მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხაი პოპშოიმ დღეს, 25 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა.

მისი თქმით, სწორედ სამოქალაქო საზოგადოებამ, დამოუკიდებელმა მედიამ და ადგილობრივ დონეზე მოქმედმა ორგანიზაციებმა შეინარჩუნეს მოლდოვაში ევროპული ინტეგრაციის იდეის ცოცხალი „ჩირაღდანი“ ქვეყნისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში.

მინისტრმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც მოლდოვა საკუთარი დემოკრატიის უცხოური მავნე გავლენებისგან დაცვის პროცესში აღმოჩნდა, განსაკუთრებით არჩევნების დროს. მან ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი მედიის როლს უცხოეთიდან საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობების გამოძიებასა და გამოვლენაში.

ასევე აღნიშნა ადგილობრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მნიშვნელოვანი წვლილი იმ პრობლემებისა და საჭიროებების მოგვარებაში, რომელთა დაკმაყოფილებასაც სახელმწიფო ვერ ახერხებს.

რეგიონში უსაფრთხოების მზარდად რთულ ვითარებაზე საუბრისას მინისტრი მოლდოვაში დრონების ბოლო აღმოჩენის ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს გარემოებები კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ ვითარებას. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, მოლდოვა მტკიცედ დგას საკუთარი დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გარე ჩარევისგან დაცვის გზაზე. მიხაი პოპშოიმ მადლიერება გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართაც მათი უწყვეტი წინააღმდეგობისა და ბრძოლის გამო. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინის წვლილზე რეგიონული უსაფრთხოების დაცვაში და აღნიშნა, რომ უკრაინელები „ყველას გვიცავენ“.

მომავალზე საუბრისას მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში მოლდოვა დაიბრუნებს კუთვნილ ადგილს ევროკავშირში და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდება. მისი თქმით, ქვეყანა ამ პროცესში საკუთარ, შესაძლოა მცირე, თუმცა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.

მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის და მოუწოდა, კიდევ უფრო გააძლიერონ ძალისხმევა იმ საქმისთვის, რომელსაც ემსახურებიან, რადგან, როგორც თავად აღნიშნა, მათ ყველაზე უკეთ იციან, რომ ეს სამართლიანი და ღირსეული საქმეა.