თბილისში კვლავ გამოჩნდა პლაკატები მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსების სახეებით.
პლაკატებზე, რომელზეც წერია, „უკვე მოკლეს; უკვე გაძარცვეს; უკვე გაანადგურეს“, რამდენიმე მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსია გამოსახული. ესენი არიან: დავით კეზერაშვილი, დიმიტრი შაშკინი, მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ბაჩო ახალაია, ლაშა ფარულავა [აქტივისტი].
ნეტგაზეთთან კომენტარში ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პლაკატები დღეს დილით გამოჩნდა. ამ დროისთვის მისთვის არსებული ინფორმაციით, პლაკატები გააკრეს ავლაბრისა და სარაჯიშვილის მეტროს მიმდებარედ – „თუმცა, ალბათ ყველგანაა გაკრული.“
„დრამატურგიულად ცოტა რაღაცები აკლია, მაგალითად, სისხლის წვეთები ან ეშვები. სასაცილოა, ხაბეიშვილმა რომ მოკლა თითქოს ვინმე ან გაანადგურა, გაძარცვა.. მგონია, რომ ხელისუფლებას მაინც აწუხებს ის, რასაც ვაკეთებთ. მათ შორის, ის ანტიკორუფციული მოძრაობა, რომელიც დავაფუძნეთ. იქ არის კიდეც ამ მოძრაობის ლიდერი – ლაშა ფარულავა. აწუხებთ ჩვენი საქმიანობა.
საქმიანობა, რომელიც ეხება მათი ქურდობის მხილებას, იმას, რომ ჩვენ, ხალხს გვძარცვავენ. იმის ფონზე, რომ მოსახლეობას ყველაფერი უძვირდება, ეს ხალხი მილიარდებს შოულობს. და არა მარტო ვამხელთ ადგილობრივ დონეზე, არამედ საერთაშორისო დონეზეც აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. სავარაუდოდ, იგრძნეს ეს კონკრეტული საფრთხეები და, სავარაუდოდ, ამას ემსახურება, დისკრედიტაცია რომ მოახდინონ“, – აცხადებს ის.
„სისხლიანი ბანერები“ თბილისში
ოპოზიციის საწინააღმდეგო “სისხლიანი ბანერები” პერიოდულად ჩნდება ხოლმე თბილისში ძირითადად საარჩევნო კამპანიების მიმდინარეობისას.
ბოლოს თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გამოჩნდა. 17 სექტემბრის ღამით გამოკრულ ბილბორდებზე წერია ტექსტი- “არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, წითლად შეღებილ ფონზე კი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოები არის დატანილი. “პრაიმთაიმის” ცნობით, იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფინანსებელი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.
სარეკლამო კომპანია “ალმა” აცხადებდა, რომ ოპოზიციის საწინააღმდეგო „სისხლიანი“ ბანერები მისთვის მიუღებელია, თუმცა რეკლამის შინაარსთან არასდროს არანაირი შეხება არ აქვს.
ნახეთ ასევე: