიმარი კანდიდატების” სურათებზე, რომელიც ბევრად მეტი იყო”, – ამბობს ავალიანი “ნეტგაზეთთან”.

თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა ასეთმა აგრესიულმა კამპანიებმა ამომრჩევლების ნაწილზე უარყოფითად იმქომედოს, რადგან “როდესაც ამ ორივეს ერთად აკეთებენ, ხვდები, რომ შეიძლება ის ღიმილიც ყალბი იყოს და მერე ეს იმედებიც გიცრუვდება”.

“ევროპული სტილის” კამპანიიდან ენმ-ის “დასრულებამდე”

18 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კალაძე საუბრობს იმის შესახებ, რომ გასული 2 თვის განმავლობაში თბილისელებს დეტალური ანგარიში ჩააბარა და წარუდგინა სამომავლო გეგმები. ამ დროის განმავლობაში კი უპრეცედენტო სიძულვილისა და ტყუილების მსხვერპლი გახდა ოჯახთან ერთად. მიუხედავად ამისა, კალაძის თქმით, მან გადაწყვიტა ბოლომდე ეწარმოებინა “ევროპული სტილის საარჩევნო კამპანია, რომელიც მიმართული იქნებოდა არა ოპონენტების ნაკლოვანებებისა და მანკიერებების წარმოჩენისკენ, არამედ თბილისელებისთვის ქალაქის განვითარების ყველაზე დახვეწილი და კარგად გააზრებული გეგმის შეთავაზებისკენ…”.

ამის შემდეგ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი საუბარს აგრძელებს კონკურენტი პარტიის და კანდიდატის კრიტიკით. კალაძე მიმართვაში აცხადებს, რომ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს ქვეყნისთვის კარგი არაფერი გაუკეთებია და “გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა”.

ხოლო ენმ-ზე საუბრისას კალაძე ამბობს, რომ “თბილისმა განაჩენი დიდი ხნის წინ გამოუტანა” მათ, მაგრამ მას დღესაც უწევს შეხსენება, “როგორ ხდებოდა მოქალაქეების ღირსების შელახვა, ძალადობა, ტერორი, საკუთრების ხელყოფა, უდანაშაულო ახალგაზრდების მკვლელობა, სიტყვის თავისუფლების ფეხქვეშ გათელვა, მედიის დარბევა, ცინიზმი, ტყუილი, რეკეტი…” ენმ-ის მმართველობისას.

საუბრის ბოლოს კი კალაძე საზოგადოებას 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ მხარი არ დაუჭირონ ენმ-ს, რათა “სამუდამოდ დაამთავრონ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს “ნაციონალური მოძრაობა” ამ ქვეყანაში”.

პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა ფიქრობს, რომ კალაძის ამ მიმართვის ძირითადი მიზანი სხვა მუნიციპალიტეტებში მეორე ტურში გადასული კანდიდატების მხარდაჭერაა. მე-2 ტურები ქვეყნის მასშტაბით 20 ოლქში გაიმართება.

ბაკურ კვაშილავა
ბაკურ კვაშილავა

კერძოდ, კვაშილავას განმარტებით, “ევროპული სტილის” კამპანიის გამო კალაძე შესაძლოა ამომრჩევლისთვის “ქართული ოცნებისგან” უფრო განყენებულ ფიგურად ყოფილიყო აღქმული და მეორე ტურისთვის დადგა იმის ჩვენების საჭიროება, რომ “ქართული ოცნება” ერთი გუნდია.

“კალაძე ახლა ასრულებს უფრო ლოკომიტივის ფუნქციას, რომელიც ამბობს, რომ განსხვავებული კი არ არის, როგორც ჰგონიათ, არამედ აჩვენებს, რომ ერთი გუნდი არიან”, – განმარტავს კვაშილავა “ნეტგაზეთთან”.

თუმცა კვაშილავა ფიქრობს, რომ აგრესიული რიტორიკით კალაძე იმ ამომრჩეველს დაკარგავს, ვინც მას მხარ სუჭერდა შედარებით დაბალანსებული და საქმეზე ორიენტირებული კამპანიის გამო.

“არის რაღაც კატეგორია, რომელმაც იმიტომ მისცა კალაძეს ხმა, რომ არ მოსწონდა ნიკა მელიას აგრესიული ტონი. ამიტომ, დიდი ალბათობით, ის სეგმენტი, ვინც თავად, ყოველგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე წავიდა და კალაძეს მისცა ხმა, უარს იტყვის არჩევნებში აქტიურ მონაწილეობაზე”, – ამბობს კვაშილავა.

რაც შეეხება კალაძის მიერ სამ დღეში შეცვლილ რიტორიკას, გიორგი ავალიანი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს პარტიის დაკვირვებას, რომლის შედეგადაც “ქართულმა ოცნებამ” აღმოაჩინა, რომ საზოგადოებაში კალაძის განცხადებას პოლარიზაციის დასრულების შესახებ დადებითი გამოხმაურება არ მოჰყვა.

თავად კალაძემ კი 19 ოქტომბერს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ “რიტორიკა არასდროს შეუცვლია” და “პოლიტიკური აგრესიისგან დაცლილ იდილიაზე” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობა” არასდროს განუხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი